Skip to content

რა არის სამშობლო? – ნოდარ დუმბაძე

სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხეში თუ მეხუთეში:
– დუმბაძე ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო,- ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
– სამშობლო.. სამშობლო ადგილი სადაც დავიბადე და…
– კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი.
ძალიან დადხანს ვიფიქრე, – დაჯექი დუმბაძე, მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
– არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, – შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე..
სამშობლო ისეთი `უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, ისევე, როგორც დედას, და დედასავით მარადიულია. გამოდის, რომ სამშობლო ყოველდღე გვბადებს, ყოველდღე იბადება ჩვენთვის, თავად კი არასოდეს არ კვდება, უკვდავია.
მაინც რა არის სამშობლო?
იქნებ რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია, `როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა! მაშ, იმხელა ლექსი რაღად დაწერა? ეს ორი სტრიქონი დასკვნაა მხოლოდ თუ ფორმულა?
ან იქნებ აკაკის `განთიადია სამშობლო? ან ვაჟას სიმღერა – `სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება!
ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის `გალობანი სინანულისანი არის, დემეტრე მეფის `შენ ხარ ვენახია, პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და `ვეფხისტყაოსანია…
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვარდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.
რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.
კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.
კიდევ?
თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა? – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე…
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
– მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
– მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
– დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?
– როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში…
– დიახ, ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში…
– ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მპასუხობს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება…