Skip to content

ორი ფრთა, რომლებითაც შეგიძლია გაფრინდე

ერთხელ, დაღლილი ჩიტი ჩამოჯდა ტოტზე დასასვენებლად. ის ტკბებოდა საკუთარი უსაფრთხოებით და თვალწინ გადაშლილი საოცარი ხედებით. ის ჟღურტულებდა და თამაშობდა სხვა ჩიტებთან ერთად.

მაგრამ ვერც კი მოასწრო წესიერად მიჩვეოდა ამ ტოტს, თავის საიმედო საყრდენს და უსაფრთხოების ერთგვარ გარანტს, რომ დაუბერა ძლიერმა ქარმა და ტოტი ისე ძლიერ ააქანავა, რომ თითქოს ეს ეს არის უნდა მოტყდესო.

მაგრამ ჩიტი, თითქოს არაფერიო, საერთოდ არ აღელვებულა და აგრძელებდა ტოტზე ჯდომას იმიტომ, რომ მან იცოდა ორი მნიშვნელოვანი რამ:

პირველი — თუნდაც ტოტი მოტყდეს, მას შეუძლია გაფრინდეს. მის ორ ფრთას შეუძლია უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

მეორე — ირგვლივ უამრავი ტოტია, რომელზეც მას შეუძლია იპოვოს დროებითი თავშესაფარი.

ეს მაგალითი იდეალურად აღწერს ჩვენს დამოკიდებულებას გარემომცველ სამყაროსთან, ჩვენს საკუთრებასთან, ჩვენს პროფესიულ და საზოგადოებრივ მიღწევებთან, ჩვენს კავშირებთან. ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვისარგებლოთ საკუთრებით, კავშირებით, მდგომარეობით. ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ ყველა იმ სიამოვნებით, რომელთა მიღებაც მათგან შეგვიძლია.

მაგრამ არ ღირს შიშის განცდა, თუ მოგვეჩვენა რომ ჩვენი კეთილდღეობა შეირყა და შეიძლება გაქრეს. ყველაფერი ამ ქვეყნად იცვლება და შეიძლება გაქრეს ნებისმიერ წამს. ჩვენი ძლიერება ამ გარეგნულ მოჩვენებით საგნებში კი არ არის, არამედ უფრო იმაში, რაც ჩვენს შიგნითაა — სიყვარულის და სიბრძნის ფრთებში.

სწორედ ეს ორი ფრთა უნდა გახდეს ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი და ჩვენი სიხარულის და ბედნიერების წყარო.

როცა ჩვენ ვისწავლით უანგარო სიყვარულს და ვეზიარებით სიბრძნეს, უბედურება და შიშები გაქრება.

მაშ, მოდით, დავტკბეთ მატერიალური სამაყაროს კეთილდღეობით, მაგრამ ნუ ჩავვარდებით ილუზიაში და ნუ ჩავთვლით, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია მატერიალურ საგნებზე.

როცა ჩვენ დამოკიდებული და მიჯაჭვული ვართ ვიღაცაზე ან რაღაცაზე, მაშინ ვკარგავთ ძალას, თავისუფლებას და ბედნიერებას.

წყარო: mebonia.com

იგავის ავტორი: რობერტ ელიას ნაჯემი
თარგმნა ხვიჩა მებონიამ