Skip to content

გაქცევა საკუთარი თავისგან და შოშია ელდარის სიბრძნე

(მაინც, რად უნდოდა ეს ორი სათაური?! ავტ. :))))) … )

შერეულ ტყეში, მსუბუქ რტოებთან ნიავის ფლირტი გულამოვარდნილი მსტოვრის ქოშინმა უხერხულად დაარღვია. განაბული შოშიები ფოთლებს ამოეფარენ. ახალგაზრდა მამაკაცის დახეულ კედებსა და შარვლის ტალახიან ტოტებზე ადვილი მისახვედრი იყო, რომ ბევრი ურბენია. ადგილ-ადგილ მაისურიც გახეოდა და სიჩქარეში გზის გაკვალვისას დაკაწრულ კანზე ჯერ კიდევ არშემშრალი სისხლის წვეთები შეინიშნებოდა. ახალგაზრდა კაცი რომელიღაც სქელტანიან ხეს ამოეფარა და მის ძირში მიეგდო ჯერ კიდევ გულვერდამშვიდებული.

შოშიებმა კისრები წაიგრძელეს შიშნარევი ინტერესით და ავტომატურად გახედეს იმ მხარეს, საიდანაც კაცი მორბოდა, თუმცა, ჯერ მდევარი არსაიდან ჩანდა და მათაც მზერა ისევ მსტოვარს მიაპყრეს. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე პატარა შოშია, სახელად ცქნაფა, ყველაზე ახლოს მოისკუპდა და ყურადღებით დაუწყო თვალიერება. კაცი უძრავად იწვა მიგდებული, გაშტერებული, ღრმად სუნთქავდა, დროდადრო ოხრავდა, ხან თვალის სავსე უპეებიდან ცრემლი გადმოეღვრებოდა, ეტყობოდა, რომ რაღაც დიდი შიში ან დიდი ტკივილი ენახა, მალმალე უკან იხედებოდა, თითქოს მდევრის მალე გამოჩენას ელოდა. ცოტა ხანში დაქანცულს მიეძინა. დროდადრო ხტოდა ძილში და რაღაცას წამოიყვირებდა ხოლმე, შემდეგ ბავშვივით მოიკუნტებოდა. შოშიები გაკვირვებულები უყურებდნენ და ვერ გაეგოთ, ასეთმა რამ დააფრთხო ეს ადამიანი…

ტყეში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, შოშიები დუმდნენ ჩაფიქრებულები, ნიავმაც კი ყბები მუშტებზე შემოალაგა და ინტერესით დაელოდა მოვლენების განვითარებას. მალე, ქალაქიდან ახალგაზრდა ბრგე შოშია მოფრინდა – ელდარი. ჯერ თანამოძმეების განაბულ სახეებს შეხედა, შემდეგ მსტოვარი შენიშნა და თქვა:
აჰ, ეს ვიცი, ვინც არის… ვიცნობ… გამოქცეულია…

საიდან?! საიდან?! – დაესივნენ შოშიები – ვინ მოსდევს?! რა აწუხებს?! რამ დააფრთხო?! რას გაურბის?!

უცნაურები არიან ეს ორფეხები, რა… ჯერ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ეძებდა, როგორც იქნა იპოვნა და მთელი სისწრაფით მორბის იქიდან…

როგორ, რასაც ეძებდა ის იპოვნა და ახლა იმისგან მორბის?!

კი, იმისგან მორბის ზუსტად და არ იკითხავთ რატომ?! ეშინია რადიკალური ცვლილებების… შენ რომ იყო ნამდვილი “შენ”, იცხოვრო ისე, როგორც შენს გულს სწადია, უნდა შეიცვალო თავად, შეცვალო გარემოცვა, ჩვევები, აზრებიც კი, მოკლედ, ბევრი შინაგანი სამუშაო უნდა ჩაატარო. როცა ადამიანი გადაწყვეტს იპოვნოს საკუთარი თავი და აირჩიოს ნამდვილი ბედნიერების გზა ანუ ის გზა, რომელიც მისია, მას უწევს ბევრ დაბრკოლებასთან შეჯახება, თითქოს სარკეში უყურებს საკუთარ თავს, მას უწევს მისი ყველაზე ბნელი შიშებისთვის თვალებში ჩახედვა და მანკიერ ხასიათთან შებრძოლება, უწევს არასწორი სტერეოტიპების დამსხვრევა და ტოქსიკურ პრინციპებზე, არნახულ სიჯიუტეზე უარის თქმა, რაც მისთვის სკალპის ახდის ტოლფასია! ცხადია, იმხელა სამუშაო არის შესასრულებელი, რომ გული უსკდება, თვლის, რომ ვერ შეძლებს, არადა როგორ უყვარს სხვების ჭკუის დარიგება, რომ “ღმერთი იმაზე დიდ განსაცდელს არ მოგივლენს, ვიდრე დათმენა შეგიძლიაო”, ახლა კი თავად სჭირდება ძალის მოკრება…

მაინც, ასე რა მოარბენინებდა, გული რომ ამოვარდნაზე აქვს?! დარწმუნებული ხარ, რომ არავინ მოსდევს?!

როგორ არ მოსდევს… ბედნიერება მოსდევს, ეს კი ემალება… ეშინია ცვლილებების, რადგან როგორც წესი ეს ტკივილთან არის დაკავშირებული, მას კი ეშინია ტკივილის და ამ შიშის გამო წინ ვერ იყურება, ვერ ხედავს იმ სამყაროს, რომელიც ელოდება. ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილი ცხოვრება დაიწყოს, ვერ ელევა სოციალურ ნიღაბს, ატყუებს გარემოცვას, რომ ტკივილი არ მიაყენოს და არ დაანახვოს, რომ ის ახლა სხვაა, რომ მან ახლა თავისი თავი იპოვნა და უნდა, რომ სხვანაირად იცხოვროს. დროდადრო ცდილობს, რომ თავიც მოიტყუოს, იქნებ, ისევ ისე განაგრძოს ცხოვრება, როგორც აქამდე – ხომ კარგად გრძნობდა თავს?! მაგრამ ერთხელ რომ გაუგებ გემოს იმას, რაც ნამდვილად შენია, მერე ყველაფერი იცვლება… ახლა უნდა ისევ “გადმოაკეთოს” თავი, ისევ მოირგოს ნიღაბი, მაგრამ ეს ტყუილი მცდელობა სულ უფრო ღლის, რადგან გული სულ სხვა რამეს კარნახობს, თანაც იმდენად ჯიუტია, რომ მაინც ეძიძგილავება. რა ქნას, ადვილი არ არის იყო ისეთი, როგორიც ხარ, მითუმეტეს, თუ ეს შენს გარემოცვას შეიძლება არ მოეწონოს და არ მიგიღოს…

ვერაფერი გავიგეთ, როგორ აპირებს ამ “ნიღბის” ისევ ძალით გაკეთებას?! რაში სჭირდება?! არ უნდა, რომ უკეთესად იყოს?!

რით ვერ გაიგეთ, მას ეშინია… თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ აღარ არის ისეთი, როგორადაც ადრე იცნობდა საკუთარ თავს, სულ სხვანაირად დაინახა საკუთარი თავი და გრძნობს კიდეც, რომ ახალ გზას უნდა დაადგეს, მაგრამ ეშინია, რომ ტკივილს მიაყენებს მის გარემოცვას მისი ამგვარი ცვლილებით. ისინი ხომ მიეჩვივნენ ისეთს, როგორიც აქამდე იყო…

ამ გარემოცვას რაღა უნდა?!

This is Georgia…

აააააააააა… :)))

გარემოცვას არ უყვარს, როცა იცვლები, უცნაური პარადოქსით, მათ ყოველთვის უკეთ იციან, როგორი ხარ შენ, როგორი უნდა იყო, როგორად უნდა აჩვენო საზოგადოებას თავი, რით უნდა დაკავდე, ვისი რა გმართებს, რა არის შენი ვალი, პასუხისმგებლობა და ვაი შენ დღეს, თუ გადაწყვიტე, რომ აღარ იყო მათთვის მოსაწონი, არამედ, უბრალოდ, იყო ისეთი, როგორიც ხარ, თავს დაგაცხრებიან, გაგასამართლებენ, ჭკუას დაგარიგებენ, იმას გირჩევენ, რაც თავად არც არასოდეს გაუკეთებიათ და ვერც გააკეთებენ. მათ უკეთ იციან გამოსავალი, თუმცა თავად არასოდეს გამოუყენებიათ ეს “ცოდნა”… მათი რჩევა იაფფასიანია და უსარგებლო… ამასაც ურჩევნია ტყუილებით გაბეროს ისინიც და საკუთარი თავიც… განა არ უნდა, რომ სწორედ მოიქცეს? უბრალოდ, მას ეშინია, უბრალოდ, მას სტკივა და უფრო ნაკლებად მტკივნეული აირჩია, თუმცა კი – არასწორი…

რომ გამოიქცა, ამით რა?!

არც არაფერი… სამუდამოდ გამოქცეული ვერ იქნება, მოვა მომენტი და მიხვდება, რომ არც არავინ მისდევდა, რომ ის არავის წინაშე არ არის ვალდებული და ფსიქოლოგიურ მონობაში თვითონ აყენებს თავს. არავინ ეკუთვნის არავის და ვერავინ დაკარგავს ვერავის… ეს ჩვენ გვაქვს მარტივად საქმე – ღმერთმა მოგვცა ჩვენი ფუნქცია, სამყარო ჰარმონიული მელოდიით ავავსოთ, ჩვენი ცხოვრება სწორხაზოვანია, ადამიანს კი მისი კერძო ფუნქცია აქვს – იპოვოს საკუთარი თავი და მიჰყვეს გულს. უმეტესობა მათგანი ვირული სიჯიუტით ეჯინება ცვლილებებს და ცდილობს გული აქეთ მოაქციოს მის განწყობაზე, მაგრამ ეს კარგს არაფერს მოუტანს, მხოლოდ მორიგ უფსკრულამდე მიიყვანს… ცხოვრება ასეთია, მიჰყავხარ დინებით შენი ნამდვილი გზისკენ, რამდენჯერაც არასწორ გადაწყვეტილებას იღებ, იმდენჯერ მორევში დაგაბზრიალებს, კარგად გარტყმევინებს თავს, რომ მერე თქვა: – ჰო, ჰო, გავიგე, ახლა გავიგე, გიჯერებ, გიჯერებ, მართალი ყოფილხარ…

სევდიანი ამბავია, რა დასანანია, რომ ადამიანები ასე აწვალებენ საკუთარ თავს…

არამხოლოდ აწვალებენ… როცა ადამიანი არ მიჰყვება მის გულს, მის გზას, ის არღვევს სამყაროს პრინციპებს და ამით იმ სარგებელსაც აკარგვინებს სხვა ადამიანებს, რომელიც მას უნდა მოეტანა კაცობრიობისთვის… ზის ახლა აქ და მოთქვამს…

უჰ, გული დაგვიმძიმდა, ეს ვინ ყოფილა, ა?! იქნებ, დავეხმაროთ რამით?!

არაფერი უთხრათ… არც უსაყვედუროთ… ახლა მას ეშინია და ძალიან სტკივა… უნდა გაუგოთ, მაგრამ არ თანაუგრძნოთ, რადგან საკუთარი თავი მსხვერპლი არ უნდა ეგონოს… უნდა დაამშვიდოთ… აცალოთ, მანამ თვითონ მიხვდება, რომ ცვლილებები გარდაუვალია, ხოლო ის, რაც გარდაუვალია, არ შეიძლება საშიში იყოს… ახლა მას არაფერზე შეუძლია ფიქრი, ის აგონიაშია, სრულიად დაუცველი, როგორც პატარა ბავშვი… ეჰ, იმედი მაქვს მალე მოახერხებს ამ ფსიქოლოგიური ტყვეობიდან თავის დაღწევას განსაკუთრებული ტკივილების გარეშე… მე ვიცნობ ამ კაცს, ის იმსახურებს იყოს ბედნიერი და მგონია, რომ გაუმკლავდება ამ შინაგან ქაოსს… მას იმდენად აფრთხობს ეს მდგომარეობა, რომ უნდა ყველაფერი “თავისით” მოხდეს მისი მონაწილეობის გარეშე. კარგი იქნება, თუ ძალებს მოიკრებს და შინაგანი ხმის ძახილით იმოქმედებს დანაშაულის გრძნობის გარეშე. ის ახლა ვერ ხედავს, მაგრამ მას არაჩვეულებრივი მომავალი ელის, როცა გონს მოვა და გულს გაყვება…

ელდარ, შენ ქალაქში ცხოვრებას ბრძნად აუმეტყველებიხარ :)) …

ჰო, ხშირად ვუსმენ გონიერი ადამიანების საუბარს და კიდევ გალობას… თქვენთვისაც ახალი საჭიკჭიკო მელოდიები ჩამოვიტანე, მოდი ამ ახალგაზრდა კაცს ვუგალობოთ, იქნებ, ამით მაინც შევძლოთ დავამშვიდოთ და ცოტათი გავამხნევოთ კიდეც…

შოშიები ერთ გუნდად მოეწყვნენ, დირიჟორად ელდარი დადგა და პატარა რტოს ქნევით ანიშნებდა, როგორ ეგალობათ. აჭიკჭიკდნენ მთელი გულით, რადგან ძალიან უნდოდათ მათი წილი სიყვარული გაეზიარებინათ მისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ბუნება უზომოდ მზრუნველი და მოსიყვარულეა მათ მიმართ, ვინც გულით ეძებს სწორ გზასა და გამოსავალს და მსტოვარიც სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ამიტომ გამოუგზავნა მხსნელად ეს საყვარელი ჩიტუნები, რომ მათ გალობას კაცის გულის კუნჭულამდე მიეღწია. მძინარე მამაკაცს მათი სტვენა ტკბილად ჩაესმოდა, ნელნელა შეჭმუხნული წარბები ეხსნებოდა და სახეზე ღიმილი ეფინებოდა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ მალე გონს მოვიდოდა, გამხნევდებოდა, ძალას მოიკრებდა და აღარსად გაიქცეოდა… შოშიები კი გალობდნენ და გალობდნენ და ნიავიც ისევ კეკლუცად ეფლირტავებოდა ტანწერწეტა რტოებს…

სიყვარულითა და მელოდიური სტვენით,
თაკო მეფარიშვილი