Skip to content

ბედნიერება წვიმაში

    გაწვიმდა.ფარდები გადავწიე და სულელივით ვდგავარ ფანჯარასთან  და ვუყურებ მშვენიერ წვიმას.რა ლამაზად წვიმს.რა მშვენიერია სამყარო.რა კარგია დღეს სახლში რომ  ვარ და შემიძლია წვიმას ვუყურო ფანჯრებიდან.რა კარგია რომ შემიძლია შევიგრძნო წამის სილამაზე.წვიმა ცეკვავს სახლის სახურავზე.ბავშვები აგრძელებ წვიმაში თამაშს – აი ნამდვილი ბედნიერება .მეღიმება.ბედნიერი ვარ.მინდა კიდევ ბევრჯერ ვიგრძნო ასეთი ლამაზი წუთები.მინდა ხშირად დავრჩე სახლში  და როდესაც გაწვიმდება დავიმახსოვრო  მშვენიერი წვიმის პეიზაჟი.

ივნის კარებს ღიას ვტოვებ.წვიმა სახლში მსტუმრობს.გუშინ ჩემი თეთრი კეტები გავრეცხე და წვიმამ დამისველა დღეს აივანზე,მაგრამ ამის გამო სულაც არ გავბრაზებულვარ. ყავას ვიმზადებ და ლეპტოპი აივანზე გამაქვს.სასიამოვნო მუსიკას ვრთავ.ცივ ყავას მივირთმევ და ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ თითქოს მაღალმთიან ადგილას ვარ დასასვენებლად წასული.მზეზე ვირუჯები და ვფიქრობ რომ ლამაზი ვარ. წვიმა აგრძელებს შხაპუნს.შხაპ-შხაპ რა ლამაზი ხარ ჩემო მეგობარო წვიმავ !!
აივანზე პატარა დივანი მიდგას,დივანზე ბალიშები აწყვია,რომელიც ჩემი ხელით შევკერე.აივანზე ყვავილები მაქვს – ციცინათელები,იები,ეზოს ლიმონი ქოთანში და ეზოს მარწყვი.მიყვარს ყვავილები. ახლა ვფიქრობ,რომ შეიძლება რომელიმე კუნძულზე იყო და ასე ისვენებდე,როგორც ახლა მე ივლისში ჩემს ბინაში ვისვენებ.ამიტომ არის მთავარი სულიერი მდგომარეობა,შეიძლება ყველგან იპოვო ადგილი,სადაც დაისვენებ და თავს კომფორტულად იგრძნობ.თუმცა მაინც მინდა ჰავაის კუნძულებზე ან ბორა- ბორაზე ყოფნა.თუმცა არა , რომი მირჩევნია.რომში ქუჩები მელოდებიან.მეღიმება ისევ.

სახლში,საბავშო ოთახში ჩემს შვილს ძინავს ტკბილად.ვფიქრობ,სწორედ ეს არის ჩემი სიმყუდროვის და ბედნიერების მიზეზი.დღეს სანამ წვიმა დაუშვებდა და მხოლოდ აქა-იქ ჟინჟლავდა მე და ლუკა ეზოში ვსეირნობდით.ლუკამ დღეს პირველად ისეირნა წვიმაში.ძალიან გაუხარდა წვიმაში ყოფნა.ხელი გაუწოდა წვიმას და ეთამაშებოდა წვიმის წვეთებს.ჩვენ მოვდიოდით ერთად და ბედნიერებით გვქონდა გული სავსე. ასეთი   იყო ჩემი დღევანდელი წვიმიანი დღე – მშვენიერი და დასამახსოვრებელი.

ადამიანს ნებისმიერ ამინდში,ნებისმიერ ადგილას შეუძლია  იპოვოს ბედნიერება სამყაროში.ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებულ წუთებს ველოდოთ,არც განსაკუთრებული ადგილია ამისთვის საჭირო,მთავარია ვიყოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და ვიგრძნოთ  –  რომ  სწორედ ეს არის  ბედნიერება.