Skip to content

გამარჯობა, მამა! გამარჯობა, შვილო!

ეს უწყინარი, ჩვეულებრივი ფრაზა სინამდვილეში დიდი ენერგეტიკის მატარებელი სიტყვებია, რომელთაც ჩვენს ყოველდღიურობაში იშვიათად თუ გაიგონებთ. იმ ორიოდე ნაცნობის პოვნაც გაგიჭირდებათ, რომელთა ცხოვრებაში მამაშვილური საუბრები სასიამოვნო აუცილებლობად დამკვიდრებულა. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მამათა და შვილთა შორის ბრძოლა, რომელიც, ძირითადად, იდეურ ხასიათს ატარებს, კვლავაც აქტუალურია და კაცობრიობის ზრდა-განვითარებასთან ერთად იცვლება და ”ვითარდება”. უამრავი კარგი და ცუდი სიურპრიზით, საერთო დაძაბულობითა და საზოგადოებრივი საქმიანობით დახუნძლული ყოველდღიურობა, აჩქარებული რიტმი ჩვენ საშუალებას არ გვაძლევს, სულ ერთი წუთით შევჩერდეთ, ვთქვათ:

– გამარჯობა, მამა!

– გამარჯობა, შვილო!

შევეხოთ იმ ნამდვილს, დავაფასოთ სწორედ ის ღირებული, ვისთვისაც ვარსებობთ და ამ საჭიროებით ავსილნი გავეშუროთ ცხოვრების ორომტრიალისკენ.

ამ ჯადოსნური სიტყვების ნაცვლად მოზარდთა უმეტესობას ისეთი სიხშირით აქვს გაგონილი ფრაზები: ”ჯერ რა გესმის”, ”გაიზრდები და მიხვდები”, ”შენი ტოლი რომ ვიყავი”, რომ ყოველი შემდგომი საყვედური და შენიშვნა რჩება ”ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

მეორე მხრივ ფრაზები: ”დღეს მამაჩემი სახლშია, რა გაუძლებს”, ”ჩემი ძმაკაცის (დაქალის) მამა რა მაგარი კაცია, რაღა მე არ გამიმართლა”, შეუვალ კედლად და გადაულახავ დაბრკოლებად ქცეულა ყველაზე ახლობელ ადამიანებს შორის.

ყველა ამ ფრაზას და შეხედულებას ორივე მხარისათვის საკუთარი სიმართლე და არსებობის უფლება გააჩნია. ”გაიზრდები და მიხვდები” – რა თქმა უნდა, არის ამ სიტყვებში ის, რაც მამებს სამართლიანად აღელვებთ. მამობრივი ინსტიქტი, საფრთხე აარიდონ გამოუცდელ შვილებს, მათ მკაცრებს, შეუვალებსა და ცოტათი უხეშებსაც ხდით, განსხვავებით დედებისგან, რომელთათვისაც პატარის სიყვარული მის დაბადებამდე იწყება და თითქმის არასდროს უკავშირდება შესაძლებლობებსა და მიღწევებს.

”დღეს მამაჩემი სახლშია, რა გაუძლებს” – რაღა თქმა უნდა, ამ სიტყვებშიც არის ის სამართლიანი პროტესტი, რომელსაც მაშინ გამოვხატავთ, როდესაც ჩვენს ჩვეულ ყოველდღიურობას მხოლოდ იმიტომ არღვევენ, რომ ”უფლება აქვთ.”

ჩვენი ცხოვრება გაცილებით გამარტივდებოდა, პოლიგონად ქცეულ ოჯახებში ბრძოლის მაგივრად, განსაკუთრებით უფროსო თაობა, პრობლემის გადაჭრის თუ არა, დარეგულირების გზებს რომ მაინც ეძებდეს. ამის მაგივრად კი თითოეული ფრაზის უკან შფოთიანი, გატეხილი ძილი, დაულაგებელი ურთიერთობები, ნევროლოგთან ხშირი ვიზიტები დგას.

რა ეშლებათ მამებს?

  • ისინი წყვეტენ შვილების მომავალ პროფესიას, სამეგობრო წრეს, ბევრ ისეთ დეტალს, რომელში ჩარევაც ბუნებრივ პროტესტს ბადებს.
  • ისინი უყვირიან მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. ყოველი შესაძლებლობის დროს ახდენენ ფიზიკური ძალის დემონსტრირებას.
  • ისინი გაიზარდნენ და სრულად დაივიწყეს საკუთარი ბავშვური ”შეცოდებები”.
  • ისინი მოიხმარენ თამბაქოს, შეექცევიან ალკოჰოლს და მის მავნებლობაზე საუბრობენ მუდმივად და დაუღალავად.
  • ისინი ხანდახან იკარგებიან. ან სულ მიდიან.
  • ისინი ბევრს ფიქრობენ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ და თანდათან ამცირებენ თავიანთ ცხოვრებაში წუთიერი სიხარულების რიცხვს.
  • ისინი თითქმის არ ცდილობენ, ”თავით გადაეშვან” შვილების გატაცებებში და იპოვონ ის საერთო, რაც მათთან მეგობრობის საშუალებას მისცემდათ.

რა ეშლებათ შვილებს?

  • ისინი საკუთარ თავში იკეტებიან სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გულახდილი საუბარი დაეხმარებოდათ.
  • ისინი ეჭვიანობენ მამაზე და მტკივნეულად რეაგირებენ დედ-მამის ურთიერთობაზე.
  • ისინი დიდობენ და უკადრისობენ მამის რჩევებს.
  • ისინი ფიქრობენ, რომ მამა დესპოტია, სხვა შემთხვევაში არ მოითხოვდა ღამის პირველ საათზე ტელევიზორის გამორთვას, არ აიძულებდა სოციალური ქსელიდან გამოსვლას ღამის სამ საათზე. ისედაც ხომ ამას აპირებდა.
  • ისინი ფიქრობენ, რომ მამის შეხედულებები ცხოვრებაზე მოძველდა.

როგორ მოვიქცეთ?

სავარაუდოდ, ეს წერილი თქვენს პრობლემას ვერ გადაწყვეტს, თუმცა იმედს ვიტოვებ, ცვლილებას მოგანდომებთ. ჰოდა, მთავარიც ესაა. სურვილის გაჩენა, რომ რაღაც კარგისკენ შეცვალო, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი უფრო მიმზიდველია და მამა-შვილის ხშირ და სასიამოვნო ურთიერთობას გულისხმობს. კონკრეტულად:

  • გაატარეთ თუნდაც დროის მცირე მონაკვეთი ისე, რომ ისაუბროთ საჭირო თემებზე.
  • ეცადეთ, ერთმანეთის თვალით დაინახოთ ესა თუ ის საკითხი.
  • გახსოვდეთ, მამა სწორედ იმიტომაა ყველაზე კარგი, რომ თქვენია. შვილი კი სწორედ საკუთარ შეცდომებზე ისწავლის უკეთ.
  • შვილი, რომელიც გენდობათ, ყოველთვის გაითვალისწინებს თქვენს პიროვნებას და ეცდება, გული არ გატკინოთ.
  • მამა, რომელიც შვილში დაბადებიდან პიროვნებას ხედავს, მისთვის ავტორიტეტად იქცევა. ავტორიტეტი ის ადამიანია, რომლის მიბაძვას სიამოვნებით ვცდილობთ. გახდით საუკეთესო მაგალითი შვილისთვის.
  • იყავით თბილი, მხიარული და მზრუნველი შვილი მამისთვის. რადგან, რაც არ უნდა წარმატებული, შეძლებული, ცნობილი გახდეთ, ურთიერთობები ის საკითხია, რომელიც გულგრილს არც ერთ ადამიანს არ ტოვებს.

პ.ს.

მახსოვს, ისე შევნატროდი ბავშვობაში თანაკლასელს, როცა სკოლაში მამა აკითხავდა, რომ არასოდეს დავფიქრებულვარ, როგორ სტკიოდა მას მონატრება დედისა, რომელიც მისგან მოშორებით ცხოვრობდა.