Skip to content

Lie to me ანუ ტყუილის ფსიქოლოგია

ამბობენ, როცა იტყუებიან ცხვირზე იკიდებენ ხელსო…ან ყურზეო…

მაგრამ ვაითუ სიმართლეს ამბობ? ღმერთმა დაგიფაროს რომ უეცრად ცხვირის მოფხანა მოგინდეს…

როგორია ტყუილის ფსიქოლოგია? როგორ მოვახერხოთ გამოვიცნოთ როდის გვატყუებენ და როგორ მოვიტყუოთ ისე, რომ ვერავინ გაგვიგოს?

მთავარი, რის გამოც ტყუილისა და სიმართლის თქმა ერთმანეთისაგან განსხვავდება არის ინფორმაცია, ამ ინფორმაციის ცოდნა და შესაბამისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

როდესაც იცი, რომ სიმართლეს ამბობ შენ ხარ დარწმუნებული შენს თავში, შენ იცი რას ამბობ, იცი როგორ უპასუხო კითხვებს, იცი რომ არაფერს აშავებ, იცი რომ სიმართლეა და თუ ვინმეს არ მოეწონება სულაც არ იქნება შენი ბრალი, შენ მართალი ხარ… ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ადამიანზე. სიმართლის განცდა შვების მომტანია, ამიტომ სიმართლის თქმის დროს პიროვნება თავს კომფორტულად და თავისუფლად გრძნობს.

მაგრამ რა ხდება როცა იტყუები? ადამიანის გონება ამ ფაქტს „ზედმეტი ყურადღებით“ ეპყრობა. ამ დროს ადამიანი ცდილობს არავინ შეამჩნიოს რომ იტყუება, ცდილობს იყოს თავისუფლად და იქცევა ისე, თითქოს არაფერი ხდება, ხელოვნურ კომფორტულობის განცდას ქმნის. თუკი ვცდილობთ მოვიქცეთ ისე, როგორც სიმართლის მთქმელნი, მაშინ რატომ გვიჭერენ ტყუილში?

საქმე ისაა, რომ ამ ცდაში, ყურადღება მეტადაა კონცენტრირებული დეტალებზე. ვცდილობთ არაფერი შეგვეტყოს და ეს ცდა ზედმეტია, რადგან სწორედ ამას არ ვაკეთებთ სიმართლის თქმის დროს. მოჩვენებითი თავისუფლება დისკომფორტში გადადის. იმის ნაცვლად რომ მოსაუბრეს თვალებში ვუყუროთ, თვალს ვარიდებთ-გვგონია რომ თვალებში ამოიკითხავენ ტყუილს. ვცდილობთ არ გავწითლდეთ და გვინდა მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თავი, სწორედ ამის გამო ვწითლდებით, ვიბნევით და ორგანიზმი გამოყოფს ჩვეულებრივზე მეტ ადრენალინს: ხელები გვიოფლიანდება, გულისცემა ჩქარდება და ჩვენი სიმშვიდე შინაგან პანიკაში გადადის.

გამოდის, რომ რაც უფრო მეტად ვცდილობთ არ შეგვეტყოს ტყუილი, მით უფრო მეტად გვეტყობა ის.

აქედან კი ის გამოდის რომ ტყუილის დროს არ უნდა ვეცადოთ ემოციების დაფარვას, პირიქით ისე მოვიქცეთ თითქოს არაფერი ხდება. ეს პროცესი ზემოთხსენებულს რომ არ დაემსგავსოს, ცოტათი ჩვენც უნდა გვჯეროდეს იმ ტყუილის რასაც სხვას ვაჯერებთ.

თუმცა ერთია როცა საკუთარი ტყუილის გჯერა იმ მომენტში როცა ამ ტყუილს ამბობ და მეორე როდესაც ამ ტყუილს საზოგადოდ იჯერებ. სულ სხვა საკითხია რამდენად გამართლებულია საკუთარი ტყუილის დაჯერება და ზოგადად მოტყუება.

მაგრამ ეს მორალური საკითხია და არა ფსიქოლოგიური…

სტატიის გამომგზავნის (purple girl) ნამდვილი სახელი უცნობია