Skip to content

“5 წუთი დარჩა” – ამბობს მოედნის დიდი, მრგვალი საათი. მაღალი, ახალგაზრდა ჯარისკაცი კი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ომიდან, მოლოდინის თვალებით შესცქერის მას, გული გამალებით უცემს და ყოველი წამი საუკუნედ ეჩვენება. ზუსტად 5 წუთში, იგი ნახავს ქალს, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. უკვე 13 თვეა, რაც იცნობს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც კი უნახავს, მისი მიწერილი სიტყვები არ სცილდება ჯარისკაცის გონებას.

ღამეა, ბრძოლის ველი ცეცხლში გახვეულა და ტყიამფრქვევების ხმა აყრუებს არემარეს. სიკვდილის შიში, თავდაცვის ინსტიქტი და სიმამაცე ერთმანეთში ითქვიფება და რაღაც გაურკვეველ გრძნობაში იზრდება,რომლის ახსნა არცერთ პოეტსა და მწერალს არ ძალუძს. ერთ–ერთ წერილში ჯარისკაცი აღიარებს,რომ ეშინია მოსალოდნელი ბრძოლის და ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე იღებს წერილს, რომელშიც წერია: “გასაგებია, რომ გეშინია. ყველა მამაც ადამიანს აქვს შიში. განა მეფე დავითს არ ეშინოდა? ამიტომაც წერს ფსალმუნებში: “საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი…. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.” მინდა არ დაკარგო უფლის რწმენა და როდესაც მუხლებში სისუსტეს იგრძნობ მისი მადლი წარგიძღვება წინ. არ დაივიწყო ეს სიტყვები..”

მართლაცდა ჯარისკაცს არასოდეს დავიწყებია ქალის სიტყვები და მისი გახსენება მუდამ ძალას მატებდა.

ცოტაც და მის ნამდვილ ხმას გაიგონებს. 4 წუთიღა დარჩა… მოედანზე უამრავი ადამიანი მოძრაობს და ჯარისკაციც გამალებით ათვალიერებს მათ. აი,აგერ გოგონა მოემართება მისკენ და ჯარისკაცის გულის ცემაც მატულობს. გოგონას ვარდი აქვს დამაგრებული მოსასხამზე, თუმცა არა წითელი როგორც ისინი შეთანხმდნენ… მის შორიახლოს კიდევ ერთი გოგო დგას, თუმცა 18–ოდე წლის თუ იქნება. ქალმა კი გულწრფელად უთხრა,რომ 30 წლის არის.

ჯარისკაცის გონება არმიის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ პატარა წიგნაკს უბრუნდება. მასში ლამაზი ჩანახატები აღმოაჩინა, ქალის ხელით ნაწერი. ჯარისკაცს კითხვა არ უყვარდა, მაგრამ ნაწერებში რაღაც მისეული და გულშიჩამწვდომი აღმოჩნდა. კითხვა, რომ დაასრულა, ავტორის სახელი ამოიწერა, მისამართი გაიგო და წერილი მისწერა.
მას შემდეგ, 13 თვის განმავლობაში, ერთგულად წერდნენ ერთმანეთს და არამარტო სწერდნენ – პატივს სცემდნენ და უყვარდათ ერთმანეთი.

მიუხედავად დიდი ხვეწნისა ქალმა არ მოისურვა ფოტოები გაეცვალათ. ჯარისკაცის აზრით, ეს არ იყო კარგის ნიშანი, თუმცა მას თავისი ახსნაც ჰქონდა: “ჩვენ ურთიერთობა ერთმანეთის ნახვით არ დაგვიწყია და ერთადერთი რაც გვაკავშირებს წერილებია, რომელთაც ერთმანეთს ვწერთ. ამ გზით ვიცნობთ ერთურთს, პატივს ვცემთ და გვიყვარს. რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამოვიყურები. წარმოიდგინე,რომ ერთი ლამაზი და უბრალო ქალი ვარ. ახლა არ მსურს ჩემი ფოტო ნახო,რადგან როდესაც ომიდან დაბრუნდები, თუ გადაწყვეტ აუცილებლად მნახავ და მაშინ იხილავ ჩემს სახეს. თუ არ მნახავ, ვიფიქრებ,რომ მარტო იმის გამო მწერდი წერილებს,რომ მარტო იყავი და გვერდით არავინ გყავდა. გახსოვდეს, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევწყვიტოთ ურთიერთობა ან გავაგრძელოთ. არჩევანი ჩვენზეა.”

ერთი წუთი დარჩა.ჯარისკაცმა სიგარეტს მოუკიდა.ახალგაზრდა ქალი მოდიოდა მისკენ. უნაკლო ფიგურა ჰქონდა, გრძელი ქერა თმა ლამაზად შეეკრა უკან და იებივით ლურჯი თვალები ცნობისმოყვარედ უელავდა.ქალს მწვანე მოსასხამი ეცვა.

ჯარისკაცი მისკენ გაემართა, ალბათ საერთოდაც გადაავიწყდა,რომ გოგონას მოსასხამზე წითელი ვარდი არ ჰქონდა მიბნეული.

“გზა მომეცით” – გამოაფხიზლა ჯარისკაცი ახალგაზრდა ქალის სიტყვებმა და როდესაც შემცბარი გვერდზე გაიწია, ის დაინახა ვისაც ეძებდა. იგი მწვანემოსასხამიანი გოგონას უკან იდგა, 40 წელს გადაცილებული იქნებოდა, ვერცხლისფერ თმას ქუდი მხოლოდ ნაწილობრივ უფარავდა, ტანზე ნაცრისფერი მოსასხამი ეცვა და ზედ ზუსტად ისეთი ვარდი ჰქონდა მიკრული, როგორსაც ჯარისკაცი ელოდა.

მწვანემოსასხამიანი გოგო სწრაფად შორდებოდათ მათ. ჯარისკაცი ორად გაიყო, სურდა უკან გაჰყოლოდა გოგონას,რომელიც ძალიან მოეწონა, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოჩნდა სურვილი იმისა,რომ იმ ადამიანს გასაუბრებოდა,რომელმაც 13 თვის განმავლობაში გაუხალისა ცხოვრება. შეიძლება ეს სიყვარული სულაც არ იყო, მაგრამ იყო უფრო იშვიათი რამ – უანგარო მეგობრობა, ყოველდღიური თავგანწირვა, მონატრება, ზრუნვა და ფიქრი ადამიანზე,რომელიც არასოდეს გინახავს და შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ჯარისკაცი აღარ ყოყმანობდა.

“გამარჯობა, ძალიან მიხარია,რომ შეგვხდით და თქვენც დრო გამონახეთ. შემიძლია ვახშმად დაგპატიჟოთ?”

ქალს სახე კეთილმა და საამო ღიმილმა გაუნათა. “არც კი ვიცი რა ხდება შვილო” – უთხრა მან ჯარისკაცს. “იმ ახალგაზრდა გოგონამ, მწვანე მოსასხამი,რომ ეცვა, მთხოვა ეს ვარდი დამემაგრებინა ჩემს მოსასხამზე. მითხრა,რომ ეს რაღაც გამოცდის მსგავსი იყო და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამომელაპარაკებოდით და სადმე დამპატიჟებდით, უნდა მეთქვა, რომ გზის გადაღმა არსებულ სასადილოში დაგხვდებოდათ ქალი, რომელსაც ელოდით..

ავტორი:უცნობია; თარგმანი: თემო ბერიშვილი