როგორ ვიცხოვოთ მორალურად? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ ბიბლიიდან იღებს სათავეს. ღმერთი ჭეშმარიტ გზაზე სვლის გარანტად მოყვასის სიყვარულს სახავს (“გიყვარდეს მოყვასი შენი,ვითარცა თავი თვისი”). ადამიანებმა ერთმანეთში უნდა ეძიონ ღვთის ხატება და გაუფრთხილდენენ მას,ისევე როგორც საკუთარ გულში არსებულ ღმერთს (“სასუფეველი ღვთისა გულთა შინა არს”) .
სახარებისეული სიბრძნის ფორმულირებას ფილოსოფიაშიც ვხვდებით. ფრანგმა მოაზროვნემ და სოციოლოგმა,ოგიუსტ კონტმა,შეიმუშავა ახალი მოძღვრება,რომელიც ეთიკური ალტრუიზმის სახელითაა ცნობილი. მისი ძირითადი პრინციპია- “იცხოვრე სხვებისთვის”. ფილოსოფოსი,აგრეთვე,დასძენს,რომ ალტრუიზმი გამორიცხავს ანგარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დამყარდება კაცთაშორისი სიკეთე.
ღირსეული ცხოვრების მთავარი მოტივი სიკვდილია, სწორედ მისი შიში აიძულებს ადამიანს ყოველი ნაბიჯის მორალურობა შეაფასოს, მიემსგავსოს ღმერთს,რამეთუ კაცთა მოდგმა მის “ხატად და სახედაა” შექმნილი. “სიკვდილის მსვრელი ცელის” არსებობა აღძრავს ადამიანებში ზნეობრივად ცხოვრების სურვილს,ამიტომაცაა მისასალმებელი: “ღმერთმა გიშველოს სიკვდილო,სიცოცხლე ფასობს შენითა!” (ვაჟა-ფშაველა). ადამის შთამომავალთა უმთავრესი მიზანი მისი დათრგუნვაა,რაც მხოლოდ პირნათლად გავლილ ცხოვრების გზას მოსდევს და არსებობას სიცოცხლედ აქცევს (“სიკვილი რომ არის სიცოცხლე სიცოცხლეა”).
„ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“-იესოს ეს სიტყვები “ოქროს წესად” იქცა. მიუხედავად იმისა,რომ ის აქტუალობას არც ერთ ეპოქაში არ კარგავს და დღესაც მაღალზნეობრიობის მაქსიმად მიიჩნევა,ფილოსოფოსთა მიერ მაინც განახლდა.
კონფუციმ ახლებურად გამოხატა ზნეობრივი ცხოვრების წესის მოდელი:„რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ, შენც არ გაუკეთო ის სხვებს“. ფილოსოფიისა და რელიგიის ასეთი თანხვედრა იშვიათია,რაც იმაზე მეტყველებს,რომ თეოლოგიურადაც და ფილოსოფიურადაც სამყარო ბუმერანგის პრინციპზეა აგებული. “ვინ განაბნივა…,მან შეიკრიბა”,რადგან რასაც გასცემ ,რუსთაველისა არ იყოს,შენია.
“ოქროს წესი” და ეთიკური ალტრუიზმი მორწმუნეთ გოლგოთაზე ასატან მათ წილ ჯვარს უმსუბუქებს და ამარტივებს კითხვას: “აბა დღეს მე ვის რა ვარგე?”