(სტატიათა ციკლიდან „სიზმარი“, #6)
არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო…
სიზმარი კი არა, კოშმარი უფრო იყო. ცოფიანი ძაღლები მთელი ძალღონით ეწეოდნენ თოკს, რომ მომწვდომოდნენ. მათს წრეში ვიყავი მოქცეული. ცეცხლი და დუჟი გადმოსდიოდათ. ბალანი ადგილ-ადგილ გაქუცული, ზოგან კი, სულაც, გაცვენილი ჰქონდათ, მაგრამ მათ შეეძლოთ საუბარი და მეტიც – დაჟინებული საუბარი .
მოსმენისთანავე მათში ნაცნობი ადამიანები ამოვიცნე, რომლებმაც, როგორც ჩანს ჩემი შესაძლებლობები ჩემზე უკეთ იციან (თურმე ).
– ჩვენ უფროსები ვართ, ჩვენ ვიცით, რა არის შენთვის უკეთესი! – ყვიროდნენ ისინი. – შენი მშობლები ექიმები იყვნენ, შენც ექიმი უნდა გამოხვიდე, ასეთია ჩვენი ოჯახის ტრადიცია!
– ახლა მსახიობი კარიერას ვერ გაიკეთებს! ვერც მხატვარი, ვერც ალპინისტი, ვერც მკერავი..! – ამბობდა ერთი.
– არა, შენ იურისტი უნდა გამოხვიდე, იმიტომ რომ, ბაბუაშენი იურისტი იყო და მთელი ქვეყანა იცნობდა! – ენაცვლებოდა მეორე.
– შენ ბიზნესმენი უნდა გამოხვიდე, ფული იშოვნო და ყველას დაგვეხმარო!
– ჩვენ უკეთ ვიცით, ბიძაშენი მოჭიდავეა, წაგიყვანს, გასწავლის, გაიმარჯვებ!
– მეორე ბიძა უძრავი ქონების მართვას გასწავლის, ჯობია ეს აკეთო!
– ახლა პროგრამისტობა მოდაშია, ყველა კომპიუტერში იქექება, ეგ ისწავლე!
– ბაბუაშენი (მეორე ) ფერმერი იყო, სირიაში ქართული მწვანილი ექსპორტზე გაჰქონდა!
(დროდადრო ამოოხვრა -” რა ქვეყანა დაანგრიეს!” )
– დისტრიბუცია, იცი, რა ფული იშოვება მანდ?!
– მაღაზია გავხსნათ (როგორც ყველამ )!
– საბერძნეთში წავიდეთ (მგონი მალე იქ ბერძნებს ავტონომიას მოვთხოვთ )!
– ბანკში წადი!
– სადაზღვევოში!
– მუშად იმუშავე დროებით!
– მთავარია, რამე იყოს!
– ახლა ისედაც ჭირს სამსახური, დამიჯერე! – მაგრამ, რომლისთვის უნდა დამეჯერებინა?!
თითოეული მთელი ძალით იწევდა, დროდადრო ახერხებდნენ ჩემთვის ტანსაცმლის შემოგლეჯვას, გაქცევა ჭირდა, რადგან გარშემო მეხვივნენ და მათთვის რომ გეკითხა, ყველას კარგი უნდოდა და ნამდვილად ასეა, იქნებ, სურვილი რომც მქონოდა, რთული იყო, არ მომესმინა მათი შეგონება! უცნაური დამთხვევით, ყველამ საუკეთესოდ იცოდა, როგორ უნდა მეცხოვრა მე . ამიტომ, გადავწყვიტე დამეჯერებინა ყველასთვის და მეცადა ყველა სფერო, თუნდაც, ერთდროულად, იქნებ, ასე მაინც დაწყნარებულიყვნენ და თავი გაენებებინათ ჩემთვის და იქნებ, ასე მაინც მეპოვნა ის, რისი კეთებაც ჩემთვის არის განკუთვნილი, მაგრამ არაფერი შეცვლილა!
– შენ არ ცხოვრობ ისე, როგორც ჩვენ გასწავლეთ! ჩვენ უფროსები ვართ, მეტი გვინახავს, მეტი ვიცით!
მანამ ბოლომდე შემჭამდნენ, ისღა ვინატრე: – ღმერთო, გამოსავალი მაპოვნინე!
სადღაც ახლოს, მგლის ყმუილი გაისმა და უკუნ სიბნელეში მგლის ვერცხლისფერმა ბეწვმა გამოანათა.
როდესაც ის დაინახეს, ყველა უკუიქცა, მგელი კი შუაში ჩადგა და მიმართა:
– რომელიმე თქვენგანი აკეთებთ იმ საქმეს, რისი კეთებაც ყოველთვის და მთელი გულით გინდოდათ?!
დუმილი…
– რომელიმე თქვენგანმა ჰკითხეთ ამ ადამიანს, რისი კეთება უნდა თავად?!
ისევ დუმილი…
შემდეგ მე მომმართა:
– შენ თვითონ რა გინდა, რომ აკეთო ცხოვრებაში?!
– მინდა, გავიგო, რისი კეთება მინდა და რა არის ჩემთვის იდეალური საქმიანობა, – გაუბედავად ამოვღერღე მე.
– ძალიან კარგი, მაშ, გეტყვი – ნუ მოუსმენ ნურავის საკუთარი გულის გარდა, არავინ იცის, რა შეგიძლია შენ ან რა გელოდება წინ! შენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს უყვარხარ და ამიტომ ცდილობენ შენს დარიგებას, რომ სწორ გზას დაადგე, მაგრამ არავისთვისაა ცნობილი, სინამდვილეში, რომელი გზა არის შენთვის სწორი, ეს მხოლოდ შენმა გულმა იცის!
– მე მინდა ვაკეთო ის საქმე, რაც ძალიან მიყვარს, რაც მოთხოვნადია და დიდ შემოსავალს მომიტანს, რისი უნარიც მაქვს, მაგრამ არცერთ ჩემს მრჩეველს არ უკეთებია ასეთი საქმე. მე არ მსურს დავუჯერო მათ, მაგრამ ისინი ყოველდღიურად მირჩევენ იმას, რაც მათი აზრით პერსპექტიულია იმის მიუხედავად, რომ არცერთ მათგანს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია!
– მაშ, რატომ უნდა მოუსმინო მას, ვის რჩევასაც არ აქვს რეალური ღირებულება? ყველაზე იაფფასიანი და უხვი, რისი მოცემაც შენთვის სხვა ადამიანებს შეუძლიათ – რჩევაა!
– როგორ ავირჩიო, რა ვაკეთო?
– გაერკვიე შენს შესაძლებლობებში – რა არის შენი ძლიერი მხარე? როგორ შეგიძლია უფრო გააძლიერო? ან რა გიშლის ხელს შენი შესაძლებლობების გამოყენებაში? ან რა ახალი უნარ–ჩვევები გჭირდება? ან როგორი ადამიანისგან ისურვებდი, რომ ისწავლო?
– რა თქმა უნდა, ისეთისგან, ვინც ამ სფეროშია პროფესიონალი!!
– მართალი ხარ! ხოლო რაც შეეხება პროფესიის პრაქტიკული მიდგომით არჩევას, ნუ იფიქრებ, თითქოს რომელიმე სპეციალობაში შენი ადგილი არ არის, რადგან, როდესაც ადამიანი იბადება, მას აქვს მისი გასაკეთებელი საქმე და მისი სამყარო, სადაც ბედნიერებას იპოვნის, თუკი გულს მოუსმენს და ოცნებებს მიჰყვება! დაფიქრდი, შენ ვერასოდეს მიაღწევ დასახულ მიზანს, თუკი ყველა ადამიანის შემოტევასთან გამკლავებას ეცდები. რაკი განსხვავებული ცხოვრება და გზა გინდა, ისიც იცოდე, რომ ბევრი ეცდება შენს გაკრიტიკებას, პომიდვრისა და კვერცხების სროლას, მაგრამ ის, რაც შენ გულით გინდა, ღირს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვად!
– მე რით ვარ გამორჩეული, რომ ასეთი ყურადღება მომაქციე?!
– უბრალოდ, შენ ინატრე გამოსავალის პოვნა! “ვინც აკაკუნებს, კარი მას გაეღება!” ვიცი, რომ ახლა თავისუფლებისა და ოდნავ, მღლევარების შეგრძნებები ცვლიან შენში ერთმანეთს. შენ შეძლებ და იპოვნი ბრწყინვალე მასწავლებლებს, თუკი ამას ისურვებ, ადამიანებს არ სჯერათ, მაგრამ სამყარო ყოველთვის პასუხობს მათ სურვილებზე, როგორც ახლა, როცა ძალიან გჭირდებოდა მხარდაჭერა! შენ თავისუფალი ხარ შენს ცხოვრებისეულ არჩევანში!
გაკვეთილი: 1. შენ იცი უკეთ, რა არის უმჯობესი შენთვის. 2. გამოსავალი აუცილებლად გამოჩნდება, თუკი მის ძიებას დაიწყებ!
სიყვარულით,
თაკო მეფარიშვილი
(2014 წელი)