Skip to content

ჩემს ბავშვობაში სოფელში ბებიასთან ხშირად ჩავდიოდი.

ტკბილად მახსენდება ზაფხულში შებინდებისას, ხის აივანზე ჯდომა ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, გარეთ ჭრიჭინების ხმა, ბავშვების ხმაური და ლამპის შუქსა და ნავთის სუნზე მოყოლილი ტკბილი ამბები.. როგორ მიყვარდა ყოფნა ჩემს ბებოსთან- მოხუცის სუნი რომ ასდიოდა და მის კალთაში ჩახუტებულს ძალიან ნელ, სუსტ გულისცემასაც რომ ვგრძნობდი.

ბებია და ბაბუა სოფელში მარტო ცხოვრობდნენ. წელიწადში ორჯერ ჩავდიოდი მათთან -ზამთარში და ზაფხულში. მშობლები სამსახურის გამო მალევე მოდიოდნენ უკან და რჩებოდა მთელი სახლი ჩემი და მოხუცი ბებია-ბაბუას ხელში. არ დამავიწყდება მათი თვალები ჩემი დანახვისას- ბედნიერი და სიხარულით სავსე.
ერთ ზაფხულს, ჩვეულებისამებრ, მამამ და დედამ სოფელში წამიყვანა დარჩენის ხანგძლივი პერსპექტივით. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ჩასვლისას ბებიამ და ბაბუამ გაიხარა. ბაბუა შვილისა და შვილიშვილის ჩამოსვლით გახარებული მარანში წაბარბაცდა, ხილი და ღვინო ამოიტანა. სუფრა გაიშალა თუმცა ჩემი მშობლები მალევე წავიდნენ.

წავიდნენ და თან ბაბუას გული წაიღეს. შევატყე როგორ აუცრემლიანდა მას თვალები მამაჩემმა წასვლა რომ ახსენა. გული ჩაწყდა- ერთადერთი შვილი დროს ვერ პოულობდა მოხუცი მშობლისთვის. იდგა კარებთან გამხდარი, მოხრილი ბაბუა და შვილს უყურებდა ქუჩაში მიმავალს. პატარა ვიყავი მაგრამ მეც ვიგრძენი მისი ტკივილი. აუტანელი, მარტოობით და მხოლოდ ბებიას იმედად მყოფის ტანჯვა.

-ერთი ჭიქა მაინც დაგელია, შვილო.. -ჩაიბუტბუტა და ოთახში შევიდა.

მეორე დღეს, თამაშითა და სირბილით დაღლილმა საღამოს აივანზე, ბაბუას გაკეთებულ სკამზე მოვიკალათე. ბებიამ და ბაბუამ საღამოს საქონელი დააბინავეს და აივანზე, გრძელ დივანზე ჩამოსხდნენ.

-რაო, გენაცვალოს ბებო, დაიღალე? – ჩემკენ წამოვიდა ბებო, გათლილი ვაშლი მომაწოდა და თავზე მაკოცა.

-დღეს ძალიან ცხელოდა. – თავი წამოვწიე დაღლილმა და ვაშლი გემრიელად ჩავკბიჩე.

– თუ ასეთი სიცხეები გაგრძელდა, წელს მოსავალი არ გვექნება . – საუბარში ჩაგვერთო ბაბუა.

უცებ ეზოში ლანდი დავინახე, რომელმაც ჩვენსკენ დაიწყო მოძრაობა. მოდიოდა და თან ბუტბუტებდა. თავიდან შემეშინდა მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ლანდი ჩვენი მეზობელი, გიჟად წოდებული კიკოლა იყო.

კიკოლა კიბეებზე ამოვიდა და გაოცებულმა დამიწყო ყურება. არაფერი უთქვამს, უბრალოდ მიყურებდა, რამაც უფრო მეტად შემაშინა.

-რა იყო კიკოლა, ვერ იცანი ჩემი შვილიშვილი? – სიცილით უთხრა ბაბუამ.

-შევიცან თან ვერ შევიცან. დიდი გოგო გაზრდილა უკვე.. გამარჯობა. – ჩუმად მითხრა კიკოლამ.

მორცხვად მივესალმე და ყურადღებით შევათვალიერე.

კიკოლას გიჟს ეძახდნენ მაგრამ ვერ გამეგო ამ კაცს რას ერჩოდნენ. დადიოდა თავისთვის და გელაპარაკებოდა ათას რამეზე- სრულიად თავისუფლად და გულწრფელად. ეხლა უფრო მეტად ვხვდები, რომ კიკოლა გიჟი კი არა ყველაზე თავისუფალი, მართალი კაცი იყო, რომელიც ყველაზე ბედნიერად ცხოვრობდა.

როგორც სოფელში ამბობდნენ, ბავშვობაში კიკოლას ექიმებმა ნერვი დაუზიანეს და იმის მერე დადიოდა ასე „ბედნიერი და სიცილიანი“. დიახ, სულ ბედნიერი დადიოდა, სულ იღიმოდა და ყველას ეხმარებოდა. ალბათ, ბედნიერება იმდენად უჩვეულო იყო ხალხისთვის, რომ გიჟად კიკოლა კი არა, ბედნიერება შერაცხეს. კიკოლა ხომ მართლაც მოსიარულე ბედნიერება იყო.

-გიორგი, იცის შენმა შვილიშვილმა რა არის სიყვარული? – გაბრწყინებული თვალებით ჰკითხა ბაბუაჩემს კიკოლამ და მერე მე შემომხედა.

ბაბუას გაეცინა, არც გაკვირვებია ამ თემაზე რომ წამოიწყო მან ლაპარაკი და სიცილით მკითხა :

-ბაბუმ გენაცვალოს, იცი რა არის სიყვარული?

7 წლის ასაკში პირველად დამისვეს მსგავსი კითხვა. თავიდან შემრცხვა პასუხის მაგრამ მერე ვიფიქრე მათთან დიალოგი ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა ვიდრე ჩუმად ჯდომა.

-დიახ, ვიცი. – ჩავიბუტუტე

-რა არის სიყვარული? – მკითხა კიკოლამ, რომლის ღიმილიანი და დაფიქრებული სახე ლამპის შუქზე ძლივს ჩანდა.

-სიყვარული ბებიას და ბაბუას ერთად ცხოვრებაა, ერთმანეთზე ზრუნვაა, სითბოა. -ჩემებურად, მოკლედ ვუთხარი კიკოლას.
გაეღიმა.

-მასესხე სიყვარული პატარა გოგო. – მითხრა ხმამაღლა.

ბებია და ბაბუა ისევ ღიმილით უსმენდნენ ჩვენს საუბარს.

-კი მაგრამ სიყვარულის გასესხება როგორ შეიძლება. – ტუჩი ავიბზუე და გაოცებულმა შევხედე მას.

-ჰმ. არ შეიძლებაო. ვინ გითხრა?

-თქმა რად უნდა, ვიცი.

დაფიქრდა.

-შენთვის რა არის სიყვარული კიკოლა? -ჰკითხა ბაბუამ და სმენად იქცა.

კიკოლა ისევ ფიქრობდა. მერე ბაბუას შეხედა და თქვა.

-სიყვარული? სიყვარული ყველაფერია. სიყვარული სულის კივილია- ბედნიერების კივილი. სიყვარული ცამდე აწვდილი, სიხარულისგან აკანკალებული ხმით ყვირილია, ციმციმა თვალებია -სულს რომ გაჩვენებს. სიყვარული ადამიანის სულის შეცნობაა, ადამიანთა დუმილში არსებული დიალოგის მოსმენა. სიყვარული გაცემაა -ჩუქებით და არა სესხით. სიყვარული არის სიგიჟე, შესაძლებლობა, მოთმინება, სიმშვიდე და შანსი. ესაა ჩემთვის სიყვარული, ჩემო გიორგი.

-მაშ კიკოლ, შეყვარებული ხარ? – სიცილით კითხა ბებიამ.

-დიახ, შეყვარებული ვარ. თუმცა, არავის უჩუქებია ჩემთვის სიყვარული. ვითხოვე ადამიანებისგან მაჩუქეთ-მეთქი მაგრამ უარი მივიღე. მერე სესხად ვთხოვე რამოდენიმეს და სიყვარული კი არა სიცილი მასესხეს. მეც რა მექნა – ყოველდღე მათი დანახვისას ვიცინი- ვალს გასტუმრება უნდა.

ყველანი გავჩუმდით და დავფიქრით.

კიკოლა ადგა და კიბისკენ წავიდა. ყველანი მას მივჩერებოდით. უცებ მოტრიალდა, სიბნელეში ლანდის მსგავსმა შემომხედა და მითხრა:

-გააჩუქე სიყვარული პატარა გოგოვ.

დაფიქრებულმა შევხედე და დავემშვიდობე.

ის საღამო არასდროს დამავიწყდება. იქნებ იმიტომ, რომ კიკოლა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პირველად მკითხა სერიოზულად- რა იყო სიყვარული ან იქნებ იმიტომ რომ პატარა გოგო პირველად დავფიქრდი ამ გრძობაზე.

ეხლა გავიზარდე. სოფელშიც იშვიათად ჩავდივარ – ბებია და ბაბუა დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ. ხშირად ვფიქრობ, რა არის სიყვარული. გარშემომყოფებს ვაკვირდები, ვეკითხები და ვხვდები, რომ ყველაზე ჭეშმარიტი და მართალი პასუხი კიკოლამ გამცა 7 წლის ასაკში.

დიახ, სიყვარული გაცემაა. ეს არის ბედნიერი სულის გაბრწყინებული თვალებით გადმოცემა. სიყვარული ღიმილია, რომელიც გათბობს და ჟრუანტელს გგვრის.

და დღემდე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად კიკოლამ იცოდა, რა იყო სიყვარული.