Skip to content

რას ნიშნავს e-ესტონეთი?

ესტონეთის მოსახლეობა დაახლოებით 1.3 მილიონს შეადგენს. ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტს e-სახელმწიფოს მშენებლობა წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდასა და ინოვაციური და მოსახერხებელი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
e-სახელმწიფო – ეს არის ცხოვრების წესი , რომელიც აფასებს სიმარტივეს , დროს, კომფორტს და რესურსების ეკონომიას, რაც მდგრადი განვითარებისა და მაღალი ხარისხის გარემოს შექმნის საწინდარია.
დღეს ინტერნეტს ესტონეთის მოსახლეობის 78.4% (16-74) იყენებს, 75%-ს კი მასზე ხელი მიუწვდება საკუთარ სახლში (სექტემბერი 2012). 1100-ზე მეტი საჯარო WiFi ქსელი ოფიციალურად არის რეგისტრირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საბანკო საქმე (ბანკინგი)
ესტონეთის e-სახელმწიფოს ტრიუმფალური პროგრესი საბანკო სისტემის განვითარებით დაიწყო. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ესტონეთმა თანამედროვე საბანკო სისტემა შექმნა, რომელიც ფულის მფლობელებს საშუალებას აძლევდა სახლიდან გაუსვლელად ელექტრონულად ემართათ თავისი სახსრები.
დღეს, ესტონეთში საბანკო ოპერაციების 99.6 % ელექტრონულად ხორციელდება. ქვეყნის ინტერნეტ-ბანკინგის სისტემებს 1.8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც ესტონეთის მთლიან მოსახლეობას (1.3 მილიონი) მნიშვნელოვნად აღემატება.
ბანკებმა შექმნეს პირის ელექტრონულ გარემოში ადვილად იდენტიფიკაციის ინფრასტრუქტურა, რაც მალე სხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებზე და სერვისებზე გავრცელდა. ამ ფაქტმა e-სახელმწიფოს განვითარებას მდგრადი საფუძველი ჩაუყარა. დღეს, სახელმწიფო ინფორმაციის მართვის სისტემაში 600-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის საინფორმაციო სისტემაა დარეგისტრირებული (ოქტომბერი 2012).
ID- ბარათი
ID ბარათი 2001 წელს დაინერგა მთელი ესტონეთის მასშტაბით. ეს არის ესტონეთის მოქალაქეების ყოვლისმომცველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, როგორც რეალურ, ასევე ციფრულ სამყაროში. დღეს, ID- ბარათი მოქალაქეების 86%-ს გააჩნია. ბარათის მფლობელს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ოპერაციები: 1. ციფრული ხელმოწერა (რომელსაც სრული იურიდიული ძალა აქვს); 2. ხმის მიცემა არჩევნებში (2011 წლის ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში 140, 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ელექტრონულად მიიღო მონაწილეობა); 3. დაზღვევა; 4. საბანკო საქმე; 5. საზოგადოებრივი ტრანსპორტი (120,000-ზე მეტი მომხმარებელი ყოველდღიურად).
ყველა ID- ბარათის მფლობელს გააჩნია, ასევე, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი „სახელი.გვარი@eesti.ee“, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფო სტრუქტურებთან ოფიციალური კომუნიკაციისათვის. დღეს, 118, 000-ზე მეტი კერძო პირი და 16,000 კომპანია სარგებლობს ამ შესაძლებლობით.
e-მომსახურება
ესტონეთის e-საგადასახადო სამსახური ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული e-სექტორია. 2013 წელს, მოსახლეობის 95%-მა შემოსავლების დეკლარაცია ელექტრონულად შეავსო. 2007 წლის შემდეგ კომპანიის ელექტრონულად დარეგისტრირებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება, რაც ბიზნესს უფრო მარტივ და კომფორტულ გარემოს უქმნის.
საპატრულო პოლიციის მანქანები აღჭურვილია კომპიუტერებითა და ინტერნეტით. ხარისხიანი IT ინფრასტრუქტურის პირობებში, პატრულის თანამშრობლებს შეუძლიათ მძღოლის, მანქანისა და მართვის მოწმობის შესახებ ინფორმაცია წამებში მოიპოვონ და დარღვევაზე ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება.
e-სკოლა – დაივიწყეთ მშობელთა კრებები. ესტონეთში, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები სპეციალური ელექტრონული სისტემით არიან დაკავშირებული. დღესდღეისობით, ესტონეთის სკოლების 80% უკვე შეუერთდა ამ სისტემას, რაც ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების 90%-ს შეადგენს.
ესტონეთში, პირველად მსოფლიოში, განხორციელდა m-პარკირების პროექტი (პარკირების ბარათის მობილური ტელეფონით შეძენის სისტემა).
ესტონეთი ნამდვილად არის e-სახელმწიფო. მსოფლიო ბრენდ SKYPE-ს თავდაპირველად სწორედ ესტონეთში ჩაეყარა საფუძველი, სადაც დღეს კომპანიის ერთ-ერთი ცენტრალური ოფისი მდებარეობს. ესტონეთის მთავრობა – ეს არის სრულიად ელექტრონული მთავრობა, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ყველა ოპერაციას ელექტრონულ გარემოში ასრულებს.
ტარტუს უნივერსიტეტი
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტემპის შენარჩუნებისა და ინოვაციური იდეების გაზიარების თვალსაზრისით, ტარტუს უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს ორწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს – “Software Engineering”. პროგრამა 100% უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისათვის და ასევე მოიცავს სხვა ტიპის დამატებით სტიპენდიებსაც. პროგრამაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: www.ut.ee/software. ჩაბარების პროცესისა და ტექნიკური დეტალების შესახებ გადადით სპეციალურ ბმულზე – www.ut.ee/georgia ან მიმართეთ ტარტუს უნივერსიტეტის სპეციალურ წარმომადგელს საქართველოში – ალექსანდრე ჩანადირი – [email protected]