ჩემი ნაცნობების უმეტესობა ამას არ დაიჯერებს, მაგრამ ცოტა უგუნებოდ, ჩემთვის ჩაფიქრებული ვიჯექი, რატომღაც თავს მივეცი წუწუნის უფლებაც, რაკი ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ვისურვე, მე ხომ ასე ვეცადე! მე კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მთელი გულახდილობით მიყვებიან თავიანთ გადაულახავ პრობლემებზე და გულწრფელად ვუსმენ განაბული იმ სურვილით, იქნებ ამომიფრინდეს გულიდან ისეთი სიტყვა, რომელიც ამ ადამიანს გულს გაუნათებს და გამოსავლის მოძებნაში დაეხმარება!
ჰოდა, ჩემო მეგობარო, ვიჯექი მეც ასე, მოწყენილი, რომ მოულოდნელად გულში რაღაცამ შემიღიტინა, თითქოს რაღაც აინთოო და სულ რამდენიმე წამში ცეცხლი ვიგრძენი შიგნიდან, ეს იყო მადლიერების გამოხატვის მწველი სურვილი და რომ არ მომეწერა შენთვის, გადავირეოდი !
ეს აღმოჩენა არ ყოფილა ჩემთვის, ამას ყოველთვის ვაკეთებ, სხვანაირად შეუძლებელია იყო მუდმივად პოზიტიურ ტალღაზე, უბრალოდ, იმდენად ემოციური იყო, უნდა გაგიზიარო (პოსტის ბოლო ნაწილში)!
თუმცა, იქნებ, ახლა ისე ცუდად ხარ, რომ ვერ ხედავ, რის გამო უნდა გამოხატავდე მადლიერებას, მაგრამ უფლებას გაძლევ გამომლანძღო კომენტარებში, თუკი საერთოდ, საერთოდ, საერთოდ ვერაფერს მონახავ, რისთვისაც ღირს, რომ იყო მადლიერი !
შეიძლება გჯერა ამის ან არ გჯერა, მაგრამ ის, რაც მომხდარა, მხოლოდ ჩვენს ზრდას ემსახურება, თუნდაც, შეცდომა, რომელიც დაუშვი და ახლა ნანობ – თუკი ცოცხალი ხარ და სუნთქვა შეგწევს, შენ შეგიძლია გამოასწორო ყველაფერი!
შენ მეტყვი, რომ ჯერ ძალიან ადრეა ან ძალიან გვიანი, ან პლანეტები ისე არ არიან განლაგებული და უარყოფითი ენერგიის ზეგავლენის ქვეშ ხარ, მაგრამ მე გეტყვი, რომ შენ გაქვს ეს მომენტი, აი, ზუსტად ეს მომენტი და თუკი გამოიყენებ მას, ბევრი რამ შეიცვლება!!!
ავიღე ერთერთი ბლოკნოტი ჩემი კოლექციიდან და დავაწერე სათაური:
“რისთვის ვარ მადლიერი?” – აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მსუყე საჩუქრებისთვის, აი, უცქირე:
* პირველ რიგში, მე მადლიერი ვარ იმ დაბრკოლებების, რაც გამოვიარე, იმ ტკივილის, რაც მივიღე, იმ ცრემლების, რაც დავღვარე, იმ ქარბუქის, რამაც ჩემს თავზე ოდესმე გადაიარა, ამ ყველაფერმა გამომაწრთო და გამომძერწა მე და უფრო უკეთესად დამანახა ჩემივე თავი!
* შემდეგ, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე გული ნებით ან უნებლიედ უტკენია ჩემთვის, ასე შევიცანი პატიება და სიყვარული!
* მადლობა, ვინც ოდესმე რაიმე დამიშავა, რადგან ამით დამანახა, რამხელა ღირსებისა და კაცთმოყვარების განცდაა შეგეძლოს, მაგრამ არ გადაუხადო სამაგიერო!
* მე მადლიერი ვარ იმისთვის, ვინც ვარ დღეს, რა ფასეულობებიც მაქვს დღეს, იმ ადამიანებისთვის, ვინც მყავს გარშემო, იმ კეთილგანწყობისა და სიყვარულისათვის, რაც ტრიალებს ჩემ გარშემო!
* მე მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის, რაც არის ჩემს მომართ, უზომოდ მადლიერი ვარ!
* მე მადლიერი ვარ, რომ ვხედავ ჩემს მშობლებს და შემიძლია მოვეხვიო, ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს!
* მე მადლიერი ვარ, რომ მყავს დედმამისშვილები და მათი შვილები, მადლობა, რომ მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, კოლეგები, ნაცნობები და კეთილგანწყობილი უცნობები გარშემო!
* მადლიერი ვარ იმ სიყვარულისთვის, რასაც განვიცდი, ზოგადად, ადამიანის მიმართ! ადამიანს იშვიათად ვუყურებ, როგორც უცხოს, ალბათ, ამიტომ მიადვილდება ჰარმონიული ურთიერთობების განვითარება 🙂
* მადლობა, რომ მე დღეს ისევ შემიძლია სირბილი და თავისუფლად მოძრაობა და აღარ მეშინია, რომ მუხლები ისევ ჩამეკეცება, მადლობა ჯანმრთელობისთვის!
* ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, ტკბილს და კეთილ ადამიანებს, რომლებიც მეხმარებიან სიყვარული და სითბო მოვიტანო რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე!!!
მას შემდეგ, რაც გადმოვღვარე ჩემი მადლიერება ფურცელზე, მას შემდეგ რაც გავიაზრე, რამდენი რამის გამო მმართებს მადლიერება, მითხარი, მითხარი, როგორ ვიყო უგუნებოდ?! მითხარი, როგორ გავბედო, ვიყო ბედის უმადური, როცა ამდენი უკვე მომცა?! თუკი ახლა არ ხარ ბედნიერი და მადლიერი იმისთვის, რაც ახლა გაქვს, სამყარო იმასაც წაგართმევს გამოუყენებელი ტალანტივით, ხოლო მადლიერება გაგიხსნის ახალ კარს! იცი, ზოგჯერ ჩვენივე ქედმაღლობით ვერ ვხედავთ ამ კარს და თავს ვურტყამთ კედელს მის გვერდით!
გააკეთე ეს ყოველ ჯერზე, როცა ცუდად იგრძნობ თავს და რაც უფრო დიდი იქნება მადლიერების განცდა შენში, მით უფრო მალე შემობრდღვიალდება ყოველივე საუკეთესო შენს ცხოვრებაში!
მადლიერი ვარ, რომ მკითხულობ!
სიყვარულით, მადლიერებით და დიდი ჩახუტებით,
თაკო მეფარიშვილი