Skip to content

ჩვენ ერთნი სახელად – ბედნიერება

ბედისწერამ მახარობელი გამომიგზავნა, სტუმრები უნდა გეწვიონო, ძალიან შორი მანძილიდან მობრძანდებიან : „იმედი“, „სიხარული“ და „სიყვარულიო“. პირველი იმედი შემოგესტუმრება, დიდი ხნის ლოდინის მერეო, მერე სიხარულიც ფეხდაფეხ მოყვებაო, სამივე კი ერთად, როგოროც წესი, შეძელით და ისე დახვდით გრძნობათა მბრძანებელს, „სიყვარულსო“. ამის მოსმენა იყო და „იმედმა“ შემომციცინა მომღიმარი სახით თვალებში, თავი დამიკრა და მორიდებული გამარჯობის ნაცვლად ლაღი ფრაზა მომაგება.: „ამდენი ხნის ლოდინის მერე შენთანაც მოვედი, დღეიდან ერთნი ვართ და იმედია აღარ გავიყრებითო“. მოულოდნელი იყო მისი ასეთი გულ-სულთბილობა, მაგრამ შევძელი და გავითავისე, შევისისხლხორცე, მახარობლის დანაბარები მასაც გავუზიარე და მზის ამოსვლისთანავე ერთად შევუდექით „სიხარულის“ მობრძანებისთვის მზადებას. იმედი რისი იმედია, რომ არ გამოგაცოცხლოს, გაგამხნეოს, გაგალამაზოს, გაგაღიმოს… ამ ყველაფერთან ერთად ისიც შეძლო და მზის ამოსვლამდე სულის ყველა სენი განკურნა და განდევნა ჩემგან – „სიხარული“ მოდის და უნდა დავხვდეთო. ერთ დიდ სამზადისში ვიყავით, მოულოდნელად, ზარის ხმასავით გადაიკისკისა და გადამხიარებული „სიხარული“ შემომხიარულდა ჩვენს „ერთობაში“. არავის უგვრძვნია იქ უცხოობა, იმდენად ერთნი ვიყავით ერთ დროს, უბრალოდ დიდ ხანს მოუხდათ „სამყაროსეულ ტურნეში „ ყოფნა, ბოლოს მიხვდნენ, რომ მე, მარტო ვერ დავხვდებოდი გრძნობათა მბრძანებელს, ერთმანეთს შეახსენეს თავი, რომ აქ, სადღაც შორს, მართლა მჭირდებოდა მათი გვერდში ყოფნა, ღირსეულად დახვედრა, შეხვედრა, დატევა და გათავისება რომ შემძლებოდა გრძნობათა გრძნობის.
სამყაროც გახალისდა ჩვენი ერთობით. უკვე სამნი კი არა ბევრნი აღმოვჩნდით. მზემ სითბო და სიკაშკაშე ჩემზე იყოსო. მთვარემ – გრძნობები, მელანქოლიები და ოცნებები მისახსოვრა. სეზონებმა არც ჩვენ ჩამოგრჩებითო და ყველაფერი თავისი დოზითა და სილამაზით მოგეძღვნება ჩვენგანო…
ვცდილობდი მესწავლა ამდენი ემოციის ჩემში დატევა. უფრო მეტი სილამაზე აღმომეჩინა უკვე არსებულ სილამაზეში. ვიცოდი, რომ ძალიან ახლოს იყო უკვე ყველასთვის სანატრელი „სტუმარი“… გადიოდა დღეები და ჩვენ „ერთნი“ მოუთმენლად ველოდით მის გამოჩენას. რაც ახლოს მოდიოდა და რაც უფრო პატარავდებოდა მანძილი, მით მეტი იყო მოლოდინის ემოცია, მით მეტად მიცემდა გული და უფრო მეტად ველოდი მზის ამ! ოსვლას…
საოცარი ნათება შემოგვეგება, ვიცოდით უკვე, რომ გრძნობათა მბრძანებელს თავისი ამალა მოაცილებდა. სული მეტად ამითრთოლდა, აღარ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ამხელა სიხარულისგან. ამალის ბოლოს საზეიმო ნათებაში თვალი ძლივს გავუსწორე და გრძნობათა გრძნობის დანახვა შევძელი. უფრო ლამაზი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. რთულია მოკვდავმა გადმოსცე ყველა ის სილამაზეები, რაც მასში აისახებოდა, რაც მის გარშემო ხდებოდა. გარშემო უამრავი ფერი საოცარი ჰარმონიულოით გადადიოდა ერთმანეთში, არცერთი არ უშლიდა ერთმანეთს ხელს.
საზეიმო ეიფორია ნელ-ნელა ცხოვრებისეულ რიტმს დაუბრუნდა. გრძნობათა გრძნობა ყველამ ერთად ვამეფეთ ჩვენში. ყოველი გათენება იწყება იმაზე ფიქრში, როგორ აღვაზეოთ ჩვენი „მბრძანებელი“, როგორ გავახაროთ, როგორი საჩუქარი მივუძღვნათ იმისთვის, რომ მეტად გავახალისოთ. რა გავაკეთოთ ისეთი, რომ სამუდამოდ, სამყაროს არსებობის ბოლო წუთამდე ჩვენში მეფობდეს.
იმედმა მითხრა: „მართალია მე ხვალინდელი დღის კეთილის მოსურნე ვარ, მაგრამ არავინ იცის ხვალ რა იქნებაო. დღევანდელი სიყვარულისთვის მეტი სითბო გაეცი, უფრო მეტი რომ დაგიბრუნდესო.“
სიხარულმაც არ დაყოვნა და გადმომხიარულდა: „იხარე და ეცადე შენი სიხარულით „მბრძანებელი“ ისე გაახარო, რომ არასდროს გაუჩნდეს სურვილი გასვლა-წასვლა-დატოვებისაო. რაც მეტად მისწავლი და გამითავისებ, მით მეტად გავიზრდები შენში და მით მეტად გავხდები შენიო.“
გრძნობათა მბრძანებელი უსმენდა ჩვენს საუბარს, გაიღიმა და თავისთან მიგვიხმო. – „იქამდე ვიქნები თქვენში სანამ ერთად ხართ და სანამ ერთნი ხართ. შეძელით და ნურასდროს დაშორდებით. რაც მეტად გაიზრდებით, გაფართოვდებით, გადახვალთ საზღვრებს, ჩვენი „სამეფოც“ გაიზრდება, მეც მეტად გავძლიერდები და ვეღარავინ დაგვამარცხებს, ვეღარც „ტყუილეთის სამეფოს მბრძანებელი“, ვეღარც „ღალატიანთა სამფლობელო“. „იმედო“, დაგვიდექი გვერდში და ერთად გავანადგუროთ „უიმედობა“ „სიხარულო“, ისე უნდა მხიარულობდე, რომ სევდამ დაივიწყოს ჩვენი არსებობა! შენ კი ჩემო კარგო, მხოლოდ ერთი გევალება, უნდა გვისწავლო, შენში დაგვიდო ბინა, დაგვიტიო და ჩვენით იცხოვრო. შენ გვაცხოვრე და ჩვენ ვიბრძოლებთ!“
გამომგზავნი/ავტორი: ლელა გულიშვილი