Skip to content

ცხოვრებას ყველაზე მეტად – უხდება ბედნიერება !

   შეყვარებულობის პერიოდში ერთ ულამაზეს ადგილას წამიყვანა ჩემმა მომავალმა მეუღლემ. მახსოვს, შემოდგომა იყო და ჯვრის მონასტრისკენ სავალი გზა – ყვითელ, ერთმანეთზე გაბუტულ ფერებში იყო ჩაფლული.მაშინ, ვიფიქრე, რომ შეიძლება საყვარელ ადამიანს გაებუტო,მაგრამ მაინც გიყვარდეს,მაინც მისი ადამიანი გერქვას.გზაზე ბერები შეგვხვდნენ, მათთვის უფრო ლამაზი იყო შემოდგომა, მე ასე მეგონა ყოველ შემთხვევაში. ჯერ მონასტერში შევედით. ტაძრის კარიბჭესთან მოხუცი კაცი ჰყიდდა სანთლებს,დაგვლოცა და გვითხრა, რომ მარადიულ სიყვარულს გვისურვებდა.მახსოვს, როგორ გამიხარდა, ვიფიქრე,რომ უცხო ადამიანმაც შენიშნა, რომ ერთმანეთი გვიყვარს–მეთქი.

     მონასტერი რომ მოვილოცეთ, ფეხით გავუყევით გზას. სწორედ, ამ მიდამოებში აღმოვაჩინე პირველად ადგილი,სადაც მივხვდი,რომ ზოგჯერ სიყვარულს კიდევ უფრო ალამაზებს და ჯადოსნურ მომხიბვლელობას სძენს ასეთი გარემო. გზაზე კი, მთის ერთ–ერთ ხეობაში, ოქროსფერ ფოთლებში ჩაფლული ტბა ვიპოვე,რომელსაც ბედნიერების ტბა ვუწოდე.როგორც აღმოჩნდა, ტბას სახელი არ აქვს და ყველა მნახველი, თავის სურვილის მიხედვით არქმევს მას სახელს.თურმე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი სულიერი განწყობა აქვთ ადამიანებს,მაშინ,როდესაც ტბას სტუმრობენ. რადგან ზოგი სევდის ტბას არქმევს მას,ზოგიც ღმერთის ტბას,ზოგს მარტოობის ადგილიც დაურქმევია მისთვის. შემდეგ ადამიანები ამ სახელებს ფურცლებზე წერენ და ხის ფუღუროებში ინახავენ.გამოვსებულია ხეები სხვადასხვა სახელებით.ზოგ ფურცელზე ქალის სახელი წერია,ზოგ ფურცლებზე კაცის.ერთ გოგონას ტბისთვის სახელად გიორგიც კი დაურქმევია.ყველა იმის მიხედვით არქმევს ტბას სახელს, რაც გულში უდევს,რაც ტკივა ან აწუხებს.მართლაც, საოცარი ადგილია.აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა ჩახვიდე ამ ადგილას და შენი სახელი მოუძებნო იქაურობას.ტბა კი ძალიან თბილია,ზოგჯერ ცივდება და უსასრულო სითეთრეში იძირება.ტბას უამრავი ადამიანი უნახავს,ზოგი ბედნიერია,ზოგი პირიქით. “ეს ცხოვრებაა” –  ფიქრობს ტბა და უამრავ სახელს ატარებს ღირსეულად.არასდროს წუწუნებს,რომ  უამრავი სახელი ჰქვია. ვფიქრობ, რომ ადამიანებს აბედნიერებთ ის,რომ სადღაც არსებობს ტბა,რომელსაც მათ მიერ მოფიქრებული სახელი ჰქვია.ადგილი,სადაც შეუძლიათ ჩამოჯდნენ და თავისი ფიქრები გაუზიარონ სამყაროს.

მე კი ვიჯექი ტბის ნაპირას და ვფიქრობდი,რომ შემიძლია ჩავდგა ამ ულამაზეს ადგილას სახლი, შემდეგ ავანთო ბუხარი სახლში.ბუხრიდან, ამომავალ კვამლს რომ დაინახავენ ტყეში შეხიზნული ცხოველები, გათბებიან და მეც გამითბება გული.შემდეგ კი, ჩამოვჯდები საყვარელ ადამიანთან ერთად  ტბის პირას და სიჩუმეში ჩავიძირები.ცა, უამრავი ვარსკვლავით იქნება სავსე.შემოდგომით, მოიჭედება ტბის ნაპირი ოქროსფერი ფოთლებით და მის ნაპირას მოფრინდებიან დასაძინებლად ფრინველები. ჩვენ, ტკბილ ძილს ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ ადგილებს და დასაძინებლად წავალთ. დავიფარებ თავზე ვარსკვლავებით მოჭედილ საბანს და გულში ვილოცებ, რომ ადამიანები, როდესაც მოვლენ ტბის ნაპირას, მხოლოდ სიხარულით ჰქონდეთ გული სავსე. თუმცა სხვა გრძნობებსაც გავუძლებთ ადამიანები. ყველაფერს გადავიტანთ და გავუმკლავდებით, მაგრამ ცხოვრებას ყველაზე მეტად უხდება ბედნიერება.