Skip to content

უფალი ჩვენს გვერდითაა – ხილული სასწაულების ძალა

ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ იმ წყალობას, რომელიც ჩვენს თავს ტრიალებს. ხშირად ხელჩაქნეულნი ვნებდებით სასოწარკვეთას და ვერც კი ვიაზრებთ, რომ უფალი ასეთ დროს ჩვენ გვერდითაა, გვეხმარება, გვიცავს და სანაცვლოდ მხოლოდ იმ მცირედს ითხოვს, რასაც ფეხზე წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება ჰქვია. მორწმუნე პიროვნება ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როდესაც უფლის წყალობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს, უხარია და ღმერთს მადლობას წირავს თითოეული წამისთვის, რომელიც “დღეს” გაატარა. იგი უდიდეს სიყვარულის ატარებს, როცა მართმადიდებლობის ხილულ სასწაულებს ეზიარება. ეს სასწაულები კი ახლა – ოცდამეერთე საუკუნეში ხდება.
აი, რას მოგვითხრობს ჩვენი გმირი – მარიამ კვირჩილაძე საბერძნეთში, კეფალონიის სამონასტრო კომპლექსში ნანახ სიწმინდეებზე, რომლებიც ყოველ მომლოცველს აღაფრთოვანებს და უფლისადმი გადებულ ხიდს ბევრად უფრო გაუმტკიცებს.
მარიამი:
– ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა პირველად მოვხვდი საბერძნეთში. მაშინ ათენში სულ რაღაც 3 დღით დავრჩი და ნანახით ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ კვლავ გადავწყვიტე დაბრუნება. ასეც მოვიქეცი და 2 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავკვეთე ამ სახელმწიფოს საზღვარი. ვიცოდი, რომ საბერძნეთში უამრავი წმინდა და სასწაულმოქმედი ტაძარი იყო, თუმცა სამი კვირის მანძილზე მათი მოლოცვის საშუალება არ მომეცა, ამიტომ მხოლოდ ათენის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ადგილის ნახვით ვკმაყოფილდებოდი და უნდა ვაღიარო, რომ მომწონდა კიდეც ხმაურიანი ქალაქის ქუჩებში სეირნობა. აქ ხომ ყოველ ნაბიჯზე ისტორიისა და მითოლოგიის ულამაზეს ლაბირინთებში ხვდები და კიდევ უფრო ძალუმად შიეგრძნობ პატივისცემას იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დროთა დინებამ ვერაფერი დააკლო.
სწორედ მაშინ, როცა უკვე ვფიქრობდი, რომ საბერძნეთი ამოვწურე, შევხვდი ერთ ქართულ ოჯახს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მოლოცვებს მთელი საბერძნეთის მასშტაბით. ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ ეს მოლოცვები მხოლოდ ქართველებისთვის, ანუ საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი ემიგრანტებისთვის კეთდება. მათ დავუმეგობრდი და ერთ დღესაც შემომთავაზეს კეფალონიაში მოლოცვისთვის ერთად გამგზავრება, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. წიგნებიდან მქონდა გაგონილი იმ უდიდესი სასწაულების შესახებ, რაც კეფალონიაში ხდება ყოველ მარიამობას.
14 აგვისტოს, გამთენიისას, ჩვენი ექსკურსიაც დაიწყო. ექსკურსიის ფარგლებში მოვილოცეთ წმინდა ანდრია მოციქულის მარჯვენა ტერფის უხრწნელი ნაწილი, რომელიც მისივე სახელობის მონასტერშია დაბრძანებული. შემდეგ წმინდა გერასიმეს მონასტერში ვიყავით, სადაც ვნახეთ წმინდანის გაუხრწნელი სხეული და მისი კელია, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს. იქ შესასვლელად კი ადამიანმა ვიწრო ხვრელი უნდა გაიაროს. ამბობენ, რომ ამ ხვრელში გაძრომა არ არის დამოკიდებული წონაზე, იქ შესაძლოა ძალიან გამხდარ ადამიანსაც გაუჭირდეს გასვლა და ჭარბწონიანი უპრობლემოდ გავიდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის სულის სიმძიმესა და მის რწმენაზე. ამაში თავადვე დავრწმუნდი, როცა ვნახე როგორ თავისუფლად გაიარა მასში რვა თვის ფეხმძიმე ქალბატონმა და როგორ დაბრუნდნენ უკან ახალგაზრდა ყმაწვილები. იმ საღამოს მარიამობის წირვას დავესწარით გველების დედა ღვთისმშობლის ეკლესიაში. აქ ყოველ მარიამობას უდიდესი სასწაული ხდება, გველები წირვის დროს გამოდიან და ხატს ეხვევიან, ისინი უვნებლები არიან მორწმუნეთათვის და უამრავ დაავადებას კურნავენ შეხებისთანავე.
ჩვენი ბოლო გაჩერება კი ფორჩხვის დედა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი იყო, სადაც მარიამობა დღეს წირვის დროს ხატზე დაბრძანებული შროშანის გამხმარი ტოტები ყვავილდება და უამრავ სასწაულს ახდენს.
– მარიამ, რამდენად შემზადებული იყავით ბერძნული სიწმინდეების მოლოცვის წინ? წარმოიდგენდით, რომ ბოლოს ასეთი აღფრთოვანებული დარჩებოდით?
– როგორც ავღნიშნე, ამ სიწმინდეების შესახებ მხოლოდ წიგნებში მქონდა წაკითხული. როცა მივდიოდი მეგონა, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებოდა, ვნახავდით ეკლესიებს და ბოლოს დავბრუნდებოდით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმაზე მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ექსკურსია. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ახლაც, მაგრამ ასეთ დიდ ემოციას სიტყვებში ვერ ჩაატევ და ვერც რეალურად იგრძნობ, მანამ, სანამ თვითონ არ მიეახლები ამ უდიდეს სიწმინდეებს და საკუთარ თავზე არ გამოცდი საბერძნეთში არსებულ ხილულ სასწაულს.
– სავალი გზა შორი აღმოჩნდა კეფალონიისაკენ? როგორი განცდა გეუფლებოდათ მგზავრობის განმავლობაში?
– გზა, რა თქმა უნდა, გრძელი იყო და ამასთანავე დამღლელიც. ათენიდან პორტამდე დაახლოებით 6-7 საათი ავტობუსით ვიარეთ, შემდეგ გემით გადავედით კუნძულ კეფალონიაზე და პირველ მონასტრამდე ისევ ავტობუსით მივედით. ანდრია პირველწოდებულის ესკლესიამდე 3-4 საათი დაგვჭირდა. ყოველი შემდეგი მონასტერი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობდა, მაგრამ, ფაქტია, დამღლელი მგზავრობა უმალ გვავიწყდებოდა სასწაულის ხილვით განცვიფრებულ მომლოცველებს.
ცოტა რამ წმინდა გველებზე მოგვიყევი… თქვენ მათ შეეხეთ და ალბათ ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი წუთები მაშინ დადგა, როცა მეუფემ ისინი თავზე დაგადოთ.
– გველების მთელი ცხოვრება მეშინოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს გველი კი არა წმინდანი იყო და ამიტომ არ შემშინებია. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი, როცა ხელით შევეხე. ეს წარმოუდგენელი ემოცია გახლდათ… ვიგრძენი როგორ მომეკიდა ცეცხლი თითებზე და მეგონა, რომ მთლიანად ვიწვოდი. მართალს ვამბობ, ის თითები ახლაც კი მიხურს – ორი დღის შემდეგ. როცა მეუფემ გველი თავზე დამასვა, თვალები დავხუჭე და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ღირსი გამხადა ამ სასწაულის განცდისა.
– თქვენის აზრით, ყოველივე ამის შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა გააცნობიეროს უფლის წყალობის მნიშვნელობა? მითუმეტეს ასეთ დროს ხომ ყველაზე მეტად გრძნობ მართმადიდებლობის ძალას.
– უდიდესი სიწმინდე სუფევს ამ მონასტრებში. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, ერთხელ მაინც მოვიდეს საბერძნეთში და თავად განიცადოს ის სიამოვნება, რაც მე განვიცადე. აუცილებლად ღრმა რწმენით უნდა მიეახლო უდიდეს სასწაულებს, რადგან რწმენის გარეშე ამ ყველაფერს ვერ განიცდი და უბრალოდ მორიგი ექსკურსია იქნება, სხვა არაფერი. ასეთ ადგილას, როცა ხარ, შეუძლებელია არ გწამდეს, რომ ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.
– რას ამბობდნენ თქვენი ქართველი მეგზურები? საბოლოოდ როგორი ემოციებით დატოვეთ კეფალონია?
– ემოციები ძალიან ბევრი დაგვიგროვდა ყველას, თითოეულს საუბარს არ ვაცდიდით და ვცილობდით ერთმენთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი შთაბეჭდილებები. უზომოდ კმაყოფილები ვიყავით ნანახითა და განცდილით. მონასტრებში უამრავი ავადმყოფი იყო მოსული განკურნების იმედითა და რწმენით. ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ სასწაული, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვემახსოვრება და დაგვეხმარება, რათა უფრო გავძლიერდეთ სარწმუნოებაში. ეს ხომ ერთადერთი გზაა ადამიანის სულის საცხონებლად.
უფალმა გააძლიეროს სრულიად საქართველო! ყოველ წუთს ვევედროთ ღმერთს, რომ ცოდვილ ადამიანებს ტვირთი შეგვიმსუბუქოს, სწორი გზა დაგვანახოს და მომავალი გაგვინათოს. უფალმა შეგვიწყალოს და ყველაზე კარგად ვიქნებით!
გამომგზავნი: თემო იკოშვილი;
მომზადებულია: მარიამ კვირჩილაძისა და თემო იკოშვილი მიერ