ერთ დღესაც გოგონამ ჩათვალა, რომ უკვე თავისი ნაშრომების გამოქვეყნების დრო დადგა და თავის მასწავლებელს ჰკითხა ამის შესახებ რჩევა.
-თუ გამოქვეყნების შემდეგ შენი ლექსები გამოხმაურებას ჰპოვებს ეს იმის ნიშანი იქნება, რომ წერა უნდა განაგრძო. თუ არადა… – უთხრა მას მასწავლებელმა.
გოგონას ლექსები დაიბეჭდა და იგი მოუთმენლად ელოდებოდა , თუ როგორ შეაფასებდა ხალხი მის შემოქმედებას. გავიდა ერთი თვე, ორი თვე, სამი, მაგრამ წინსვლის ნიშნები არ ჩანდა.
– ნუთუ მთელი ჩემი შრომა ამაო იყო – ფიქრობდა გოგონა და ძალიან არ სურდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე ტკბილი ოცნება მის თვალწინ ნელ-ნელა იმსხვრეოდა. გავიდა კიდევ რამოდენიმე თვე და გოგონამ თავის თავს მკაცრად აუკრძალა ლექსების წერა და იმაზე ფიქრი, თუ რას იტყოდა ხალხი მის შემოქმედებაზე…
ცოტა ხანში მან სხვა საქმიანობას მიჰყო ხელი და საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა იმ საქმიანობაში კვალიფიკაცია, რომ აემაღლებინა. და იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ დაბრუნებულა. დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, შემოსავლიანი სამსახური იშოვა, უცხოელ კაცზე გათხოვდა და შვილები გააჩინა.
სურდა დაევიწყებინა ყველაფერი,რაც თავის აუხდენელ ოცნებასთან აკავშირებდა, ამიტომ უკან არც კი მოუხედავს, თვით მშობლებსაც კი ძალიან იშვიათად წერილის საშუალებით უკავშირდებოდა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. ერთხელაც შეატყობინეს, რომ დედა გარდაეცვალა და უკან დაბრუნება მოუწია. მშობლიურ ქვეყანაში, მშობლიურ სოფელში დაბრუნებულ გოგონას მამა და ნათესავები ძალიან გულთბილად შეხვდნენ.
დედის დაკრძალვიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ერთ საღამოს მშობლიური სოფლის მიდამოებში სეირნობა გადაწყვიტა.
საამო სიგრილე იყო, გრილი ნიავი ნაზად ეხებოდა მის გაშლილ თმებს და ჰაერში ფანტავდა. გოგონა დაფიქრებული მიუყვებოდა სოფლის შარაგზებს და ხარბად ისუნთქავდა სუფთა ჰაერს, როდესაც ჩაფიქრებულს ერთ-ერთი ორღობის შიგნიდან დედისა და ბავშვის ხმა მოესმა. დედა თავის შვილს ლექსს უკითხავდა. თითქოს რაღაც ნაცნობი, მელოდიური და მისეული იმჩნეოდა დედის მიერ წარმოთქმულ მოკლე და დახვეწილ სტრიქონებში… გოგონა ერთ ადგილას გაქვავდა… იდგა, უსმენდა და ცრემლი სდიოდა. და ეს სიხარულისა და ბედნიერების ცრემლი იყო. ქალი მის ლექსს კითხულობდა…
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი გატაცება, თუნდაც საქმე ან პროფესია, რომელიც ნაკლებად მომგებიანია (სარფიანი), თუმცა საქმის სიყვარულის გამო ის ამას მთელი გულით ემსახურება. ცხოვრებაში დგება კრიტიკული მომენტი, როდესაც ჩნდება შეკითხვა საკუთარი თავისადმი : ”რისთვის ვაკეთებ?!”, ”რატომ ვშრომობ ამდენს?!” , ”ვიღებ კი იმის საზღაურს, რასაც ამ საქმეში ვდებ?!” როცა ეს კითხვები ჩნდება იქ მთავრდება ენთუზიაზმი და იბადება უიმედობა… თუმცა ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ ერთი შეხედვით გვეჩვენება.ის რასაც ვაკეთებთ უკვალოდ არასოდეს ჩაივლის, ადრე თუ გვიან შედეგებს მოვიმკით და ეს უდიდესი ნეტარებაა…
4motivi.com-ისათვის სტატია მოამზადა ქეთი ლებანიძემ