Skip to content

რატომ უნდა ეძინოს ჩვილს მხოლოდ ზურგზე?

ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ ჩვილის ზურგზე დაძინების რეკომენდაციის შემოტანამ აშშ-ში ჩვილთა უეცარი სიკვდილის შემთხვევები 50%-ით შეამცირა. მაშ, რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილი და რა ზომები უნდა მივიღოთ პატარების დასაცავად?

ჩვილთა უეცარი სიკვდილი (Sudden Infant Death Syndrome (SIDS)) (სიდი) არის ერთ წლამდე ბავშვის უეცარი ამოუხსნელი სიკვდილი. სიდი ძილის დროს ხდება და ის ჩვილების სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. სიდის 80% სიცოცხლის პირველ ექვს თვეზე მოდის.

სიდის მიზეზად მიიჩნევა თანდაყოლილი ანომალია ტვინის იმ ნაწილში, რომელიც სუნთქვასა და ძილ-ღვიძილს არეგულირებს, კერძოდ, რკალისებრი უჯრედის ბირთვში (arcuate nucleus) აღმოჩენილი დარღვევა. ბავშვები, რომლებიც ამ ანომალიით იბადებიან, სხვა არაფრით განსხვავდებიან ჯანმრთელი თანატოლებისგან.

დღესდღეობით, არ არსებობს ტესტი, რომლითაც შესაძლებელია ამ დარღვევის აღმოჩენა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ უამრავ ბავშვს, ვისაც სხვა პოზაში აძინებდნენ, პრობლემა არ შექმნია. სიდი ემართება მათ, ვინც ამ საშიში, მაგრამ მოგვარებადი, დარღვევით იბადება. სამწუხაროდ, მშობელმა შეუძლებელია იცოდეს არის თუ არა სწორედ მისი შვილი სიდის რისკის მატარებელი, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ზურგზე ძილის პრინციპი ყველამ დაიცვას. თუ სიდის რისკის მატარებელმა ბავშვმა მიიღო სწორი მოვლა და ჩვილობის სახიფათო პერიოდი გადაიტანა, ერთი წლის ასაკისთვის ტვინის ეს ნაწილი სრულიად ვითარდება და სიდის შანსი ნულს უტოლდება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღენაკლული ჩვილის და გაცივებული ბავშვის ძილს, როცა მათ სუნთქვა განსაკუთრებულად უჭირთ. ზოგიერთი კვლევა მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ ბავშვის ძილს ხანგრძლივი ტირილის შემდეგაც, რადგან ამან შეიძლება ძალიან ღრმა ძილი გამოიწვიოს და ბავშვმა ვერ გაიღვიძოს სუნთქვის პრობლემების შემთხვევაში.

მრავალწლიანი კვლევების შედეგად, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ ჩვილის ზურგზე დაძინების რეკომენდაცია შემოიღო, რომელიც დღესდღეობით ბავშის მოვლის დაწესებულებებში კანონით განკუთვნილ მოვალეობად იქცა. ამის მიუხედავად, მშობლების ნაწილს ჯერ კიდევ აწუხებს ეჭვები, რომ ზურგზე ძილის შემთხვევაში ბავშვი შეიძლება ღებინებამ დაახჩოს. მეცნიერების აზრით, ეს შიში სრულიად უსაფუძვლოა.

სურათზე ჩანს, რომ ზურგზე ძილი, პირიქით, ხელს უწყობს ღებინების მასებისგან გათავისუფლებას. ზურგზე წოლის მდგომარეობაში, ტრაქეა საყლაპავ მილზე მაღლა იმყოფება. ანუ, თუ ბავშვმა ამოაღებინა, სითხემ გრავიტაციის წინააღმდეგ, მაღლა მიმართულებით უნდა იმოძრაოს, რომ სასუნთქ გზებში შეაღწიოს. მუცელზე წოლის შემთხვევაში კი ტრაქეა საყლაპავი მილის დაბლა გვევლინება, რაც ღებინების მასების სასუნთქ გზებში შეღწევას უფრო შესაძლებელს ხდის. მაშასადამე, დახჩობის არანაირი საშიშროება არ არსებობს, თუ ბავშვს საჭმლის მიღების შემდეგ ამოაბოყინებინებთ, დააწვენთ ზურგზე და მიაქცევთ ყურადღებას, რომ მისი კისერი არ იყოს შეხვეული და თავისუფლად მოძრაობდეს, რათა ღებინების დროს თავი რეფლექსურად გვერდით გასწიოს. რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს გააჩნია სერიოზული კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი, მისი ძილის პოზა ექიმს უნდა შეუთანხმოთ.

თქვენი ჩვილის სიდისგან დასაცავად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • დააძინეთ ჩვილი მხოლოდ ზურგზე! მუცელზე და გვერდულად წოლა მათ სუნთქვას აფერხებს.
  • ჩვილს ყოველთვის უნდა ეძინოს მხოლოდ საკუთარ საწოლში, მყარ ზედაპირზე. არ გამოიყენოთ რბილი ზედაპირის მქონე ლეიბი. თუ ბავშვს ტახტზე, სავარძელზე, მანქანაში ჩასაჯდომ სკამზე, სარწეველა სკამზე ან სხვა ადგილას ჩაეძინა, გადაიყვანეთ ის თავის საწოლში.
  • ჩვილს ცალკე საწოლში უნდა ეძინოს. მშობლებთან ძილი მისთვის არ არის უსაფრთხო და სიდის შემთხვევებს მნიშვნელოვნად ზრდის.
  • ჩვილის საწოლში არ უნდა იყოს ბალიში და რბილი სათამაშოები. ამასთანავე, სასურველია მას არაფერი ეფაროს. ძილის დროს ჩვილს არ უნდა ეხუროს თავზე.
  • საბნის გამოყენების შემთხვევაში, საბანი დამაგრებული უნდა იყოს ლეიბზე, რომ ძილის დროს ბავშვმა საბანი თავზე არ დაიხუროს.
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ ოთახში არ იყოს ძალიან მაღალი ტემპერატურა და არ ჩააცვათ ბავშვს ძალიან თბილად. ბავშვს ძილში არ უნდა დასცხეს. საძინებელი ოთახის ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს იმ ტემპერატურას, რომლის დროსაც თხლად ჩაცმული მოზრდილი კომფორტულად გრძნობს თავს. ბავშვს არ უნდა ეძინოს გამათბობელთან ახლოს ან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როცა ბავშვს ცხელა, მას უფრო ღრმად ძინავს და სუნთქვის პრობლემების შემთხვევაში გაღვიძება უჭირს.

  • არავითარ შემთხვევაში არ მოწიოთ ბავშვის გვერდით. ორსულობისას აქტიური, ისევე როგორც პასიური მოწევა სამჯერ ზრდის სიდის ალბათობას.
  • ძუძუთი კვება ამცირებს სიდის შემთხვევებს, ისევე როგორც ერთი წლის ასაკამდე საწოვარას გამოყენება.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ სხვა მომვლელმა არ დააძინოს ჩვილი ან გვერდულად ან მუცელზე, როცა ბავშვი უკვე მიჩვეულია ზურგზე ძილს. ამ შემთხვევაში სიდის შანსი 80%-ით იზრდება.
  • მიზანშეწონილია „ჩვილის მონიტორების“ გამოყენება, როგორიცაა გულისცემის სიხშირის და ჟანგბადის დონის განმსაზღვრელი ხელსაწყოები. მცირე ზომის მონიტორი პატარას ფეხზე წინდის ქვეშ უკეთდება და ის შეგატყობინებთ, თუ ბავშვის სუნთქვა 20 წამზე დიდ ხანს შეჩერდა.
  • თუ ბავშვი დააძინეთ ზურგზე, მაგრამ მას შეუძლია ძილში პოზის შეცვლა, 6 თვის ასაკამდე რეკომენდირებულია მისი კვლავ ზურგზე გადმობრუნება.

სოფიო ბასლანძე