კარგი რაა, ნუ დაგეზარება! თან, თუ მზად ხარ მესტუმრო ჩემს, დიდი ძალისხმევით, შექმნილ სამყაროში, მაშინ, გემრიელად მოკალათდი სავარძელში, მე კი დავიწყე..
..როცა პირველად მკითხა დედამ “სალი, რა გადაწყვიტე?”, მაშინ მივხვდი, რომ გაიღო კარი დამოუკიდებელი გზისკენ მიმავალი და მეც გამბედავად გადავაბიჯე ზღურბლს. გაუჩერებლად მივაბიჯებდი “დიდი გოგოს” ამპლუამორგებული და მივხვდი, რომ რაც უფრო მივიწევდი შორს, მით უფრო ვიზრდებოდი და თავის-უფალი ვხდებოდი. თურმე, როგორი ყოფილა “დიდური” პრობლემები, არა, პრობლემა ცუდი სიტყვაა, დაბრკოლება იყოს. დავეჯახე ერთ-ერთს და მივხვდი,რომ შემაშინა, თუმცა, მე ხომ უკვე შორს ვიყავი იმ სახლის კარის ზღურბლიდან, რომლიდანაც გადმოვაბიჯე ჩემს ცხოვრებაში დიდი იმედებითა და მოლოდინებით. ვიფიქრე მარტივად, რომ ცხოვრებას ისე მოვდრეკ, როგორც მსურს-მეთქი და მივხვდი, რომ თვითრწმენა უდიდესი ძალაა. იმის მერე გადავაბიჯე პირველ და მეასე დაბრკოლებასაც, ეს დაბრკოლებები გვზრდის მე და ჩემს გამოცდილებას.
ჰოდა, აი, ჩემეული პირველი განმარტება:
ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა – შეაფასო დაბრკოლებების სირთულე ობიექტურად და შეარჩიო სწორი გზა მათ გადასაჭრელად.
მაშ, განვაგრძობ..
ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, შეაბიჯებ და მორჩა.. ნამდვილად მორჩა, მათგან თავის დაღწევა შეუძლებელია.. უსასრულო სივრცეში დახეტიალობ უგზოუკვლოდ და ვეღარ იკვლევ დასაბრუნებელ გზას. ჰო, ეს გონების წყურვილია, მას ხომ მარადიულად სჭირდება მორწყვა. განათლება მგონია ის საზრდო, რომელიც გონებას უნდა მივაწოდოთ. განათლებულ გონებას კი ქმნის შენი ძალისხმევით მოპოვებული ცოდნა.
აი, ისევ ჩემეული მეორე განმარტება: ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა- მარადიულად მიილტვოდე უშრეტი წყაროსკენ.
მამოძრავებელი ძალა არის ძლიერი სურვილი. ერთი ცდა და მერე.. მერე ეს ყველაფერი ჩვევად იქცევა. ნებისმიერ ოცნებას შეგვიძლია ვეთამაშოთ, შემდეგ მოვწყვიტოთ და მოვაშოროთ ცას. ჩამოვიტანოთ ჩვენთან და ვაქციოთ რეალობად, ამიტომ ოცნებაც ფრთხილი უნდა, ჩუმი.. რადგან ხდება.. ხდება..
მამოძრავებელი ძალაა ზაფხულის ცხელი დღეების სამსახურში გატარება იმ მიზნით, რომ დღევანდელზე უკეთეს “დღევანდელ დღეს” ავიშენებ საკუთარი ხელებით..
მამოძრავებელი ძალაა უსამართლობასთან ღირსეული შერკინება..
დიდი ძალა მგონია საკუთარი აზრის ქონა და საჭიროებისამებრ, მისი დაცვა..
ძალა სჭირდება საკუთარი თავის ზუსტი სისრულით გამოხატვას..
მამოძრავებელი ძალაა საკუთარ სიღრმეებში ჩაყვინთვა..
მამოძრავებელი ძალა არ არის დროის ჯერ შექმნა და მერე გაჩერება? მე დროს ვაჩერებ უთვალავი სურათითა და მოგონებების დღიურით, ისინი ხომ არასოდეს ხუნდებიან..
მამოძრავებელი ძალაა საკუთარი თავის აღმოჩენა და შემდეგ ფლობა..
მამოძრავებელი ძალაა მოთმინება.. სასურველის ვერ მიღება, ხშირ შემთხვევაში ეს უფრო აღვივებს ბრძოლის ჟინს. ბადებს ახალ ძალისხმევას, რომელიც ახალი მამოძრავებელი ძალის წარმოქმნას უდევს საფუძვლად..
ის, რაც ამ სამყაროში მამოძრავებს სწორხაზოვნად და არ ვიკარგები ცხოვრებისეულ ლაბირინთებში – მეგობრობაა. საკუთარ თავთან მეგობრობა. არაფერია მეების ურთიერთობაზე უფრო ჰარმონიული. ჩემი “მე” ქარხანას ჰგავს, რომელიც აწარმოებს ათასგვარ გრძნობას, ფიქრს, შესაძლებლობას, ამბიციას.. მე ვარ მყიდველი, რომელმაც სწორად უნდა განსაზღვროს თავისი პრიორიტეტები და შეიძინოს შემოთავაზებული პროდუქტი, საჭიროებისამებრ. დიახ, ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ, რთული არ არის საკუთარ თავთან მეგობრობა,თუ მზად ხართ ჯანსაღი კრიტიკის ასატანად, რა თქმა უნდა. თუმცა, მორიდებული რჩევა იქნებოდა, ჯანსაღი კრიტიკა ყურადგეღოთ, ამაზე კარგი სამსახური არაფერია.
თემატური გადასვლა არ არის, ვიცი, მაგრამ გონებაში ათასი აზრი მიტრიალებს, ყველას უნდა ამ ფურცელზე მოხვედრა, კალამიც, შესაბამისად, წერს და წერს და წერს..
ამ დილას რომ საქმიანი ნაბიჯით შევაბიჯე სამსახურში, თანამშრომელი დავინახე ყავით სავსე ჭიქით ხელში, მერე მივხვდი,რომ მამოძრავებელი ძალა მისთვის ყავა იყო, თუმცა, მე მირჩევნია დილას მზემ გამომაფხიზლოს, ან თბილ სახეზე მოლამუნებულმა გრილმა სიომ. მოკლედ, ესეც ადამიანთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ცხოვრებით ტკბობისადმი, თორემ, მე თუ მკითხავთ, დილას თავი ძილს როგორ უნდა მისცეს კაცმა, ხომ უკეთესია მზესთან ერთად გაღვიძება?!
ისე, მამოძრავებელი ძალა ხელფასიც მგონია. ფული ხელის ჭუჭყიაო, არადა მის გარეშე ვერც ავტობუსით ვიმგზავრებ და ვერც საყვარელ შოკოლადს ვიყიდი.
მამოძრავებელი ძალა არის ყველა ადამიანი, რომელიც შენს ქარხანაში რაღაც-რაღაც ჭანჭიკებს გადაატრიალ-გადმოატრიალებს..
სიყვარულის გარეშე როგორ ვიმოძრავებდი არ ვიცი.. არ ვიცი რამხელა აღმოჩნდება ჩემი სიცოცხლე, ამიტომ ვარ შეყვარებული მარად..
ჯანმრთელობაა მამოძრავებელი ძალა ჩემიც და ჩემი საყვარელი ადამიანების.
თუ გინდათ,რომ გაიგოთ 1 წამის ფასი, ამის შესახებ, აუცილებლად, ჰკითხეთ ექიმს. მე მეორედ დავიბადე რამდენიმე წლის წინ და როცა მივხვდი, რომ ჩემი გულის ფეთქვა ისევ მესმოდა, მე ვეღარაფერი გამაჩერებდა… იმასაც მივხვდი, რომ მარტივია ეს ოხერი ბედნიერება!
მას შემდეგ, მამოძრავებელ ძალად მიმაჩნია ყველაფერი ის, რაც კავშირშია სიცოცხლესთან, ყველაფერ ახალთან, დაბადებასთან..
ისევ სიცოცხლის იმედი იცით როგორი ძალაა? მთების და ზღვების გადამდგმელი.
ავტორი: სალომე ხორავა