Skip to content

ფიქრები ფიქრებზე

გიგვრძნიათ ხანდახან უსაზღვრო სიცივე, რომელიც ეუფლება არა თქვენს სხეულს, არამედ გყინავთ სიღრმისეულად, თითქოს და ეს სიცივე ეუფლებოდეს თქვენს სულს. სწორედ ასეთი სიცივე მყინავს, თურმე სულსაც აწუხებს მარტოობა. ვიდრე წერას გავაგრძელებდე მინდა ვთქვა: ეს არის ~ფიქრები ფიქრებზე` რაც ყოვედღიურობას ეხება და წამის ბილიკებს მალულად, ჩუმად მოჰყვება.
  • დავაფასოთ ერთმანეთი დღეს, როდესაც ერთმანეთის გვერდით ვართ და ერთად ვიზიარებთ ამ მწარე წუთისოფლის ბევრ სიმძიმეს და ხანდახან სასიამოვნო გამონათებასაც. მკვდარს ვიხსენებთ კარგად, ვამბობთ: რა კარგი პიროვნება იყოო !!!
ადამიანს სიცოცხლეშივე სჭირდება დაფასება, სითბო, სიყავრული და ნუგეში. მკვდარს ვერ გაათბობს ჩვენი თბილი სიტყვები, მკვდარს ვერ ჩასწვდება სულამდე – ის ბავშვური ღიმილი, რომელიც სულს გითბობს. გაგრძნობინებს ზრუნვას, სიყვარულს, რომლის დროსაც გეუფლება ოლიმპიური სიყვარული: გიყვარდეს ყველა და ყველაფერი რაც შენს ირგვლის არსებობს. ადამიანს სიცოცხლეშივე სჭირდება ღვთის ის ნიჭი, რაც უფალმა ჩვენ გვარგუნა, ნიჭი სიყვარულისა. რომელიც თავიდათავია იმ საოცარი სურვილისა, რაც ჩვენს ყოველდღიურობას ალამაზებს და განუმეორებელს ხდის, ბადებს ჩვენში ერთ-ერთ ლამაზ სურვილს: ვიარსებოთ ერთმანეთით და ერთმანეთისთვის. მალე გადის დრო და ვკარგავთ ახლობლებს, გვტანჯავს მონატრება და სინანული: რომ ვეღარ ვაჩუქეთ უფრო მეტი სითბო, ვეღარ ვაჩუქეთ ის წრფელი გრძნობები რომლებიც გვინდოდა მათთვის გაგვეზიარებინა. მტანჯველია ეს სინანული, მაგრამ ამ სინანულსაც ვერ გავექცევით.
  • მძიმედ გავდივართ ამ წუთისოფელს და არც გვინდობს. ყველაზე მეტად კი ებრძვის მას, ვინც მის დასასღვრულ კანონებს არ ემორჩილება და ცდილობს მისი ცხოვრებისეული ასპარეზი გამარჯვებით განვლოს, ნათელი ზნეობით ცხოვრობდეს. ჭაბუა ამირეჯიბმაც, დათა თუთაშხიას პერსონაჟით ეს არ გვითხრა: ჩვენივე საქმეების შენობა, ჩვენივე ზნეობის საძირკველზე დგას. და სწორედ ერთ-ერთი ბრძოლა – მართალი, ნათელი ზნეობის არსის ძიებაშია. ეს წუთისოფელი ხშირად მუხლებზე გვაგდებს და ჩვენ მაინც ვიბრძვით, ცხოვრების ფარ-ხმალს არ ვყრით. ძლიერი და ბედნიერია ასეთი ადამიანი, ის ებრძვის ამ ცხოვრებასაც და საკუთარ თავს, საკუთარ შიშს.
  • ამ ბრძოლაში ხშირად ვკარგავთ ახლობლებს, ვკარგავთ იმ ერთადერთ საყვარელ ადამიანს, რომლის ზრუნვა, სიყვარული და თბილი სიტყვები ისევე საამურია როგორც, დედის თბილი კოცნა ძილის წინ. ამ დანაკარგის ფასს, მხოლოდ მაშინ ვხვდებით როდესაც გავა დრო და მივხვდებით, რა უძვირფასესი გრძნობა და პიროვნება დავთმეთ, გვენატრება მისი სიცილი, გაბრაზება, სიყვარული და ბავშვური, ახალგაზრდული გიჟური საქციელები. გვენატრება ისე, რომ წამით არ გავსვენებს მასზე ფიქრი და ჩუმათ, მალულად და ხანდახან საკუთარი თავისგან მალულადაც კი ვოცნებობთ და ვგეგმავთ მის დაბრუნებას, მაგრამ…ისევ ეს დამღლელი და გარდაუვალი ბრძოლა, სიმძიმეები, ვერ მივდივართ წინ, გვაბრკოლებს ის რომ – ჯერ იმ საზღვარსაც კი ვერ მივუახლოვდით, რომ მცირეხნით მაინც დავისვენოთ, განვიმტკიცოთ ჩვენივე მეობა და გავბედოთ ამ მომენტში: აუსრულებელი სურვილის ასრულება.
  • მძიმეა ეს წუთისოფელი და არც გვინდობს. მთავარია სული და რა გაქანებას მისცემ მას. ზოგი ადვილ გზას ირჩევს, ზოგი კი – გზას, რომელზეც გაუსაძლისი სიცივეა და ცხოვრების ბოლო წამადე დამღლელი ბრძოლა გველის: ცოდვებთან, შიშთან, სირთულეებთან და საკუთარ თავთან. მაგრამ ეს სიძნელეები გვასწავლის როგორ ვიბრძოლოთ და გავიაროთ ეს მძიმე ასპარეზი, შევიცნობთ საკუთარ თავს.სათქმელი ბევრია, მაგრამ…
  • ვიცი: ამ ჩანაწერს მოჰყვება ირონია, ან ვერ გაიგებენ ან საბედნიეროდ ზოგიერთი ჩასწვდება სათქმელს.
  • ირონია – გვაშინებს, მაგრამ ამის გაბედვაც კი ბრძოლაა საკუთარ თავთან, იმოქმედო და იცხოვრო ისე, როგორც გინდა, როგორც გკარნახობს ,,შენი შინაგანი სამყარო” , დაანგრიო საზღვრები და არ აჰყვე ადამიანობის მასკარადს, რომელშიც სამწუხაროდ დღეს ბევრი მონაწილეობს. ნუ მიწყენთ ამ ნათქვამს, ეს მწარე რეალობაა…
გამომგზავნი/ავტორი: გიორგი გელაზონია