Skip to content

რატომ უნდა ვიმეგობროთ პოზიტიურ ადამიანებთან ? !

    ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმის შესახებ,რომ ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს მიზანდასახული სასურველ  შედეგს,რომ მიაღწიოს და გახდეს თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.ამჯერად კი  მინდა ვისაუბრო  იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს, რომელთა გარემოცვაშიც ვიმყოფებით და მათ გვერდით ვატარებთ დროის დიდ ნაწილს.კონკრეტულად  ვგულისხმობ მეგობრებს,რადგან  ჩვენ მათ თითქმის ყოველდღე ვხვდებით და ვუზიარებთ საკუთარ პრობლემებს თუ წარმატებებს.

  მე მინდა გიამბოთ ჩემი მეგობრის შესახებ, რომელიც უდიდესი პოზიტივის  მატარებელია. ბუნებით ოპტიმისტია და ულევი დადებითი  ენერგია აქვს, რომელსაც  გარშემო უნაწილებს  ყველას. თუმცა ამავე დროს   ძალიან ნაკითხი ადამიანი და უამრავი ცოდნა აქვს მიღებული წიგნებიდან. ჩვენ ყოველთვის, როდესაც  ერთმანეთს ვხვდებით და ფინჯან ყავასთან ერთად, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გეგმებს, მე ყოველთვის უდიდეს მოტივაციას ვგრძნობ მისგან  და  მჯერა, შემიძლია  ნებისმიერი დაბრკოლება გადავლახო  და გავხდე წარმატებული ჩემს საქმიანობაში. თუმცა მან არა მარტო საკუთარი თავის რწმენა ჩამინერგა, მასწავლა, როგორ დავინახო გარშემომყოფებში, მხოლოდ დადებითი თვისებები. არასდროს მოიხსენიებს  ადამიანებს  ცუდად,პირიქით, ცდილობს თითოეულ ადამიანში აღმოაჩინოს, მხოლოდ კარგი თვისებები და ეს ძალიან კარგად გამოსდის.

   ყოველთვის,როდესაც ჩემი პრობლემების შესახებ ვესაუბრები, მეუბნება, რომ ეს  უსიამოვნებები გაკვეთილია ცხოვრებისგან, რომელიც მასწავლის, თუ,  როგორ გადავლახო  უამრავი ცხოვრებისეული დაბრკოლება.ცდილობს,  ნებისმიერი პრობლემის  დადებითი მხარე მაჩვენოს.ზოგჯერ მინდა  მან  უბრალოდ თავზე გადამისვას ხელი, მაგრამ მეგობარი უფლებას არ მაძლევს, ვიყო პესიმისტი.დრო რომ გადის, აღმოჩნდებოდა, რომ ყოველი ახალი დაბრკოლება მართლაც  მაძლიერებს და ცხოვრებას მასწავლის.ვფიქრობ, რადგან დრო და დრო მელანქოლიური ადამიანი ვარ ,ჩემთვის ნამდვილად ბედნიერებაა ასე ადამიანის გვერდით ყოფნა.ის არ მაძლევს  უფლებას  დავნებდე  და  ჩამოვუშვა ხელი.

  ვფიქრობ, როდესაც  ასეთი მეგობრები გყავს გვერდით  და  გაქვთ საერთო ინტერესები  – წიგნები,ფილმები,მუსიკა.გაქვთ მიზნები,იბრძვით წარმატებისთვის, შესაბამისად თქვენს ირგვლივ ბედნიერება და წარმატება ჩნდება.ამიტომ არის მნიშვნელოვანი თუ როგორი ადამიანების გარემოცვაში ვიმყოფებით. რადგან, როდესაც შენს გარშემო წარმატებული ადამიანები არიან, შენც ცდილობ, იყო წარმატებული.

  ვფიქრობ,  რადგან ჩემი მეგობარი თავისი  საქმის ნამდვილი პროფესიონალია – არის უცხო ენების სპეციალისტი, ყოველდღე უამრავ წარმატებულ ადამიანთან  უწევს შეხვედრა,ასწავლის უნივერსიტეტში სტუდენტებს და  მუდამ ჩართულია უამრავ ღონისძიებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში, ყველაფერი ეს აძლევს სტიმულს და ენერგიას.  ვფიქრობ, პროფესიონალი ადამიანი,რომელსაც უყვარს თავისი საქმე ყოველთვის მოტივირებულია და მოტივაციას უზიარებს გარშემო ყველას.ამიტომ, იმისათვის, რომ ვიყოთ  მოტივირებული, საჭიროა ვემსახურებოდეთ საყვარელ საქმეს,რადგან თითოეული დაბრკოლება, რომელსაც საყვარელი სამუშაოს კეთების დროს ვაწყდებით, ჩვენს პიროვნებას კიდევ უფრო აძლიერებს.ძლიერი ადამიანი კი, არასდროს არის დეპრესიული.

ოპტიმიზმი –  სამსახურში,ოჯახში, ნებისმიერ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან  ოპტიმიზმით სავსე ადამიანებს ბედიც სწყალობს კიდევაც.რადგან შეუძლებელია ადამიანმა დადებითი განწყობა გაუზიაროს გარშემომყოფებს და სამყარომ  სხვა ემოციებით უპასუხოს. ამიტომაც არის  ძალიან კარგი ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.დაუმეგობრდით ოპტიმისტ  ადამიანებს.მე მჯერა, ისინი ძალიან კეთილები არიან,რადგან იმედის თვალით უყურებენ სამყაროს და მათ გულში არ არის მუქი ფერები.