Skip to content

წარმატება,რომელიც ფეისბუქის საშუალებით მოვიდა

         ბუერა არის სამი ფრილანსერის გაერთიანება – მაია თავართქილაძე, თეონა ბაკურაძე და ირინა უთურგაური. ისინი თიხის და სხვა მასალებისგან აკეთებენ საავტორო ნამუშევრებს – სამკაულებს, სახლის დეკორის ნივთებს. ბუერას ნივთები თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია – უმრავლეს შემთხვევაში არ გამოიყენება ყალიბები, შტამპები და პრინტერი. გთავაზობთ ინტერვიუს ბუერას  დამფუძნებელთან  თეონა ბაკურაძესთან, რომელიც გვიამბობს, როგორ შეძლეს   ქალბატონებმა თავიანთი ფანტაზიის გაერთიანება და ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე განსაკუთრებული ბრენდის წარდგენა.

კითხვა 1.  საინტერესოა,როგორ დაიბადა იდეა შეკრებილიყავით სამი კრეატიული ადამიანი,გაგეერთიანებინათ  თქვენი ფანტაზია და შეგექმნათ  საოცარი ხელნაკეთი აქსესუარები,რომელიც  ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლოს  – განსაკუთრებით ინტერნეტ  ბაზარზე.

ყველაფერი დაიწყო 5 წლის წინ, თამაშით. მოწყენილი საღამოების ჩხირკედელაობით გახალისებამ რამდენიმე საინტერესო ნივთი დამიგროვა და გაზიარების სურვილის გამო, ფეისბუქ გვერდი გავაკეთე. ხალხის მოწონებამ გამამხნევა და უფრო მონდომებით შევუდექი “თამაშს”. ერთ თვეში მაიაც შემომიერთდა – ჩემი ბავშვობის მეგობარი და დავიწყეთ ის,რაც დღემდე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოგვიანებით შემოგვიერთდა ირინაც, თავისი იდეებით და ენთუზიაზმით.

კითხვა  2. გვიამბეთ იმ სირთულეების შესახებ,რომელიც შეგხვდათ გზაზე,როდესაც გადაწყვიტეთ ოცნება რეალობად გექციათ და  თქვენი  ბიზნეს საქმიანობა წამოგეწყოთ.

სირთულე ყოველთვის უკავშირდებოდა ველოსიპედის თავიდან გამოგონებას – ბიზნესის ინტუიციით კეთებას. ჩვენ არცერთი არ ვართ ბიზნესის სფეროს მცოდნე და ფეისბუქის მოსახერხებლობა რომ არა, ალბათ ვერც შევძლებდით ასე მარტივად შეგვექმნა ჩვენი გემოვნების სამუშაო ადგილი. ასე თუ ისე, უკვე დიდი ხანია, რაც ამ საქმეს ვაკეთებთ და რაღაცები კი ვისწავლეთ, მაგრამ კიდევ მეტი გვაქვს აღმოსაჩენი და სწორედ ესაა საინტერესო. თან ვსწავლობთ – თან ვმუშაობთ. ცდის და შეცდომის მეთოდით ვიღებთ გამოცდილებას.

 კითხვა 3. ძალიან საინტერესოა,როგორ უთავსებთ სამუშაოს და საოჯახო საქმიანობას ერთმანეთს.ძალიან რთულია იყო თანამედროვე ქალი,გყავდეს ოჯახი და პარარელურად ემსახურებოდე  საყვარელ საქმეს.

შეიძლება ითქვას, რომ ვერც ვუთავსებთ, ეს ორი სფერო ერთმანეთთან თითქმის შეუთავსებელია, როცა სახლში გაქვს სამუშაო სივრცეც. აუცილებელია რამდენიმე პრინციპის დაცვა,როცა სახლში მუშაობ. ამ თემაზე ინტერნეტში არსებობს საინტერესო სტატიები. მაგალითად, სამუშაოს განსაზღვრული დრო დაუთმო და არ შეიკეტო შენს სახელოსნოში ზედმეტად და პირიქით – დანარჩენი სახლი სულ ყირაზე რომ იდგეს, მაინც უნდა მოკალათდე შენი ხელსაწყოების გარემოცვაში, გამოიხური ოთახის კარი და იმუშაო. თუ გინდა, რომ ორ მოძრავ მანქანაზე ვანდამივით იდგე, შპაგატში ჩაჯდომაც უნდა შეძლო.

 კითხვა 4.  სახელოსნოსა და ინტერნეტ სივრცის გარდა,სად შეიძლება შევიძინოთ  ბუერას ორიგინალური აქსესუარები.

ვცდილობთ,ავითვისოთ თბილისის ყველა საინტერესო მაღაზია. ჯერჯერობით, ჩვენი ნივთების ყველაზე დიდი არჩევანი არის “სკივრის” სტენდზე (ვაკის სმარტში და თბილისი მოლში). ასევე, მაღაზია co.mode+-ში.

კითხვა 5. თქვენს თითოეულ ნივთში უდიდესი კრეატივია ჩაქსოვილი.  როგორც ვიცი თქვენ თავად აგროვებთ  –  გვირილას,შროშანს, სამყურას ,რომელთაც შემდეგ  სპეციალურ ჩარჩოში  ათავსებთ, რომელიც სამუდამოდ უნარჩუნებს ყვავილს  სახეს და ასე ქმნით  ორიგინალურ გულსაბნევებს თუ თმისამაგრებს, ეს ნამდვილად ორიგინალურია.  ტყეში კი აქსესუარებისთვის საჭირო მასალის შეგროვება, მართლაც საინტერესო საქმიანობაა.

დიახ, ნამდვილად. მთელი ზაფხული ციყვივით დადიხარ, დაძვრები და ზამთრისთვის იმარაგებ მასალებს. ბუერას მეშვეობით იმდენი ლამაზი მცენარე აღმოვაჩინე, თუნდაც, სულ პაწია ბალახებში რომ ჩაიმუხლოთ და კარგად დააკვირდეთ, ზემოდან ერთი დახედვით ერთგვაროვან მწვანე საფარში იმდენნაირ ფოთოლთა წყობას,ფორმას აღმოაჩენთ, სუნთქვა შეგეკვრებათ. ეს ყველაფერი სამყაროსადმი მადლიერებით მავსებს. ბედნიერი ვარ,რომ ჩემი სამუშაოს შემადგენელი ნაწილი ყვავილების ძებნაა.

 კითხვა 6. წიგნის სანიშნი „ოზის ჯადოქარი“,  ბუდეში ჩასმული გამომშრალი გვირილა,პატარა უფლისწულისა და ვან გოგოის გულსაბნევი – მართლაც რომ საოცარი ნამუშევრებია.  საინტერესოა,როგორ ჩნდება ისეთი  ნივთების  შექმნის იდეა,რომელიც თავისი  ორიგინალურობით ადვილად იმსახურებს  მომხმარებლის მოწონებას.

  ყველაფერი,რასაც ვაკეთებთ, ნამდვილად არაა ჩვენი იდეა. ინტერნეტის ეპოქაში,სადაც ასე იოლია,ნახო სხვისი ნამუშევარი,აღფრთოვანდე,შენც მოგინდეს გაკეთება და სცადო შენეულად – მითუმეტეს,როცა სწავლის და განვითარების სურვილი გაქვს, მგონი თავში ვაშლის დაცემას შეგიძლია არც დაელოდო:) ინფორმაციის სინთეზის წყალობით, ბევრი ნამუშევარი ჩვენი ინტერპრეტაციით გავაკეთეთ. მაგრამ,რა თქმა უნდა,გვაქვს ისეთი ნამუშევრებიც,რომლებზეც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არსად გვინახავს და ეს ნამდვილად ბუერაა. ასეთია,მაგალითად, სწორედ თქვენს მისერ აღნიშნული “ვან გოგის” ბროში და ამ ტიპის ბროშების იდეა,როცა რაღაც თემით გაერთიანებული რამდენიმე ფიგურაა ერთად აკინძული, ბუერას ეკუთვნის. როცა ისეთ საქმეს აკეთებ,რომელიც მოგწონს,იდეები არ გელევა. ჩვენ ვერც კი ავუდივართ ყველაფრის განხორციელებას. წინასწარ ჩანიშნული იდეებით სავსე ბლოკნოტები ნამდვილი განძია ჩვენს სახელოსნოში, რომელსაც,იმედია, თავს ავხდით და ავაციმციმებთ მზის სხივზე.

 7. და ბოლოს რას ურჩევთ ახალგაზრებს  და არა მარტო მათ   – დედებს,დიასახლისებს, ადამიანებს,რომლებთაც კრეატიული  იდეები აქვთ,მაგრამ არ იციან როგორ  განახორციელონ თავიანთი ოცნებები.

პირველ რიგში, ინტერნეტში საინტერესო საიტები დაათვალიერონ. ნახონ, სხვები როგორ იყენებენ მსგავს ინტერესებს, რისი გაკეთება შეიძლება, ზოგადად, წარმოდგენა რომ შეექმნათ. შემდეგ, რაღაც პერიოდი ალბათ საკუთარ შესაძლებლობებში უნდა გაერკვნენ, სცადონ,გააკეთონ სხვადასხვა რამ. მერე კი, უფრო შემართებით, აუცილებლად უნდ გამოიყენონ ის სიკეთე, რასაც ჰქვია ინტერნეტი და კონკრეტულად კი – ფეისბუქი.

გისურვებთ წარმატებებს