ამბობენ, როდესაც სიკეთეს აკეთებ არავის არ უნდა უამბო ამის შესახებ,რადგან ნათქვამია:”არ უნდა იცოდეს შენმა მარცხენამ, რას აკეთებს შენი მარჯვენა”. რა თქმა უნდა ვიზიარებ ამ სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ მინდა მოგიყვე ერთი პატარა ამბავი ჩემი მოგონებებიდან და ბოლომდე თუ ჩაიკითხავ ჩემს ნაწერს, დარწმუნებული ვარ ადვილად მიმიხვდები სათქმელს.
10 წლის წინ, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. როგორც “ახალგაზრდა,” “გამოუცდელ ” თანამშრომელს – 150 ლარი დამინიშნეს ხელფასი და რადგან დედაქალაქში მარტო ვცხოვრობდი, როგორღაც ვახერხებდი თვიდან თვემდე გამეტანა თავი. განსაკუთრებით ველოდებოდი ხელფასის აღების დღეს, რადგან მეგობართან ერთად მივდიოდი ჩემს საყვარელ კაფეში. ჩამოვსხდებოდით ფანჯარასთან ახლოს, მივირთმევდი ფინჯან ყავას და უკეთეს მომავალზე ვოცნებობდით. მეგობარს ძალიან მოსწონდა ნამცხვარი- “რაფაელო”, რომელიც „ძვირი“ ღირდა, მაგრამ თვეში ერთხელ ამხანაგს ვანებივრებდი და ქოქოსის ფანტელებისგან დამზადებულ ტკბილეულს, შევექცეოდით ორივე გემრიელად.დანარჩენი დღეები, თითქმის არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.სამსახური- სახლი და სახლის წინ- ჩამწკრივებული ხეები – იყო ჩემი ძირითადი ადგილსამყოფელი. ისინი გაზაფხულზე აშრიალდებოდნენ მწვანედ, შემდეგ ოქროსფრად შეიფოთლებოდნენ. ზამთრის დასაწყისში საოცრად გულჩათხრობილნი იყვნენ, თუმცა როდესაც ნამქერი დატრიალდებოდა,დაიწყებოდა თოვა და თოვლი დაფარავდა მათ ტოტებს, კვლავ მშვენიერი სამოსით შეიმოსებოდნენ და უწინდებურად აგრძელებდნენ ყოფას.
მახსოვს იმ დღეს ახალი აღებული მქონდა ხელფასი და „თავდაჯერებული“ სახით სახლისკენ მოვიჩქაროდი. ციოდა,მაგრამ თბილ ქურთუქსა და ბათინკებში თავს კომფორტულად ვგრძნობდი. თოვლით იყო გადათეთრებული არე-მარე. ისე ლამაზად ჩამოეზნიქა თოვლს ხეების ტოტები ,რომ თავი ზღაპრულ სამყაროში მეგონა. გართული ვიყავი ჩემს ფიქრებში და ვტკბებოდი ზამთრის პეიზაჟით.მოულოდნელად ქუჩის მეორე მხარეს დედა-შვილი შევნიშნე. რა თქმა უნდა ძნელი იყო სიბნელეში სახეების გარჩევა,მაგრამ მაინც ადვილად მიხვდებოდი,რომ მათი გული დარდით იყო სავსე. დედა ძლივს-ძლივობით მიათრევდა უშველებელ ტომარას,რომელშიც ფიჩხები და ხმელი ტოტოები ეწყო. პატარა ბიჭუნა ასეთ თოვლიან ამინდში, მხიარული უნდა ყოფილიყო,მაგრამ თავი ჩარგული ჰქონდა მხრებში და გულჩათხრობილი კაცივით მიაბოტებდა თოვლიან ასფალტზე. ტომარას თავი არ ჰქონდა მოკრული და ტოტები,რომლებიც ყინულიან გზებს ხაზავდნენ, ყველაზე სევდიან კვალს ტოვებდნენ სამყაროში.
შეიძლება კეთილი გულით არასდროს გამოვირჩეოდი. არ ვიცი, მე ვერ შევაფასებ საკუთარ თავს, მაგრამ როგორც ფილმებში გვინახავს , თითქოს ანგელოზების გუნდი დამაფრინდა მხარზე და მოულოდნელად ქუჩის მეორე მხარეს გადავედი. ჯიბიდან ამოვიღე მთელი თვის ხელფასი და დედა-შვილს გავუწოდე. პატარა ბიჭუნას დედა არ მართმევდა ფულს, მაგრამ ხელში ჩავუკუჭე აღელვებულ ქალს ფული და იქაურობას გავშორდი. შემეშინდა გადაწყვეტილება არ შემეცვალა, ან უბრალოდ ისეთი რამ არ მომხდარიყო მოწყენილ ბიჭუნას ვერ დავხმარებოდი.მინდოდა დამევიწყებინა ყველაფერი,მაგრამ გული მიცემდა სიხარულისგან.ასე მეგონა, ფრთები მქონდა და ცისკენ მივფრინავდი.მე არ მახსოვდა იმ წუთებში ერთი, პატარა გოგონა რომ ვიყავი,რომელიც ამ ქალაქში მარტო ვცხოვრობდი. მეგონა მთელი ქვეყნის ადამიანები იყვნენ ჩემი მეგობრები და სამყაროს საზრუნავი იყო გაეთბო ადამიანებისთვის გული. აჩქარებული ნაბიჯით გავიარე ქუჩა და როდესაც ჩემს სახლს მივუახლოვდი, უკან მოვიხედე და სიბნელეში შევნიშნე მათი მხიარული სახეები. პატარა ხელჩაკიდებული მიყვებოდა დედას და მეორე ხელით ცდილობდა დაეჭირა თოვლის ფიფქები.ქალი მიუხედავად იმისა, ისევ მიათრევდა ტომარას,მხიარულად ესაუბრებოდა შვილს და აღარც ტომრიდან გამოშვერილი ხმელი ტოტები ტოვებდნენ სევდიან კვალს სამყაროში. თოვლი და ნისლი ფარავდა ირგვლივ ყველაფერს, მაგრამ მე მაინც ვხედავდი მათ მადლიერ თვალებს.
რამდენი წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ, მაგრამ მე ვერ დავივიწყე ეს შემთხვევა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია იმ საღამოს უცნობმა დედა-შვილმა ცოტა ხნის მაინც დაივიწყეს ყოველდღიური პრობლემები. ასევე ვფიქრობ, ეს იყო სამყაროს მიერ ჩემს მიმართ უდიდესი სიყვარულის გამოვლენა, რადგან მე მომეცა შანსი მეზრუნა სხვებზე და აღარ მეფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე. ჩემი ფიქრების სიზუსტეში მაშინ დავრწმუნდი,როდესაც სამების საკათედრო ტაძარში მოვისმინე უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ქადაგება.პატრიარქმა ბრძანა: -“გაიხსენეთ, როგორ გვიხარია, როცა გაჭირვებულ ადამიანს ვეხმარებით! არადა, საკითხავი ის არის, ჩვენ ვეხმარებით მას თუ ის გვეხმარებაო? არავინ იცის ვინ უფრო ეხმარება ვინც იღებს თუ ის ვინც გასცემსო.” ამიტომ , როდესაც ახლოვდება ხელფასის აღების დღე ,ყოველთვის მახსენდება ეს ისტორია. ვცდილობ, დავეხმარო გაჭირვებულ ადამიანებს,რომელიც სამწუხაროდ ბევრნი არიან ჩვენს გარშემო.
იმ წელს თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა ყინვები.ჩემს გულში თოვლის ფიფქებით დაფარულ ზღაპარს ჰგავდა ირგვლივ ყველაფერი. საღამოობით, ხშირად ვიჯექი ფანჯარასთან ახლოს სავარძელში და ჩაისთან ერთად მივირთმევდი დედაჩემის გაკეთებულ ალუბლის მურაბას. ვუყურებდი თეთრად გადაპენტილ სამყაროს და ვფიქრობდი, რომ ზოგჯერ, ფინჯანი ჩაიც საკმარისია ბედნიერებისთვის. გარეთ ბარდნიდა თეთრად და ტკბილ მოგონებებში იყვნენ ჩაძირული, ჩემი საყვარელი ხეებიც.