Skip to content

რამდენი ზებუნებრივი ძალა გვმართავს, გარეგანიც და შინაგანიც, უხილავიც და ხილულიც, რთულია მათთან გამკლავებაც და ერთჭერქვეშ ცხოვრებაც. ეს ძალები სულში შემოდიან და სულის ფერებს ცვლიან, უკითხავად მოდიან და ჩვენს კუთვნილ ადგილს იკავებენ, ადგილს რომელიც ჩვენია, ჯერ შავ-თეთრ ფერებს მიგვაჩვევენ, შემდეგ გვასწავლიან როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ფერებთან ერთად, ჩვენი ცხოვრების თითოელ წამს და წუთს ამ ფერების მიხედვით ვაწყობთ, ვიცვლით ხასიათს შთავაგონებთ საკუთარ თავს, რომ ყველაზე ძლიერები ვართ და ნებისმიერი განსაცდელიდან მარტივად შეგვიძლია თავის დაღწევა, ეს ხმები კი თითქოს ჩვენი  არ არის, უცხოდ ჩაგვესმის ყურში და გვიბრძანებენ ასე მოვიქცეთ, მაგრამ ისევ ვერაფერს გავხდებით, რადგან ჩვენს სულში ჩვენი კუთვნილი ადგილი ძალებს აქვთ დაპყრობილი.

თუკი სადმე განზომილება არსებობს, მერწმუნეთ ყველაზე მისტიური და საშიში განზომილებები სწორედ, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში არის მოქცეული, ჩვენში, ადამიანებშია, ხელს მაგრად გვიჭერენ და და ერთი ადგილიდან, მეორე ადგილზე გვანაცვლებენ, ფეხი თუ სადმე დაგვიცდება და დიდ ტკივილს ვიგრძნობთ, ეს იმიტომ , რომ მათ უბრალოდ ჰაერში აგვისროლეს. დიახ, მოდიან ძალები სულში და სამეფო ტახტებს იკავებენ თავზე გვაზიან და ხმამაღლა დაგვცინიან, დაგვცინიან ჩვენი უსუსურობის და უმწეობის გამო, დაგვცინიან პატარა წერტილებს თავი დედამიწაზე დიდი, რომ გვგონია….

ალბათ, შავ-თეთრი ფერები მალე ბეზრდებათ, ის განწყობაც აღარ მოსწონთ ამ დროს, რაც ადამიანში სუფევს, წუხდებიან და ისევ თავიდან იწყებენ ჩვენს აწყობას, პატარა ბავშვებივით გვექცევიან, თითქოს ლაპარაკს გვასწავლიან. დრო დგება, სულში ნათელი ფერების შემოსვლის, ისევ იგივე პროცესი და ისევ იგივე ბრძოლა, მიჩვეულზე გადაჩვევა, ახალი მეფის გამეფება… ნათელი ფერები გვაბედნიერებენ, სიცოცხლის ხალის გვამეტებენ, მაგრამ შავ-თეთრი ფერების შემდეგ ეს მდგომარეობა ჩვენთვის ისეთი უჩვეულოა, რომ თითქმის იგივეს ვგრძნობთ, რასაც წინა მდგომარეობის დროს. იტანჯება სული ვერ ხვდება, რომელი ფერით ცხოვრება ჯობია, წარმოიდგინეთ, ოთხივე სეზონი უცებ, რომ დაგვატყდეს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი, სიცივე თითქმის არავის არ გვიყვრს, წვიმის, თოვლის, მზის, ქარის ერთდროულად არსებობას, მუდმივი სიცივე ჯობია, ეგუები არსებულს და სწავლობ მასთან გამკლავებას, მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, შედეგად კი შენ, შენთვის არასასურველ მდგომარეობაშიც კი ძლიერი ხდები, რადგან იცი, როგორ იცხოვრო იქ, სადაც არ გინდა იყო…

იტანჯება სული, სულის ფერებისა და სეზონების ცვლილებით, მუდმივ გაურკვევლობაშია, შიში აქვს ყველაფრის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ფერი სიკეთეს მოუტანს თუ არა, მაინც ფრთხილობს და არ სურს განმეორებითი შეცდომები დაუშვას, მაგრამ სხვა გზა არ აქვს ნებდება, იღებს ნათელ ფერებს და აგრძელებს ცხოვრებას ,,შიშისფერი” მოლოდინით, რადგან იცის, რომ ადრე თუ გვიან ახალი სულის მეუფე ისევ შავთეთრ ფერებს მოუყვანს…

ნანუკა ინასარიძე