Skip to content

სამოთხე აქ არის – ჩვენს გულებში !

    გუშინ ანანურში ვიყავი. მზემ გაათბო ჩემი გული. უამრავი მთა ყოფილა, რომელსაც არ ვიცნობ,უამრავი ფრესკა, რომელიც ჯერ ისევ საჭიროებს რესტავრაციას. გუშინ მთები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: “გამარჯობა დადუნა, გვიხარია, რომ მოხვედი. გვენატრებოდა შენი ნახვა და გვინდოდა გაგვეცნო ერთმანეთი. რა საყვარელი ყოფილხარო – მითხრეს და მე კი გამიხარდა, გამეღიმა , მაგრამ ისეთი სახით გავაგრძელე სიარული, თითქოს არ მელაპარაკოს მთებთან, თითქოს არ ვიცოდე, რომ მათი სულიერება გულამდე აღწევს. საყვარელმა მთებმა უკეთ შესძლეს ჩემი დანახვა, ალბათ წაიკითხეს რა წერია ჩემს გულში, ალბათ დაინახეს, რომ სიყვარული მაქვს. გაზაფხულზე ყვავილები და ფოთლები მიჭირავს ხელში. ზამთარში – ზამთარია.

     ძალიან  ლამაზი დღე იყო. დილით თავისუფლებაზე შევიძინე ყვავილების გვირგვინი და პირველად ჩემს ცხოვრებაში დავიჯერე, რომ ტყის ფერია ვარ. გრძელი დღე იყო.არ გავდა იმ დღეებს, როცა სახლში ზიხარ და ფანჯრიდან უყურებ სამყაროს. რამდენი მშვენიერი კუთხეა საქართველოში, რომელიც აოცებს ადამიანის გულს თავისი სიძველით და სილამაზით. მაგრამ ჩვენ ხშირად ვერ ვახერხებთ საკუთარი  ქვეყნის გარშემო მოგზაურობას. სიცოცხლე კი გარბის. სამყაროში ,როდესაც  მშვენიერ ადგილებში მივდივართ ვფიქრობთ, რომ  შეუძლებელია ნანგრევებმა და კედლებმა დაიმახსოვრონ ჩვენი ნაბიჯების ხმა, თუმცა დარწმუნებულეი ვართ, რომ შეგვიძლია ამ ნანგრევების სუნთქვა ყოველთვის, ვატაროთ თან. ალბათ ამიტომ უნდა ვიყოთ მოგზაურები. საქართველოში იმდენი ლამაზი მხარეა სანახავი, რომ მათი მონახულების შემდეგ, ადვილად დარწმუნდები, სამოთხე, ზოგჯერ აქ არის, ჩვენს გულებში –   ჩემსა და შენს –  თქვენსა და ჩვენს შორის.

  ფეხით მოვიარე ანანურის ციხე. გვირილების ზღვაშიც ვისროლე ფერადი კენჭები,მაგრამ ყველაზე მშვენიერი ტაძარი იყო. ეკლესიიდან გამოსული სანთლების და საკმევლის საოცარი სურნელი, ადამიანის სულს ეფერება. თუ რამე გტკივა,თუ ვინმემ თავისი სიტყვით გაწყენინა ოდესმე,თუ ვინმემ თავისი ქცევით გატკინა გული,თუ  ცხოვრებაზე პასუხებს ეძებ, ეს საოცარი სურნელი აუცილებლად გაგრძნობინებს შვებას.აუცილებლად შემოაღწევს შენს სულში უფლის მადლი, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ დილის ცვარივით მცირეა, თუმცა უთბილესი.ადამიანებს სჭირდებათ ფრესკების რესტავრაცია, მაგრამ ღმერთს არა. ის ყველგან დიდებულია და გველოდება, გველოდება როგორმე შევაღოთ მისი გული და ვიპოვოთ ჩვენი წილი სამოთხე, დედამიწაზე.