Skip to content
ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოგვიდგენია. ხშირად ვაწყობთ სამომავლო გეგმებს, ვფიქრობთ უამრავ რამეზე. საინტერესოა, საიდან მოდიან ფიქრები, რისთვის? ამბობენ რაზეც ვფიქრობთ სიზმარშიც იმას ვხედავთო. ფიქრები ხშირად შემოჭრილი აზრებია ან ოცნებები. გულსატკენია, როცა ოცნებასთან ასე ახლოს ხარ და ამავდროულად შორს… რაღაც არ გამოგვდის და მაშინვე წუწუნს ვიწყებთ. ღმერთს ვეწუწუნებით, მაშინ როცა შეგვიძლია პრობლემას რწმენით მივუბრუნდეთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ უფალი ღმერთი გვყავს.
რამდენი ღირებული რამ გვაქვს და ვერც კი ვაცნობიერებთ. სიცოცხლე, სიყვარულის უნარი… რამდენი სიცოცხლით სავსე უნარშეზღუდული ადამიანი ცხოვრობს ჩვნს გვერდით. ისინი იმედს არ კარგავენ. მათგან უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის სიყვარული. მხოლოდ გარეგნული შესაძლებლობები არ არის მნიშვნელოვანი, მებრძოლი სულია საჭირო და სურვილი- ვიყოთ საუკეთესო! სულ ეს არის რაც ცხოვრების მიზნად უნდა დავისახოთ. ამქვეყნად იდეალური რეალობა არ არსებობს. ცხოვრება სწორედ იმით არის საინტერესო, რომ სიახლეებს გვთავაზობს. ამიტომაც ღირს ბრძოლა! ღმერთი ხშირად გამოცდას გვიწყობს დაშვებული განსაცდელებით. საჩუქარს პრობლემაში ფუთავს. რაც უფრო დიდია პრობლემა, მით მნიშვნელოვანია საჩუქარი. მთავარია აღმოვაჩინოთ იგი და არ დავნებდეთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სასმელში ჩაახრჩოს სევდა. თუმცა სევდამ ცურვა იცის…სასმელი მხოლოდ წამიერად ავიწყებს პრობლემას და უფრო მეტს ქმნის.
ზოგჯერ მაშინებს რეალობა, თანაც ასეთი სასტიკი! ადამიანებს საკუთარი შეცდომების გამო გული გვტკივა, თუმცა ვისაც ვუყვარვართ ის გამართლებას მაინც გვიძებნის.
პრობლემისგან თავის დასაღწევად გარემოს შეცვლა საუკეთესო გამოსავალი არ არის. საკუთარი თავი მუდამ თან გვდევს, ვერსად გავექცევით.ასე, რომ,  თუ გვინდა სამყაროს შეცვლა რეალურად დავიწყოთ, დავიწყოთ საკუთარი თავიდან.
ავტორი: მარიამ ქარელი (16 წლის); გამომგზავნი: ელზა პანკრატოვა;