Skip to content

როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს? – ქართველი ბოდიბილდერის შთამაგონებელი ისტორია

ეს არის ისტორია ჩემს ძმაზე – ოჯახში ყველაზე მამაც და მიზანდასახულ ადამიანზე, რომელიც 2015 წელს მთავარი პრიზიორი გახდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. ვფიქრობ, მისი ბიოგრაფია საინტერესოა იმით, რომ მან ბავშვობიდან დაისახა მიზანი, გამხდარიყო წარმატებული ბოდიბილდერი. მე მის გვერდით ვიდექი და ვხედავდი რამდენ რამეს აკეთებდა ყოველდღე იმისათვის,რომ რეალობა ოცნებაზე უკეთესი ყოფილიყო. თუმცა საზოგადოება,ოჯახის წევრები და ნათესავები არ იწონებდნენ მის გადაწყვეტილებას და ხშირად აკრიტიკებდნენ საყვარელი საქმის გამო.

–„არ არის სასიამოვნო, როდესაც გარშემო ყველა გეუბნება,რომ დაწყებულ საქმეს თავი უნდა დაანებო. ასეთ კეთილისმსურველებს ბევრი არგუმენტი მოჰყავთ შენი ოცნების წინააღმდეგ. ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ბოდიბილდერების კუნთები ხელოვნურად არის გაზრდილი პროტეინებისა და ამინომჟავების საშუალებით. მაგრამ მე არასდროს ვექცეოდი სხვისი აზრის გავლენის ქვეშ და ალბათ სწორედ ასეთი პრინციპულობის გამო შევძელი ოცნების ასრულება.“

სპორტის ამ სახეობამ ჟურნალში ნანახი ცნობილი ბოდიბილდერების ფოტოების ნახვის შემდეგ გაიტაცა. ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობდით, ამიტომ ერთად გვიწევდა მეცადინეობა. მე გაკვეთილებს ვამზადებდი, ის კი ვარჯიშობდა სწორედ ისე, როგორც ცნობილი სპორტსმენების შესახებ გადაღებულ მხატვრულ ფილმებში გვინახავს. ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ელექტროენერგია იშვიათად მოგვეწოდებოდა. არ თბებოდა ჩვენი ოთახი და ინტერნეტი ფუფუნების საგნად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, გეგამ, ფიზიკური ვარჯიშის პარალელურად, ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაცია მოაგროვა ბოდიბილდინგის შესახებ. თავად დაამზადა შტანგა და ჰანტელები.ვფიქრობ, სხვა “მუღამი” აქვს, როცა საკუთარი ხელით დამზადებულ გირებით ვარჯიშობ. რწმენა გიორმაგდება და მზად ხარ, მაქსიმალურად იბრძოლო დასახული მიზნისთვის.
–„ნამდვილ პროფესიონალიზმს სანამ მიაღწევ საქმეში, რომელსაც დღეს მოყვარულის დონეზე აკეთებ, მატერიალურად თავი რომ გაიტანო, გჭირდება სამუშაო, რომლის პარარელურად რამდენიმე საათს დაუთმობ საყვარელ საქმეს. შეიძლება ისეთი სამსახური დაიწყო,რომელიც შენს ინტერესებს ჩამოგაშორებს, რაც ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანები მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადადიან და სხვა მხარეს იწყებენ მოღვაწეობას. ამ ფაქტის გამო ბევრი ადამიანი ივიწყებს საყვარელ საქმეს. მე კარგად მქონდა გაცნობიერებული, რა შეიძლება მომხდარიყო,თუ დავკარგავდი ჩემს მიზანს. ეს იქნებოდა უდიდესი იმედგაცრუება. ამიტომ, ბევრი ძებნის შემდეგ, ისეთ სამსახურზე შევაჩერე არჩევანი, რომლის პარალელურად ყოველდღე ვივარჯიშებდი სპორტდარბაზში”.

ახლა უკვე სპორტსმენებთან ერთად აკეთებდა საყვარელ საქმეს. ბევრ ადამიანს შურდა მისი, მაგრამ მას კეთილი გული ჰქონდა და არასდროს დაბოღმილა სხვებზე. ესწრებოდა ლექციებს, რომლებსაც კითხულობდნენ თანამედროვე ბოდიბილდერები და ხშირად იყენებდა მათ გამოცდილებას. სპორტდარბაზში რამდენიმე მოსწავლე ჰყავდა და დროის მნიშვნელოვან ნაწილს საყვარელ საქმეს უთმობდა. ვფიქრობ, რადგან ბავშვობიდანვე იცოდა, რისი მიღწევა სურდა, არ გაფანტა არც ერთი წამი, არ გადაუხვია დასახულ მიზანს და ბოლომდე გაჰყვა ოცნებას. სწორედ ამიტომ მიაღწია წარმატებას. ის არასდროს შეუწუხებია დეპრესიას, ჰქონდა უშრეტი შემართება და ურყევი რწმენა, საკუთარი თავისადმი. ალბათ ეს იყო ნიჭი, რომელიც გულში ჰქონდა ჩაწერილი.

წარმატების ფორმულად გონებაში თავმოყრილ აზრებს ასახელებს. -“ასეთი ფიქრების დახმარებით, ყოველთვის მოტივირებულად ვგრძნობდი თავს. წარმოვიდგენდი, რისი გაკეთება მინდოდა მომავალში და შემდეგ ვიწყებდი ასეთი ნახატების ამოკრეფას გონებიდან. არ არის ძნელი რეალობად აქციო ოცნებები. უბრალოდ, არავის ქარაგმული ნათქვამი არ უნდა დაიჯერო შენი შესაძლებლობების შესახებ “, -ამბობს ბოდიბილდერი.

ჩვენს ოჯახს, რომელსაც არასდროს ჰყოლია სპორტსმენი, გეგას წარმატებამ დიდი სიხარული მოუტანა. ამჯერად ნათესავები ერთად შევიკრიბეთ და ჩემპიონატზე ყველა ვგულშემატკივრობდით ჩვენს სპორტსმენს,რომელსაც ერთი საათის განმავლობაში შეუძლია 5-10 ტონა სიმძიმე ასწიოს.

-“გქონდეს მიზნები, მაგრამ შენი ოცნებების შესახებ,მხოლოდ საკუთარ გულს ესაუბრე. იფიქრე, იოცნებე და ივარჯიშე. შრომა მხოლოდ კუნთებს არ ზრდის. ის გულს პოზიტივით ავსებს. არ აქვს მნიშვნელობა, აპირებ თუ არა გახდე სპორტსმენი – ყოველდღე ირბინე! დაიწყე სეირნობით, შემდეგ კი მოუმატე სიჩქარეს. ერთ დღესაც შენიშნავ, როგორ დაგებერება ფილტვები და უკეთესად შეძლებ სუნთქვას. თავს მოტივირებულად იგრძნობ და შეგეცვლება სამყაროზე წარმოდგენა.ბოდიბილდერებზე ამბობენ, რომ ჩვენი დაკუნთული სხეული სიბერეში ფიტულს დაემსგავსება. ეს არ არის სიმართლე. ასე ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ ბოდიბილდინგის შესახებ და უბრალოდ, დროის გასაყვანად საუბრობენ. ზემოთ აღვნიშნე, ნახატები ჩვენი წარმატების შესახებ ძალიან ბევრია გონებაში. არ ვიცი,როდის დახატეს ისინი ღმერთებმა, მაგრამ ყველაფერი,იმდენად დამაჯერებლად არის შესრულებული, რომ სხვა გზა არ გვაქვს – თითოეული მათგანი რეალობად უნდა ვაქციოთ.”