80 წლის რომ გახდებით ინანებთ რომ ბევრი რამე შეცდომით გააკეთეთ და ყველაზე მეტად იცით რაზე ჩაგიკვდებათ გული? რომ რაღაცის გაკეთება გულით, შეიძლება მთელი ცხოვრებაც გინდოდათ, მაგრამ შიშით ვერ გააკეთეთ, ვერ გადადგით პირველი ნაბიჯი.. არადა, იცოდით, რომ სწორედ პირველი აგურით იწყება ცათამბჯენის აშენება.
თქვენი ოცნებები დასამარდა და ვერ შეძელით საკუთარი ცხოვრების იდეალიზაცია.. იარსებეთ და ცოტა ხანში გული გიგრძნობთ, რომ დღეს მოკვდებით!
დღეს თქვენი სიცოცხლე გათავდება! თვალზე სიმწრის ცრემლი მოგადგებათ, ყელში ბურთი გაგეჩხირებათ და ოცნებები სიკვდილის წინ მკვდრის სულებივით მოვლენ თქვენს განსასჯელად.. მერწმუნეთ, ხმას ვერ ამოიღებთ, რადგან სისხლის დიდი ნაკადი უკვე ტვინისკენ დაიწყებს წნევით, გველივით, ინექციურად მოძრაობას.. თქვენ შეიცნობთ სიკვდილის მოახლოებას, თვალები გაგიფართოვდებათ.. ჩამომხმარი, უემოციო ხელები სავარძლის სახელურზე აგიკანკალდებათ.. ბებერი გული ბოლოჯერ აგიჩქარდებათ, აგიფართხალდებათ და პირს ფართოდ გააღებთ, რომ დაიძახოთ ,,არააა! ვინმემ მიშველეთ! ვკვდები! ” მაგრამ ხრიალის მეტს ვერანაირ ხმას ვერ გამოსცემთ, რადგან ჯერ მათ – ოცნებებმა უნდა გიკივლონ, გაგასამართლონ, გიტრიალონ ქორებივით და სამუდამო ვერდიქტი გამოგიტანონ..
 ოცნება I
– რა მიყავი? რატომ დამასამარე? რა დაგიშავე? მე ხომ შემეძლო შენი გაბედნიერება? მე ხომ მქონდა ფრთების შესხმის უფლება?
 ოცნება II
– მშიშარავ, ლაჩარო..
 ოცნება III
– უნებისყოფო მკვდარო..
 ოცნება IV
– შენზე სუსტის აზრს, რომ ითვალისწინებდი, შენზე ძლიერი არ არსებობდააა?
 ოცნება V
– ხვალ, ხვალ, ხვალ.. რატომ არ დაგელია ეგ წყეული ,,ხვააალ”? ტრაბახობდი, იქედნიდი და საქმე? სად იყო საქმე? ლაჩარი ხარ და მეტი არაფერი..
 ოცნება VI
– ჰყვებოდი და იცოდი ვის ჰყვებოდი? აბა გამოიცანი? შენზე სუსტებს, რათა მათ თვალში ამაღლებულიყავი.. რა, არ იყო მასე? ნაგავი ხარ და კუბოს მაგივრად სანაგვე ურნას იმსახურებ..
 ოცნება VII
– სუფრის თავში წამომჯდარო მამლაყინწავ რატომ გამწირე? საქმის გარეშე რა გეგონა შენი თავი? სიკვდილმა ყველა შენს თანამეინახეს ბოლო მოუღო და მითხარი რა დარჩათ მათ? სმა-ჭამა? ლხინი? აბა რომელი დატოვეს ან რომელი წაიღეს იმ ქვეყნად? იმ მიწაში დაიმარხნენ, რომელსაც საკუთარი ნაჭამ-ნასვამით აპოხიერებდნენ და რა შერჩენაზეა ლაპარაკი? ჩემი თავი მეცოდება შენს ტვინში, რომ ვიყავი სამუდამოდ გამომწყვდეული…
 ოცნება VIII
– “ამას ვიზავ, იმას ვიზავ.. ” აბა შენი გაკეთებული? ჩვენთვის შეღიტინებაც კი გეზარებოდა.. საჭმელ-სასმელი გქონდა, სხვა რა გინდოდა? ფუუ შენიიი…
 ოცნება IX
– ბარემაც უნდოდა, მარა ბედის ვარსკვლავს ელოდებოდა.. ის, ხომ იმსახურებდა ,,იღბლიან დარტყმას”, ,,დიდი კუშის მოგებას” და ფორტუნას ბრმა ისარს? თავი ოუშენი ეგონა.. არ უნდოდა ბიჭს შრომა..
 ოცნება X
– დედაშენი შენზე ნერვიულობას გადაჰყვა.. კიბომ შეჭამა.. ხომ შეპირდი, რომ კიბოს წამალს გამოიგონებდი? სად წავიდა შენი დაპირება? შენ არ იყავი ის ბიჭი, სიკვდილიდან ერთ თვეში საფლავთან ბოდიში რომ მოუხადე, – დედა მაპატიე, დანაპირებს ვერ ვასრულებოო ??? სულ რაღაც ერთ თვეში გატყდი და ჩაგვკალი.. ვინ იცის, იქნებ მედიცინის მომავალიც ჩაკალი? შე საბრალო..
.. და უცებ, წამის მეასედში ყველა ოცნება ისუსება, წყვეტს კივილს და იღება კარი.. სატანისებური სიჩუმე დგება თქვენს ოთახში, რადგან ეს ის არის.. ბატონი სატანა.. და იგი მობრძანდება ექსტრავაგანტულად, მოაბიჯებს წითელ ხალიჩაზე.. აბობოქრებული ოცნებებიც უჩოქებენ და თავს უკრავენ დიქტატორს..
– გაქრით აქედაააან !!!
…ცვილის სანთელივით იღვენთებიან თქვენი ოცნებები და გადაეცემიან უსასრულობას.. შემდეგ კი ბატონი სატანა ჰოლივუდის ვარსკვლავივით გიღიმით. გიახლოვდებათ, თქვენსკენ მოაბიჯებს, ცრემლიან თვალებში გაკვირდებათ შეშლილი ფსიქიატრის აჟიტირებით და სვავს ერთ მარტივ შეკითხვას:
– აი ვფიქრობ და ვერ გამიგია, თქვენნაირების თავებში ასეთი ბრწყინვალე ოცნებები რატომ ხვდებიან? განა მე არ მინდა წავიყვანო ცოცხალი ლეგენდა? არ გინდათ და რა ვქნა? აბა ჰე, ადექი, გამოადგი ფეხი! ბატონო ჯუმბერ – თქვენ გელით უხარისხო აღსასრული, ხარისხიანი ჯოჯოხეთით!!!
ეშვება ფარდა, ბნელდება ოთახი და სტოპ! გული შეშდება სამუდამოდ… მოხვედით, იფარფატეთ და მიდიხართ.. არაფერი მოგიტანიათ და არც არაფერს ტოვებთ.. ეს უაზრობაა, თუმცა უაზრობა ლოგიკური გაგრძელებით – რამდენიმე წელიწადში ყველა დაგივიწყებთ თქვენი დამსახურებისამებრ.. არ გაგიხსენებენ – მათ არაფერი ექნებათ თქვენზე გასახსენებელი..
იფარფატეთ, იფარფატეთ და მიდიხართ.. სასაცილოა და თან სატირალი – ამას ტრაგიკომედია ჰქვია ჩვენებურ ენაზე და ეს ფარფატიზმია..
გ. ეპიტაშვილი