Skip to content

გსურთ იყოთ ბედნიერი? იყავით

 საწუთრო თუმცაღა ძალიან სწრაფია
და ფრიად მუხთალი, ვითარცა უბნობენ;
წარსული თაფლია, მერმისი თაფლია,
წარსული მერმისზე ტკბილია უფრორე…
აწმყოა მარტოკა, – სიტკბო რომ აკლია
(ვინ იცის, აქვს კიდეც და მე ვერ ვუპოვე).
– მუხრან მაჭავარიანი
ბედნიერები ვიყავითო გავიძახით და წარსულ წამებს მივსტირით – ბედნიერები ვიქნებითო და ყოველივე ახალს მოუთმენლად ველოდებით, არადა არასოდეს დავფიქრებულვართ, რომ იმ წამებს ოდესღაც აწმყო ერქვათ – და ის მომავალი წამებიც აწმყოდ იქცევა ბედნიერების პროცესში.
დიახ, ბედნიერება მხოლოდ აწმყოშია, ახლა და აქ – მხოლოდ ჩვენშია და არა სხვა ადგილას და სხვა დროს – ფულში, კარიერაში, სხვა ადამიანებსა და ოცნებებში.
იგი არაა რაიმე მისტიური, ღვთაებრივი და მიუწვდომელი – ბევრად უბრალოა, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ ხოლმე, უბრალო საგნებშია, ჩვეულებრივ და ყოველდღიურ ცხოვრების რიტმში და ალბათ ამიტომაცაა უხმო და შეუმჩნეველი.
ბედნიერება მზამზარეული რეცეპტი არაა. (ასე რომ იყოს ხომ ყველა და ყოველთვის ბედნიერი იქნებოდა). იგი ადამიანის გონებრივი მდგომარეობაა, რომელიც ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ყალიბდება.
და ამ გადაწყვეტილებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ვიყოთ ბედნიერი..
გამოიყენო ყველა შესაძლებლობა და თავიდან მოიცილო ის, რაც ბედნიერების მიღწევაში გიშლის ხელს, რასაკვირველია უშრომელობასა და უმოქმედობას არ გულისხმობს. ხშირად საჭიროა იტანჯო კიდეც  იმისათვის, რომ გახდე ბედნიერი. წამლად მარკესის სიტყვები მახსენდება:  “ჭეშმარიტი ბედნიერება იმაშია, თუ როგორ ადიხარო ციცაბო წვერვალზე”  – ალბათ ყველა ტკივილშია ბედნიერების მარცვლები.
არისტოტელემ “ეთიკებში” ბედნიერებას ადამიანის ცხოვრების მიზანი უწოდა, მართლაცდა ბედნიერება, მუდმივი მიზანია რომლისკენაც ყველა ჩვენგანი ვესწრაფვით და თუ ასეა ვეცადოთ ნუ დავკარგავთ ამ შანსს.
თუ გაქვთ შესაძლებლობა იყოთ ბედნიერი – გამოიყენეთ. თუ შეგიძლიათ უკეთესობისაკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება – იმოქმედეთ… არავის და არასდროს დაუთმოთ თქვენი  ბედნიერება..!
გადადგით გაბედული ნაბიჯები და გახსოვდეთ, თქვენი არჩევანი რომ იყოთ ბედნიერი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბედნიერების მოპოვების პროცესში…
– გსურთ იყოთ ბედნიერი?
– იყავით!
ავტორის შენიშვნა: “გსურთ იყოთ ბედნიერი? – იყავით” გამონათქვამი ეკუთვნის ლევ ტოლსტოის