Skip to content

როგორ ვიცხოვროთ, ვიდრე გარდავიცვლებით

შენიშვნა: ქვეყნდება შემოკლებული ვერსიით.

დღეს მსურს მოგიყვეთ 3 ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ 3 ისტორია.

პირველ ისტორიას წერტილების შეერთებას ვუწოდებ.

ძაფს ვერ დაახვევ, თუ მუდამ წინ ივლი და მხოლოდ უკან სიარულით შეძლებ მის შეკვრას.

6 თვის სწავლის შემდეგ, კოლეჯიდან წამოვედი. რატომ და როგორ მოხდა ეს?

ყველაფერი მანამ დაიწყო, ვიდრე დავიბადებოდი. ჩემი ბიოლოგიური დედა, ახალგაზრდა, ღარიბი კოლეჯის სტუდენტი იყო და ვიდრე დავიბადებოდი გადაწყვიტა, რომ გავეშვილებინე. მას სურდა, ჩემს მომავალ მშობლებს უმაღლესი განათლება ჰქონოდათ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ერთ ადვოკატ კაცსა და მის ცოლს უნდა ავეყვანე, თუმცა მათ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს – გოგონა სურდათ. ჩემ ახლანდელ მშობლებს კი, რომლებიც სიაში შემდეგ ნომრად იყვნენ, შუაღამისას დაურეკეს და ჰკითხეს:

– ბიჭი გვყავს და ხომ არ გინდათ?

მათ კი უპასუხეს:

– დიახ, რასაკვირველია.

მომავალში ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ აღმოაჩინა, რომ დედაჩემს კოლეჯში არასდროს უსწავლია და მამაჩემს სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული. გაბრაზებულმა უარი თქვა, ხელი მოეწერა გაშვილების დოკუმენტებზე, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ დათახმდა ჩემს მშობლებს, იმ პირობით, რომ ისინი მომავალში უმაღლეს განათლებას მომცემდნენ.

ამის შემდეგ 17 წელი გავიდა და რიდის კოლეჯში ჩავაბარე. მიამიტად ავირჩიე კოლეჯი, რომელიც სიძვირით სტენფორდსაც კი არ ჩამოუვარდებოდა. გადასახადი დიდი იყო და ჩემს ღარიბ მშობლებს სწავლის გადასახადის გადახდა ძალიან უჭირდათ. 6 თვის შემდეგ გადავხედე ჩემს მდომარეობას და ვერაფერი სასარგებლო დავინახე მასში. არ ვიცოდი, როგორ უნდა მეცხოვრა და რა უნდა მეკეთებინა. კოლეჯს არ შეეძლო დამხმარებოდა ამის განსაზღვრაში. აქ მხოლოდ ფულს ვხარჯავდი, რომელსაც ჩემი მშობლები მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდნენ… და წამოვედი… თითქოსდა საშიშადაც კი მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო იმ გადაწყვეტილებებს შორის, რაც კი ოდესმე მიმიღია. კოლეჯიდან წამოსვლის შემდეგ, უკვე შემეძლო ის საგნები მესწავლა, რომელიც თავად მსურდა და მაინტერესებდა და არა ისინი, რაც სავალდებულო იყო და ნაკლებად მიზიდავდა.

ეს რომანტიული სულაც არ ყოფილა. საძინებელი ოთახიც კი არ მქონდა და ხშირად მეგობრების ბინაში ვათევდი ღამეს. 5 ცენტად ვაბარებდი კოკა–კოლას ბოთლებს,რათა საჭმლის ფული მეშოვნა. კვირაში ერთხელ 10 კილომეტრზე მეტს გავდიოდი ფეხით,რომ ინდურ ტაძარში უფასოდ მევახშმა. მაგრამ მე ეს ყველაფერი მიყვარდა და ჩემმა სიყვარულმა, ინტუიციამ და გამჭრიახობამ მომავალში გამოიღო შედეგი.

ნება მომეცით ერთი მაგალითი გითხრათ:

შეიძლება ითქვას, რომ რიდის კოლეჯი კალიგრაფიის საუკეთესო კურსებს სთავაზობდა საზოგადოებას. უნივერსიტეტი და მისი მიმდებარე ტერიტორიები აჭრელებული იყო ლამაზად გაფორმებული პოსტერებით და ბანერებით. მეც ყოველთვის თვალში მხვდებოდა და ლამაზად მახსენდებოდა მათი მშვენიერება. კოლეჯიდან წამოსვლის შემდეგ, გადავწყვიტე კალიგრაფიის კურსები გამევლო. ვისწავლე ფონტის ნაირსახეობები, სხვადასხვა ფორმები და ასოებს შორის დაშორებების კომბინაციები. ამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით ვსწავლობდი და მომხიბლვლელად მეჩვენებოდა, თუმცა მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ამ ცოდნას ოდესმე პრაქტიკაში გამოვიყენებდი. 10 წლის შემდეგ კი, როცა მაკინტოშის პირველ კომპიუტერზე ვმუშაობდით, ეს ცოდნა გამომადგა… მაკი პირველი კომპიუტერი იყო მშვენიერი და გამორჩეული ტიპოგრაფიით. ეს კურსი, რომ არ გამევლო დღეს მაკის კომპიუტერებს ასეთი მრავალფეროვანი დიზაინის ფონტები არ დაამშვენებდა და დარწმუნებული ვარ, რომ კოლეჯიდან რომ არ წამოვსულიყავი ამ კურსებს არასოდეს გავივლიდი…

და კვლავ. ძაფს ვერ დაახვევ, თუ მუდამ წინ ივლი და მხოლოდ უკან სიარულით შეძლებ მის შეკვრას.

უნდა დაიჯერო, რომ ამ წერტილებს შეუძლიათ შენს მომავალთან დაგაკავშირონ. უნდა გჯეროდეს შენი შინაგანი ხმის, შენი დანიშნულების, შენი ცხოვრების, შენი ძალის. ამ მიდგომას არასოდეს უღალატია ჩემთვის და ყოველთვის მეხმარებოდა, რომ გამორჩეული ვყოფილიყავი.

მეორე ისტორია სიყვარულსა და დანაკარგს ეხება.

ერთადერთი გზა, რომ დიდი საქმე აკეთო არის ის, რომ აკეთო ის, რაც გიყვარს. თუ აქამდე ვერ გიპოვიათ ასეთი საქმე, გააგრძელეთ ძებნა, ნუ შეჩერდებით!

გამიმართლა რომ ეს ადრეულ ასაკში გავიაზრე. 20 წლის ვიყავი, როდესაც Apple-ის იდეას ჯერ კიდევ ჩემი მშობლების ავტოსადგომში ჩაეყარა საფუძველი. 10 წლის შემდეგ კი Apple–ი კომპანია გახდა,რომელსაც 4000–მდე დაქირავებული ჰყავდა. შემდეგ მაკინტოში გამოვუშვით და ერთი წლის შემდეგ კი კომპანიიდან გამომიშვეს. სასაცილოა არა? გიშვებენ იმ კომპანიიდან, რომელსაც საფუძველი შენ ჩაუყარე?!

ჩვენ დავიქირავეთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად უნდა გაძღოლოდნენ კომპანიას და ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, რომ არა კომპანიაში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული განსხვავებული შეხედულებები და როცა უთანხმოება მოგვივიდა, დირექტორთა საბჭომ მათ დაუჭირა მხარი და მე კომპანიის ფარგლებს მიღმა დავრჩი. ეს ძალიან დიდი სკანდალი იყო – სკანდალი, რომლის შესახებ მთელმა საზოგადოებამ შეიტყო და ეს თითქოსდა გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი რა მეკეთებინა, რამოდენიმე თვის განმავლობაში. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი და გადავწყვიტე, რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო.

Apple-იდან გამოშვება, ერთ–ერთი ყველაზე კარგი რამ იყო, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. წარმატებული ადამიანის ნაცვლად მე კვლავ დამწყები ვიყავი, თავიდან ვიწყებდი ყველაფერს ახალი ძალებითა და ახალი ენთუზიაზმით. შექმნილმა მდგომარეობამ გამათავისუფლა და საშუალება მომცა , რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებით ნაწილში გადამენაცვლა.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი კომპანია NeXT –ში და ასევე კომპანია Pixar–ში და ამ პერიოდში გავიცანი ქალი, რომელიც შემიყვარდა და ჩემი მეუღლე გახდა. სტუდია Pixar–ში, შევქმენით პირველი კომპიუტერულად ანიმირებული მულტფილმი “სათამაშოების ისტორია” და ახლა Pixar– ი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა…

მოულოდნელად ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. Apple -მა კომპანია NeXT იყიდა და მე კვლავ უკან დავუბრუნდი. დღეს Apple აქტიურად იყენებს იმ ტექნოლოგებს , რასაც კომპანია NeXT– ში ვავითარებდით, მე და ჩემს მეუღლეს კი მშვენიერი და ბედნიერი ოჯახი გვაქვს შექმნილი. ვიცი, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ მე ისევ Apple–ში დავრჩენილიყავი. დიახ, ახლა ვხვდები, რომ ეს ცხოვრების სასტიკი ტესტი იყო, რომლის ჩაბარებას მოთმინება სჭირდებოდა…

ცხოვრება ძლიერად გვკრავს ხოლმე ხელს. ნუ დაკარგავთ რწმენას! ახლა ვხვდები, რომ ერთადერთი რამ, რის გამოც გზა გავაგრძელე იყო ის, რომ მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი… აუცილებლად უნდა იპოვოთ საქმე, რომელიც გიყვართ. სამუშაო თქვენი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთადერთი გზა, რომ ცხოვრების ამ ნაწილით კმაყოფილი დარჩეთ ისაა, რომ აკეთოთ ის, რისი კეთებაც გიყვართ! თუ ჯერ კიდევ ვერ გიპოვნიათ ასეთი რამ, გააგძელეთ ძებნა – არ შეჩერდეთ! რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი გულისთვის მაშინ გაიგებთ, როდესაც იპოვნით და ყოველი დიდი ურთიერთობის მსგავსად ისიც, წლებთან ერთად, უფრო მტკიცე და ძლიერი გახდება. ეძებეთ. ნუ შეჩერდებით!

და მესამე ისტორია სიკვდილის შესახებ.

იმის გახსენება, რომ ღირსეულად მიდიხარ იმქვეყნად საუკეთესო გზაა იმისა, რომ სიკვდილის აღარ შეგეშინდეს.

17 წლის ვიყავი, რომ ასეთი გამონათქვამი წავიკითხე: “თუ იცხოვრებ ისე თითქოს ყოველი დღე შენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ნამდვილად მართალი ხარ.” მას შემდეგ 33 წელი გავიდა და ყოველთვის, როდესაც ყოველ დილით სარკეში ვიხედები ჩემს თავს ვეკითხები: თუ დღეს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე იქნებოდა გავაკეთებდი კი იმას რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ? და თუ პასუხი არის “არა”, მაშინ უკვე ვხდები, რომ საჭიროა რაღაც შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში.

იმის გახსენება, რომ მალე გარდავიცვლები ძალიან მეხმარება, რომ მივიღო დიდი გადაწყვეტილებები. რადგან ყველაფერი: ყველა მოლოდინი, სიამაყე, დამარცხების შიში და მოკრძალება – უკან იხევს სიკვდილის წინაშე და რჩება მხოლოდ ის რაც ნამდვილად ღირებულია. უკვე თავისუფალი ხარ და აღარ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ არ მისდიო შენი გულსა და ინტუიციას…

არავის სურს მოკვდეს. ადამიანმა ზუსტად რომ იცოდეს, რომ სამოთხეში მოხვდება, მაინც არ მოინდომებს ამას. თუმცა სიკვდილი დანიშნულების ადგილია, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ. არავის შეუძლია გაექცეს მას და არც არავინ გაქცევია აქამდე. ეს ასეც უნდა იყოს – სიკვდილი სიცოცხლის ყველაზე საუკეთესო აღმოჩენა და დასასრულია, ის ცვლის სამყაროს, მიაქვს ძველი და გზას უგებს ახალს.

თქვენი დრო შეზღუდულია, ნუ გაფლანგავთ მას. ნუ მისდევთ დოგმებს, რომლებიც სხვა ადამიანების ცხოვრებიდან გამომდინარეობს და სხვათა გამოცდილების შედეგია. ნუ მისცემთ სხვის ხმას ნებას, რომ თქვენი საკუთარი ხმა ჩაახშოს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მიჰყევით თქვენს გულსა და ინტუიციას. მათ თითქოსდა იციან, თუ რა გსურთ სინამდვილეში… დანარჩენი ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია…

ეძღვნება სტივ ჯობსის ხსოვნას; თარგმანი:თემო ბერიშვილი