Skip to content

განვითარება ყველაფერს სჭირდება და არც ტრადიციებია გამონაკლისი

ავირჩიეთ რადიკალიზმი და არავის გაგება აღარ შეგვიძლია…

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ხშირად ვისმენ შემდეგ სიტყვებს: ,,დღევანდელი ახალგაზრდობა სულ სხვანაირია’’, ,,ეს თაობა სულ გადაგვარდა’’, ,,მოხუცის პატივისცემაც აღარ იციან.’’ თანამოაზრეები, ერთმანეთის პოვნის შემდეგ, საუბარს განაგრძობენ და ყველაფერს ტრადიციების კონტექსტში განიხილავენ. მიდი, შეეკამათე, თუ გაბედავ და უზრდელის ისეთ იარლიყს მიგაკერებენ, შესაძლოა ტრანსპორტიდან ჩასვლის შემდეგაც ვერ მოიშორო. ამ საკითხზე საკმაოდ ბევრს ვფიქრობ. ნეტა რომელ ტრადიციას გულისხმობენ? ,,ქართულ სუფრაზე’’ წარმოთქმულ რელიგიურ სადღეგრძელოებს (აქ იმ ათეისტებს ვგულისხმობ, ,,სუფრაზე’’ ღმერთი რომ არ ავიწყდებათ)? იქნებ დღეს ერთსქესიანთა წყვილები უფრო აღელვებთ, თითქოს მაშინ არ იყვნენ და ეს ყველაფერი ევროპისკენ მიმავალი სწრაფი ნაბიჯების შედეგია.

ილია ჭავჭავაძეს შესანიშნავად იცნობენ. ,,კაცია-ადამიანი?!’’ შესაძლოა ზედმიწევნითაც კი იცოდნენ. შენ თუ მისი მოღვაწეობის წლები დაგავიწყდა (აქ ერთი ან ორი წლის ცდომილებას ვგულისხმობ), გაუნათლებლად ჩაგთვლიან. ილიას ევროპულ ოროენტაციაზე საერთოდაც არ საუბრობენ, ფიქრზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ,,ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა. წესი, ჩვეულება, აზრი, გრძნობა, ენა, რომელიც მაგათი გამომეტყველია. ყველაფერი იცვლება მის ძლიერი გავლენისგან.’’ მე ილიასთან, პირველ რიგში, ეს სიტყვები მახსენდება. მინდა იმ თაობასაც გავუგო, ჩემგან განსხვავებულად რომ ფიქრობს. ხანდახან ეჭვიც მეპარება, იქნებ მე ვიგებ ყველაფერს სხვანაირად, როგორც მე მინდა-მეთქი. არადა, არაფერი ცუდი არ მინდა. განვითარება მინდა, წინსვლა მინდა. ღმერთმა დაიფაროს, ერი პროგრესს არ განიცდიდეს.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ტრადიციები ჯერ კიდევ ,,მაშინ’’ დამახინჯდა. აი მაშინ, ადამიანი მონა რომ იყო და აზროვნება, ინდივიდუალიზმი – გაუგებარი ცნებები. სწორედ მაშინ მისცეს ,,ქელეხს’’ დღევანდელი სახე და რელიგიური დღესასწაულები ღრეობის საბაბად აქციეს.

ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ განვითარება ყველაფერს სჭირდება და არც ტრადიციებია გამონაკლისი. კიდევ რაღაც ვიცი… ტრადიცია და თანამედროვეობა უფრო ურთიერთშეთანხმებადი ცნებებია, ვიდრე ორი, სხვადასხვა რეჟიმში გაზრდილი თაობა. მუდმივად ვკამათობთ, ორივე მხარე ჩვენს სიმართლეს ვამტკიცებთ და ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ თაობათა შორის დაპირისპირება გარდაუვალი, ბუნებრივი და არსებითად აუცილებელი მოვლენაა. ჩვენც სხვანაირი ვართ მათი გადმოსახედიდან და არც ისინი არიან ჩვენნაირი. დრო დიდ პასუხისმგებლობას იღებს და ამ შემთხვევაშიც… ალბათ ყველაფერი ,,პოსტ’’- მა შეცვალა. რაღაც კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა წავიდეთ, მაგრამ მე მაინც ჩემი თანამედროვეობის გულშემატკივარი ვარ და, რა ვქნა, არ ვფიქრობ რომ ,, ცუდ გზაზე დგანან ’’. ვფიქრობ, ძველი მენტალიტეტისგან განთავისუფლება და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობის გააქტიურებაა საჭირო. ალბათ არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ, რომ აწმყოც წარსულისგან იშვა და მომავალი აწმყოსგან უნდა წარმოიშვას. ეს არის და ეს, რისი თქმაც მინდა, მკითხველო.

მეც რადიკალური ვიყავი და ალბათ ოპოზიციაში არცთუ ისე ცოტა მოხვდებით. ჩემი მიზანი თქვენი აზრის გაგებაა, იქნებ მეც ვცდები…