Skip to content

არ დაივიწყოთ ფრთები, რომელიც ბავშობაში გვაჩუქა ღმერთმა

სკოლის მოსწავლე  როდესაც ვიყავი, მატერიალურად ძალიან გაუჭირდა ჩემს ოჯახს. ქვეყანაში თითქმის ყველგან ცუდი ეკონომიკური პირობები  იყო, ამიტომ  ხელმოკლედ გვიწევდა ცხოვრება. ყველგან ბებოს ნაქონი შავი პალტო მეცვა, რომელიც მუხლამდე მწვდებოდა. ჩაცმულობის გამო დამცინოდნენ კიდეც კლასელები, ამიტომ ღმერთმა მაჩუქა ფრთები, ჩემი სიღატაკე რომ დამემალა. ახლა   ყოველთვის კარგად გამოვიყურები. ვატარებ ბრენდულ სამოსს  –  საუკეთესო თეთრ პერანგს, შანელის პიჯაკს, ხელში „პრადას“ ხელჩანთა მიჭირავს  და მკაცრი ქალბატონის გამომეტყველებით  ვიძლევი  შენიშვნებს სამსახურში სწორედ ისე, როგორც   მერილ სტრიპის პერსონაჟი   ფილმში  „ეშმაკს აცვია პრადა“. 7 წლის წინ  მოდების სახლი დავაარსე და მას შემდეგ  ამ საქმიანობით ვარ  დაკავებული. მე შევძელი –  სიღარიბის მარწუხებს   თავი დავაღწიე   და გავხდი წარმატებული  ადამიანი. მართალია, გულის სიღრმეში  ის გოგონა ვარ, რომელიც ყოველთვის ოცნებობდა  უკეთესობისკენ  შეეცვალა გარშემომყოფთა ცხოვრება, მაგრამ ახლა  იშვიათად მიწევს  ფიქრი   ასეთ საკითხებზე.

სკოლაში   ყოველთვის  ვატარებდი ნაწნავებს  და სახეზე   მქონდა ჭორფლი. ამის გამო მორცხვი და სევდიანი დავდიოდი ყველგან. ვიცოდი,  ულამაზო არ ვიყავი და ჩემი სამყაროც საინტერესო იყო, მაგრამ ამის შემჩნევა ძნელი იყო სხვებისთვის. სწორედ  ბავშვობაში  მივხვდი: რომ  შეგამჩნიონ,  ლამაზად უნდა გეცვას, ხშირად სტუმრობდე  სალონებს და  აუცილებლად იქნები მშვენიერი ქალბატონი. მაგრამ, მიუხედავად ამისა,  საინტერესო და  ბედნიერი ცხოვრება რომ გქონდეს,  მხოლოდ  ფუფუნება არ არის საკმარისი. ყველაფერთან ერთად  შენს შიგნით  არსებობს უხილავი  სილამაზე, რომელსაც ვერანაირი ფულით ვერ იყიდი.

მაგრამ მას შემდეგ, რაც გავხდი  „საქმიანი ქალბატონი“ ასეთ „ფილოსოფიურ“ საკითხებზე იშვიათად ვფიქრობ,რადგან სამსახურში ყოველთვის მაქვს უამრავი საქმე. შეხვედრა დიზაინერებთან, მზადება დეფილეებისა და გრანდიოზული ღონისძიებებისთვის,პარიზის,მილანის მოდის კვირეულზე გამგზავრება და ა.შ .შესაბამისად      ვცდილობ ვიყო მკაცრი  და   ყოველთვის ვაძლევ  სამსახურში შენიშვნებს თანამშრომლებს,რადგან ვფიქრობ ამ გზით ისინი  გაცილებით დროულად გაართმევენ  დაკისრებულ ვალდებულებებს  თავს. ვბრაზობ, როდესაც აქციონერები  თათბირზე იგვიანებენ. შემდეგ,  როდესაც კაბინეტში ფინჯან ჩაის მივირთმევ, ვხვდები –  ეს ჩემი მიზნისკენ  მიმავალი  გზაა, რომელიც შეცდომებით არის სავსე. მთელ დღეს  სავაჭრო ცენტრებსა და  ბუტიკებში ვატარებ, ვყიდულობ   ძვირფას ტანისამოსს, შინ ვბრუნდები და საოცარ სიცარიელეს ვგრძნობ. საკუთარი თავი   მეუბნება: ქალბატონო, შენ არ გჭირდება  ძვირფასეულობა. შენ უნდა გიყვარდეს  შენს გარშემო სხვები და    მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები ბედნიერი.

ბევრ ადამიანს აწუხებს დღეს მსგავსი პრობლემა. მოქალაქეები მიყვებიან  თანამედროვე ცხოვრების  სწრაფ ტემპს  და  არ რჩებათ  დრო იმისათვის, რომ  აკეთონ კეთილი საქმეები და   უბრალოდ უყვარდეთ   ერთმანეთი. სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრ ადამიანს არ სურს აჩვენოს სხვებს თავისი ნამდვილი სახე, რადგან ფიქრობს, რომ ბუნებრიობა არასდროს იქნება  აქტუალური.   გაცილებით ადვილია   მოირგო ახალი პერსონაჟის ნიღაბი, რომელიც შენგან არანაირ გმირობას არ მოითხოვს. რეალურად   კი თითოეული ჩვენგანი სწორედ იმიტომ არის საინტერესო, რომ  სხვისი გაბედნიერება  ჩვენი ნამდვილი ხასიათით და თვისებებით შეგვიძლია.

რომ არა  ბავშვობაში გადატანილი გულისტკივილი, რომელსაც ახლა კომპლექსებს ეძახიან,  ვიყიდიდი  ზურგჩანთას, ყავისფერ ბათინქებს, შინდისფერ პერანგს და  მთელ ჩემს ენერგიას უბრალოებაში ჩავდებდი.

შეიძლება პოსტის კითხვის დროს ერთი შეკითხვა დაგებადოს, ჩემო მეგობარო, და არ მოგერიდოს – პირდაპირ მკითხე. ალბათ გაინტერესებს,    რატომ  ვწუწუნებ რომ მომბეზრდა ყოველდღიური რუტინა და  ეს – უსიყვარულოდ გატარებული დღეები. თავად კი  არ ვუსმენ საკუთარ გულის ხმას და არ ვცდილობ გავიგო,რა არის ცხოვრების აზრი და რისთვის ვცხოვრობ?მე  არ მრჩება  ასეთი მნიშვნელოვანი ფიქრისთვის დრო,რადგან დაკავებული  ვარ ყოველდღიური საზრუნავით და ეს   საქმიანი ქალის პორტფოლიო  დიდი ხანია  ჩემი ცხოვრების სავიზიტო ბარათი გახდა. მე  საზოგადოებამ ასეთი უფრო ადვილად მიმიღო  და „შემიყვარა“. ამიტომ პოსტის წერის დროს   კი არ აღმომიჩენია   ეს პრობლემები, არამედ  დროთა განმავლობაში  მივხვდი – თუ  უკეთესობისკენ  არ შევიცვლები,   ამას ჩემს მაგივრად არავინ გააკეთებს. მე ძლიერი ადამიანი ვარ და აუცილებლად შევცვლი საკუთარ თავში იმას, რაც არ მომწონს:

1.პირველ რიგში, შევხვდები „უბრალო“ ადამიანებს ქუჩებში, ბაზრობებზე და  გავიგებ როგორ  სამოსზე ოცნებობენ ისინი. ლამაზი სამოსი მოსწონთ, თუ პრაქტიკულს ანიჭებენ უპირატესობას. შევქმნი ახალ კოლექციას და ისინი  ხელსაყრელ ფასად შეიძენენ მათთვის საოცნებო ტანსაცმელს.

2.შევცვლი თანამშრომლებთან ურთიერთობის სტრატეგიას. შევეცდები, ისინი ჩემი საქმიანი მეგობრები გახდნენ,რადგან  “ცხოვრება ხანმოკლეა, თანამდებობა წარმავალი და მთავარია თუ რა სახელს დავტოვებ როგორც ადამიანი იმიტომ, რომ ისტორია ადამიანობას უფრო აფასებს ვიდრე შესრულებულ საქმეს.“ ვფიქრობ, მათ იციან, რომ გულის სიღრმეში  არ ვარ  მკაცრი და დესპოტი ადამიანი და ალბათ გაახარებთ ჩემი ასეთი ტრანსფორმაცია. „ნებისმიერი ბიზნესი რომ განვითარდეს   აუცილებელია  თანამშრომლები  იყვნენ მოტივირებულნი და ჰქონდეთ ახალი იდეები. ეს კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი  თუ პატივისცემით მოეკიდება ხელმძღვანელობა  თითოეულ მათგანს და  ეს  ფორმალურად კი არა გულით უნდა გაკეთდეს. უფროსი უნდა იყოს  მათ მოტივაციაზე ორიენტირებული და მათ ექნებათ იმის პირობები,რომ   იამაყონ  თავიანთი საქმიანობით.“

3.მოვაწყობ შეხვედრებს დიასახლისებთან და მოდური სამოსით გავალამაზებ მათ  სხეულს. მინდა თითოეულმა  ქალმა საკუთარ თავში დაინახოს პიროვნება, რომელსაც შეუძლია  სამზარეულოს საქმეების გარდა ძალები მოსინჯოს ბიზნესში, პოლიტიკასა და  საზოგადოებრივ საქმიანობაში. როდესაც ქალი  კარგად გამოიყურება, კომპლექსების ტყვეობაში აღარ იმყოფება, გაცილებით თავდაჯერებულია და  ცდილობს   საკუთარ თავს უკეთესი მომავალი შეუქმნას.

4.გაცილებით მეტ დროს დავუთმობ  ოჯახის წევრებს  და  სახლის ზღრუბლთან დავტოვებ პრობლემებს. ძილის წინ წავუკითხავ ჩემს საყვარელ შვილებს  ზღაპრებს,რომელთა მოსმენა მეც  მიყვარდა  ბავშობაში. როდესაც პატარები დაიძინებენ,ჩემს მეუღლეს ვუამბობ ყველა წვრილმანს,რომელიც მაწუხებდა დღის განვალობაში .შემდეგ ჩვენ  ერთად ვნახავთ რომელიმე საინტერესო ფილმს და  ძილის წინ  დავიხურავ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას   თავზე.  ასეთ წუთები  გვეხმარება ვიყოთ საჭირო ერთმანეთისთვის და  ჩვენს შორის არასდროს გაქრება   მიზიდულობის ძალა. ბუნების  ჯადოსნური მშვენიერება კი  შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს არასოდეს.

5.მე გადავწყვიტე  აღარ ვიზრუნო  მხოლოდ  საკუთარ თავზე, რადგან დროთა განმავლობაში მივხვდი როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ  ტკივილი არ მიაყენოს გარშემომყოფებს.    მეგობრებო, იყავით ლაღები, კეთილები, მხიარულები. დროა დავივიწყოთ თიხისგან შექმნილი ნიღბები –  ღმერთს  არ ვემეტებით  მასკარადისთვის.   ჩვენ გვაქვს ჩვენი   სახე  და თითოეული ემოცია ძალიან  მნიშვნელოვანია ამ სახეზე. მე ვფიქრობ, სამყაროში ცუდი ადამიანები არ არსებობენ. უბრალოდ, არსებობენ ისინი, რომლებსაც არ ყოფნით  დრო,  შეისწავლონ  საკუთარი  სამყარო. თუ მოისურვებ, შენს გულში აუცილებლად აღმოაჩენ კეთილ ფიქრებს და გრძნობებს, მათ  სააშკარაოზე გამოიტან და შენს დადებით განწყობას მთელ სამყაროს გაუზიარებ. ვერ ვხდები, რატომ უნდა დამალო მარგალიტები გულში – ისინი ხომ ასე   ძალიან სჭირდება შენგან სამყაროს!

ჩემი პოსტით მინდოდა მეთქვა – როდესაც  ჩემს გულში ჩავიხედე   ძალიან ბევრ შეცდომა აღმოვაჩინე მასში და ამის შესახებ გულწრფელად გიამბე.  ახლა დროა სხვები მოიქცნენ  ისე, როგორც  გული უკარნახებთ. მინდა  იმედით დავასრულო  პოსტი და  ხვალ, ზეგ,  თვეების შემდეგ, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, როდესაც გაიცნობთ ახალ ადამიანებს და ერთმანეთის პირისპირ    მარტო დარჩებით  – უბრალოდ, იყავით გულწრფელები.   თუ    ყველას ნამდვილი ღიმილი გვექნება  სახეზე, გაცილებით უკეთესად ვიგრძნობთ თავს და  აღარ ვიფიქრებთ, რომ ხალხის გარემოცვაში  მარტოსულები ვართ. წყენას, შურს, მლიქვნელობას თუ  დავივიწყებთ და ისე შევაბიჯებთ სამყაროში,    დაუვიწყარ დროს გავატარებთ   ერთად .

გისურვებთ წარმატებებს!