Skip to content
რამდენი რამ გადახდენია ამ მიწას, რა სისხლისღვრა და გოდება,რა ხმალთაკვეთება, დაცემა და გამარჯვება. ერთმანეთის სისხლიც გვიქცევია, ერთმანეთის ხორციც კბილებით გვიგლეჯია, ბევრი შეგვიცოდავს და ბევრიც საგმირო გვიქმნია. ჯვარი შეგვინახავს და მამული გადაგვირჩენია. ალბათ მიტომაც რომ უფრო გვივაჟკაცნია ვიდრე გვიმხდალია, უფრო გვიერთგულია ვიდრე გვიღალატნია,უფრო გვყვარებია ვიდრე გვძულებია და ასე ერთობაში ხანაც კი ერთმანეთთან მტრობასა და ჭიდილში საუკუნეები გაგვითელია.
და ახლა ისევ გარს ეხვევა მუმლი მუხას. მუმლი მტერია მუხა საქართველო. უბედურება ისაა რომ მუმლი თავად ჩვენა ვართ მუხასთვის, ჩვენა ვართ ჩვენი სიბრმავით, ჩვენი უმოქმედობით, ჩვენი საუნჯის დაუფასებლობით. აქამდე გაუძლო მუხამ. საუკუნეთა მანძილზე ღრმად გაედგა მიწაში ფესვები. მერე რამ გააძლებინა, რამ გადაარჩინა. იმ ქართულ ფესვებს ქართული წყარო აცოცხლებდა. მუდმივ გმინვასა და მტერთან ჭიდილში საზრდოდ მოევლინებოდა ძალაგამოლეულს. ფესვებიდან ტანსა და ტოტებში აღწევდა ,ძალით აღავსებდა და ასულიერებდა. თანდათან დაშრა და მიილია ის წყარო. ახლა მის ადგილას სხვა წყალი მოჩუხჩუხებს, სხვა აქვს სათავე და სხვა კალაპოტი. არც მრავალჟამიერს მოიმღერის და არც სხვას ქართულს. მუმლი კი აღარ ასვენებს. წაიქცევა მუხა…
დიდი გვაქვს წარსული, უფრო დიდი და ღრმა კი ფესვები. ჩვენი სისუსტე ისაა მხოლოდ რომ ამ წარსულს ვერ შევიცნობთ , ამ ფესვებს ვერა და ვერ ვგრძნობთ ფეხქვეშ. ვერც იმას ვგრძნობთ რომ ეს მიწა, რამდენჯერ აოხრებული , სისხლითა და ოფლით შენახული ჩვენია, ჩვენი საძვალეა,ჩვენი მოსავლელია და არა სხვისი. ღვთიური საუნჯე რაც კი გაგვაჩნია ჩვენი დასამღერია, ჩვენი შესანახია და არა სხვისი…
გამომგზავნი/ავტორი: სალომე ჩიხლაძე