Skip to content

სხვა „გლახაკი და ქილა ერბო“

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. დაიწყო გზა-გზა სვლა და გულთა ამასა უბნობდა:

– აწ გამდიდრება მოინდომა ღმერთმან ჩემი. ჩავალ ქალაქად და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი: მით თორმეტს ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავყვერავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად დავყიდი. მერმე მით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად დავყიდი.

მერმე მით სახარე ხბორებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, მოვთესავ და აშენებული შევიქმნები.

და ამ გულისთქმაში შეშა აუდვა და ქალაქს გასასყიდლად წამოიღო.

ერთი ხიდი დახვდა. თქვა მან კაცმან: აქ ხარი არ გაიარს, ხმა გავცეო. შესძახა: ჰარიო!

…მოეწონა გლახაკს თავისი გულისთქმა და განაგრძო სვლა გახარებულმან. ჩავიდა ქალაქს, ერბო ნახევარ მარჩილად გაყიდა და იმით წიწილები იყიდა. დაზარდა, დაასუქა და იმით გოჭები იყიდა, მერმე ხბორები. გარჯისა და კეთილი გულისთქმისთვის ღმერთმან განამდიდრა იგი და მალევე ქალაქისაკენ მისასვლელი ხიდიც აღაშენა დიდად. მერმე სხვა მეხრემთაც იწყეს მასზედ სვლა. აშენდა ხალხი და აშენდა სოფელიც და ყველანი ღმერთსა სწირავდნენ მადლს.

განმარტება

ამას წინათ მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობდით და ვგეგმავდით ჩვენს მომავალს. ერთი მეორეს იდეას ახალ იდეას ამატებდა და ავსებდა. ყოველი ახალი ნაბიჯი ჩვენში დიდ სიხარულს იწვევდა და როდესაც სასურველ წერტილს მივაღწიეთ გლახაკისა და ერბო ქილის იგავი გაგვახსენდა. ყველას გული დაგვწყდა, თითქოს ყველაფერი წამში ჩამოიშალა და ჩვენი ყურებიც ჩამოიყარა. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ჩვენში ასე ღრმად ფესვებგამდგარი იგავი გადაწერილიყო და გონებაში ღრმად ჩაბეჭდილი ეს მუხრუჭიც გამქრალიყო.

გლახაკი კარგი ადამიანია. იგი პირველ რიგში ღმერთს ახსენებს, შემდეგ კი გეგმავს ნაბიჯ-ნაბიჯ. იგი არ არის ის პერსონაჟი, რომელსაც არაფრის კეთებით უნდა აშენება. იგი გეგმავს, ემზადება გარჯისათვის და საამისოდ გზასაც კი გაუდგა. ასეთი ადამიანები საზოგადოებისთვის სასარგებლონი არიან, რადგანაც ხედავენ საზოგადო პრობლემებსაც, რაც ამ შემთხვევაში უხეირო ხიდია.

ბევრი იტყვის, „სიბრძნე სიცრუისაში“ მოყოლილი გლახაკის ამბავი ნამდვილი და ცხოვრებისეულიაო… კი, მაგრამ ცოტა გვინახავს მასსავით მართლა აშენებული ჩვენს სამყაროში? ამიტომაც იქნებ უმჯობესი იყოს მოზარდებსა და ზრდასრულებს უფრო მეტი წარმატების ამბავი მოვუყვეთ, ვიდრე მარცხისა და მუხთალი ცხოვრების?

ჩვენი ფიქრები, ხედვები და წარმოდგენები ქმნიან ჩვენს რეალობას, აღძრავენ ჩვენს ყოველდღიურ ნაბიჯებს და გვაქცევენ იმად, რაც ვართ, ან გვინდა რომ ვიყოთ.

და ბოლოს,

კაცი ბჭობდა, ღმერთი მხარში ედგაო… !!!

ავტორი: თორნიკე ჩარგეიშვილი