Skip to content

მე მგონია რომ ყველა ადამიანს ყავს ქვეყანაზედ ერთი მონათესავე სული , ოღონდაც ისინი დროსა და სივრცეში არიან მიმობნეულნი , ხანდახან ისეც მოხდება ხოლმე , რომ შეხვდებიან ერთმანეთს და უთქმელად თუნდაც ერთი უნებლიე მოქმედებით წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენს ცხოვრებაზე . სულს ხომ ასაკი არ გააჩნია და ამიტომაც ჩვენი მონათესავე სულები შეიძლება დედის ტოლნი იყვნენ ან თუნდაც შვილისა..
ისინი ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში ისე, როგორც იამ იცის ნაზამთრალს, გაყინული ნიადაგიდან ამოხეთქვა , ამოვა და ამოგიტანს მთელს ცხოვრებას , გაგრძნობინებს რაღაც ახლის დასაწყისს, ია ხომ ნორჩია და დაუცველი არც ეკლები აქვს ვარდივით და რაც სქელი ღეროები იასამანივით , ცხოვრობს მხოლოდ რამოდენიმე დღე და ისევე ლამაზად მიდის ამქვეყნიდან როგორც მოვიდა. მიდის, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაყინულ გულს დაუკოცნის დედამიწას ..

ხანდახან ასე ძალუმად შემოიჭრებიან ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში , გაყინულ გულს დაგვიკოცნიან და ქრებიან. ისევე ისე მოულოდნელად როგორც მოვიდნენ . ალბათ ასეთია წესი , არ ვიცი რომელი წესი მაგრამ ასეა.

აი, იას რომ შეეძლოს სხვა მცენარეებივით დიდი ხანი სიცოცხლე, ალბათ დედამიწა მისცემდა საკვებს რომ მასთან ერთად ჩაკონებულს ეტრიალა მუდამ , მაგრამ ია დაკარგავდა იმ წამიერი აფეთქების სიდიადეს იმ დღესასწაულს რასაც ის ქმნის რამოდენიმე დღით .
ხანდახან ასეც ყოფილა , მთელი ცხოვრება ცხოვრობ ადამიანებთან, ცდილობ ისწავლო რაღაც,მაგრამ თითქოს შენთვის გასაგებ ენაზე არ ლაპარაკობენ ან შენ არ გესმის მათი ან შენსას ვერ ხვდებიან .. და აი გამოჩნდება ვიღაც სხვა, მრავალ უთქმელ სიტყვას ერთი შემოხედვით გეტყვის და გაგაცოცხლებს .

ასეც მოხდა .

ჩვეულებრივი დღე იყო ცხელი ზაფხულის. მაღაზიაში შევედი სიცხისაგან გახურებული გულის გასაგრილებლად , ხელები უღონოდ მქონდა დახრილი გამაგრილებელი სასმელის მოლოდინში.. ვგრძნობდი როგორ მიფეთქავდა სისხლით დაბერილი ვენები… მაღაზიის გამყიდველი , ხანშიშესული ოდნავ ჩასუქებული ქალი, სიცხისაგან გათანგული, ზანტად მოძრაობდა. მე ყოველ მის ნაბიჯს ბეჯითად ვადევნებდი თვალს , მერე ყურადღება იქვე დახლზე მდგარმა მოკლეტანიანმა ვენტილიატორმა მიიპყრო, რომელიც ხმარებისაგან ადგილ -ადგილ გაბზარულ და გაყვითლებულ ფრთებს ხრიალ-ზრიალით მიიქნევდა. მისი ხმაური არღვევდა გულისშემაწუხებელ მდუმარებას… მე კი ვიდექი ისევ მხრებდაშვებული და განვაგრძობდი ლოდინს ..

ამ დროს, მარჯვენა ხელზე რაღაც ვიგრძენი , ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში , მოულოდნელობისაგან ჯერ დავიბენი ვერ მივხვდი რა მოხდა ( მეგონა სიცხისაგან ჰალუცინაციები დამეწყო) ხელზე სისველე ვიგრძენი თავი მექანიკურად დაბლა დავხარე ნაცვლად ხელის აწევისა, რომელიც უფრო ბუნებრივი მოქმედება იქნებოდა , დავხარე თავი და მზერა გამიშტერდა! სრულიად უცნობი, სამიოდე წლის ბიჭუნა ჩემს მარჯვენა ხელს მიწებებოდა ტუჩებით და კოცნიდა , სწორედ პაწაწინა იას გავდა უცბად მიწიდან ამოხეთქილს, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოვიდა რომ სიცოცხლის შემობრძანება გაუწყოს , რაღაც გაგიმთელოს დიდი ხნის მივიწყებული გაგახსენოს , , თავმდაბლად გიწამლოს იარებს .
ახლა რომ ვიხსენებ ბოლომდე არც შემიძლია იმის სიტყვით გადმოცემა რაც მაშინ ვიგრძენი, სიტყვის ძალასაც აქვს თავისი ზღვარი და აი ეს ზღვარი აქ გადის, პატარა ბიჭის ტუჩებთან .

ნეტავ რას ფიქრობდა იგი ამ წამს , რატომ მოვიდა მაინცდამაინც ჩემთან, სწორედ იმ დროს სწორედ იმ წამს, როდესაც ვიდექი მაღაზიაში უღონოდ ხელებდახრილი და მთელი ცხოვრების სიმძიმე მეკიდა ზურგზე , გუდასავით .

რატომ აკოცა ჩემს მარჯვენას ამით დამცინა თუ ნუგეში მცა ? იქნებ მიხვდა რა დარდები ტრიალებდნენ ჩემში,იქნებ იგრძნო როგორ უსარგებლობას განიცდიდნენ ჩემი ხელები რომ ჯერ ვერაფერი შექმნეს ღირებული , ჯერ ვერ ააგეს თვისი ტაძარი , იქნებ ამ ანგელოზის კოცნით აკურთხა ჩემი მარჯვენა , დამაიმედა …

შემდეგ ისე სწრაფად რომ გონზე მოსვლა ვერც მოვასწარი ფეხებზე შემომაჭდო გამხმარი ხელები მთელი ტანით ამეკრო . ისე როგორც მარტო ბავშვებმა იციან, ისე მებღაუჭებოდა როგორც უკანასკნელ იმედს ..ამან სულ მომშალა , ახლა სხვა უფრო ძლიერი განცდა შემოვიდა სხეულში და ქაოსურად იწყო მიმოსვლა გულსა და გონებაში.

ახლა თითქოს მე ვჭირდებოდი მას. არ ვიცი რისთვის,, იქნებ იმისათვის რომ დამეცვა იგი,იქნებ უნდოდა ჩემთან დარჩენა?! , მე ვგრძნობდი ცხოვრებაში ასე ძლიერ არაფერი მიგვრძნია . ვგრძნობდი საჭიროებას და ეს სულ სხვა სიახლოვის განცდას ბადებდა მასთან .
საერთოდ ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრძნობდეს რომ საჭიროა.და მე ამის გაცნობიერებით მხრებიდან თითქოს პირვანდელი ტვირთი ჩამომეხსნა ხელშიც ძალა ვიგრძენი და პატარა ბიჭუნა ხელში ავიტაცე და გულში ჩავიკარი , გულში ჩავისვი. მე მივხვდი რაც მამძიმებდა აქამდე ,“ ცარიელ გულზე მძიმე ხომ არაფერია“ , გულში ჩავიკარი ისე როგორც დაღლილი დედამიწა იკრავს მისთვის და მისგანვე აღმოცენებულ იას .

ეს იყო წამიერი აფეთქება მარადიული ბედნიერების , ნუგეში, სიხარულის წინაგემოსხილვა ,ხელის შეშველება , ჭიქა წყლის მიწოდება დამაშვრალი ადამიანისთვის…

მერე აღარ მახსოვს კარგად მგონი გამყიდველმა ქალმა დაარღვია ჩემი ბედნიერება შემახსენა რომ ფული უნდა გადამეხადა, აღელვებულმა დავუყარე დახლზე საფასური და კიდევ ერთხელ შევხედე ახლა უკვე მომღიმარ პატარას, მინდოდა წამომეყვანა მაგრამ უარი მითხრა ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო.

გამოვედი მაღაზიიდან .

ასეთი ადამიანები მოდიან, გულში ნაპერწკალს გაგიჩენენ და მიდიან. მერე ეს ნაპერწკალი შენ უნდა აქციო ცეცხლად . ისინი მოდიან და მიდიან მხოლოდ იმიტომ რომ მათ ნაბიჯებს გაყვე …

ასეთ ადამიანებშია შენთან მოსული ღმერთი .