Skip to content

ქვისაგან გაკეთებული წვნიანი

ერთხელ 3 ჯარისკაცი ბრძოლიდან ბრუნდებოდა. სამივენი ძლიერ დაღლილ–დაქანცულები და მშიერები იყვნენ, როდესაც მათ ერთ სოფელს ჩაუარეს.
ბრძოლებისაგან გაჩანაგებულ სოფელში ხალხი უკიდურეს სიღარიბის პირობებში ცხოვრობდა და საკვების მოპოვება ძალიან უჭირდათ.
როდესაც ჯარისკაცები სოფელში შევიდნენ მათ, რაღაც მოილაპარაკეს ერთმანეთში და ამის შემდეგ ერთ–ერთი მათგანი მივიდა სოფლის უხუცესებთან და უთხრა:
– ვიცით, ძალიან გაჭირვებაში ცხოვრობთ და არაფერი გაგაჩნიათ ისეთი , რომ ჩვენც გაგვიზიაროთ, მაგრამ ჩვენ გვსურს, სოფელს დავეხმაროთ და ჩვენი ერთი საიდუმლო გაგიზიაროთ: ჩვენ გასწავლით, თუ როგორ შეიძლება გააკეთოთ წვნიანი ქვისაგან.
სოფლის მაცხოვრებლები ძალიან დააინტერესა ჯარისკაცთა შემოთავაზებამ.
მათ მოიტანეს შეშა და დიდი კოცონი დაანთეს სოფლის შუაგულში. ჯარისკაცებმა კი მასზე დიდი ქვაბი შემოდეს, შიგ ქვები ჩაყარეს და წყალი დაასხეს.
როდესაც წყალი ადუღდა ერთმა ჯარისკაცმა თქვა:
– უკვე ძალიან კარგი წვნიანია, მაგრამ ამას ცოტა მარილი და მწვანილი მაინც მოუხდებოდა.
მე ვიცი სადაც შეიძლება მქონდეს ცოტა მარილი და მწვანილი – წამოიძახა ერთმა ადგილობრივმა და სახლში გაიქცა მათ მოსატანად. და როდესაც უკან დაბრუნდა ხელში მწვანილთან და მარილთან ერთად ერთი მოზრდილი თალგამიც ეჭირა.
თალგამის მოხარშვის პროცესში სულ უფრო და უფრო მეტ ადგილობრივს გაეხსნა გონება და გაახსენდა, რომ სახლში ჰქონდა სტაფილო, ხორცი, კარაქი და ბოთლი ღვინო და ა.შ
საბოლოოდ, ქვის წვნიანის მომზადება ნამდვილ ლხინში  და მხიარულებაში გადაიზარდა .ჯარისკაცებმა და ადგილობრივებმა იცეკვეს, იმღერეს, გაერთნენ და მოკლედ დროებით მაინც დაივიწყეს თავიანთი გაჭირვება.
მეორე დილით, როდესაც ჯარისკაცებმა გაიღვიძეს აღმოაჩინეს, რომ მათ გარშემო მთელი სოფელი იყო შეკრებილი და ყველას რაღაც საჭმელი ჰქონდა მათთვის საჩუქრად მოტანილი.
– თქვენ გუშინ უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთეთ – უთხრა ჯარისკაცებს ერთმა უხუცესმა. თქვენ ერთი დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩაგვიტარეთ და ჩვენ ამას არასოდეს დაგივიწყებთ. არ დაგივიწყებთ, რომ გვასწავლეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ქვისგან წვნიანი გააკეთოს..
ამის შემდეგ, ჯარისკაცების რიგს ერთ–ერთი მათგანი გამოეყო და ხალხს უთხრა:
თუ ამაში რაიმე საიდუმლოება იმალება ეს მხოლოდ ერთ სიტყვაში გამოიხატება: და ეს სიტყვა გაზიარებაა. მხოლოდ გაზიარების შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ ასეთ მძიმე პერიოდში შეიქმნას ლხინი და მხიარულება.
და ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლოებაც ამაში მდგომარებს: რაც უფრო მეტს უზიარებ, მით უფრო მეტი გაქვს…