Skip to content
საოცარი შეგრძნებებია, როცა თოვლში მიდიხარ, მიდიხარ და ნაკვალევს ტოვებ, შენს არსებობას ახსენებ ყველას, ვინც ამავე გზით გამოივლის და გრძნობ, რომ სამყაროს სჭირდები, თორემ არც ნაკვალევი დარჩებოდა შენი… ასე ფიქრობ მხოლოდ წუთები, რადგანაც ხედავ თოვლი ფარავს შენს ნაკვალევს და ის ქრება, თითქოს არც ყოფილა, თითქოს არც კი გაგივლია აქ და უკან მობრუნებულს იგივე გზაზე სხვისი ნაკვალევი გხვდება და თუ გინდა ისევ სამყაროს ნაწილად იქცე და იგრძნო რომ ვიღაცას სჭირდები თავიდან უნდა გაიარო იგივე გზა და ნაკვალევიც თავიდან დატოვო.
ადამიანებთან ურთიერთობაშიც ხომ ასე ხდება… არსებობ ვიღაცის გვერდით, არსებობ მასში და შეგიძლია შენი არსებობით შეცვალო ის, მანამ მასში არის რაღაც ნაწილი შენი, შენი ნაკვალევი, მერე კი ქრები, ქრები მისი გულიდან, ქრები როგორც პატარა ფიფქები ქრებიან შენს წამწამებზე, ხელისგულებზე და გიკვირს და გტკივა, რომ ასე მარტივად დაგივიწყა, თითქოს არც იყავი, გიკვირს რომ არაფერი ახსენებს შენს თავს, არც მუსიკა ერთად რომ უსმენდით, არც ქუჩები ერთად რომ სეირნობდით, არც გვირილები ასე რომ გიყვარს და არც უსაზღვროდ დიდი ცა… არაფერი დარჩა შენგან, არადა, რა უხვად გაეცი მისთვის შენი არსებობის ყველა წუთი და წამი, ნაწილები შენი სულისა და ახლა ხვდები, რომ უკან აღარაფერს დაგიბრუნებენ, ხვდები რომ სიცარიელედღა დარჩი და მაინც არ ნანობ… მხოლოდ ტკივილი, კიდევ კარგი ეს მაინც დაგრჩა.
მიდიხარ თოვლში და ფიქრობ, რომ სამყარომ შეწყვიტა არსებობა, დროც კი გაჩერდა, მხოლოდ საკუთარი გულის ცემა გესმის და მხოლოდ შენს ფიქრებს ხედავ ნატვრად გადაქცეულს, ნეტა მომწეროს, ტელეფონი კი დუმს… მაინც ჯიუტად ელი და რატომღაც გჯერა, რომ ის აუცილებლად მოვა შენამდე, მოვა და დაგიკოცნის ხალებს ლოყაზე სამ წერტილად გაბნეულს და ელი. გგონია გავიდა თვეები, წლები, საუკუნეები, გგონია გაიარე უკვე დიდი გზა მასთან შესახვედრად, მაგრამ გრძნობ რომ ყველა გზა უკან გაბრუნებს, გაბრუნებს საკუთარ თავთან, საკუთარ ტკივილთან და ცრემლებიც კი აღარ გყოფნის, აღარც ძალა რომ წახვიდე… დაიღალე… აკვირდები საკუთარ ნაკვალევს თოვლზე და ხედავ რომ ვიღაც სხვაც მოდის იგივე გზაზე, მოდის, მაგრამ არა შენს ნაკვალევზე, უბრალოდ შენს გვერდით და ხვდები, რომ არავის შეუძლია შენი არსებობა გადაფაროს, წაშალოს ის რაც ხარ, რაც შენგან რჩება, იმიტომ რომ შენ შენ ხარ, სხვა კი სხვაა და არასოდეს დაემთხვევით ერთმანეთს როგორც ეს ფიფქები, ათასები და ათიათასები, მილიონები და უფრო მეტიც, თითქოს ერთნაირები და მაინც ყველა სხვადასხვა, თითოეული თავისთავად ღირებული, სხვებისგან დამოუკიდებლად, არა როგორც თოვლი, არამედ ერთი პატარა ფიფქი, რომელიც გაქრება წამში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ იყო, არ არსებობდა. ამას ხვდები და გრძობ საკუთარ სულს, საკუთარ სხეულს, გარკვეულ დროში და გარკვეულ სივრცეში, მარადისობის ერთ მცირე წამში, აწმყოში, წარსულში და მომავალში, გრძნობ საკუთარი არსებობის საჭიროებას და რწმუნდები აღარ ხარ მარტო, აღარც დაღლას გრძნობ, რადგან იცი უნდა იარო, რომ არ დაიკარგო, იარო წინ, ან უკან, მაგრამ უნდა იარო და შეხვდები იმას ვინც შენსკენ მოდის, დგეხარ თოვლში, ფიფქებით დამძიმებული წამწამებით და სასაცილოდ აფახულებ თვალებს, როგორც თოჯინა შენი ბავშვობის მეგობარი და გახსენდება ოქროს თევზები, დროებით რომ მიივიწყე სადღაც ცნობიერების ურთულეს გზაზე და ახლა ისევ გჯერა მათი არსებობის, ისევ გჯერა რომ სადღაც ისინი შენს ზღაპარს წერენ და უნდა წახვიდე იქ, შენს ზღაპარში და შენს სამყაროში და ისევ იწყებ ძიებას… იცი ისევ ბევრჯელ მობრუნდები უკან, ბევრჯელ იგემებ ტკივილს და იმედგაცრუებას, ბევრჯელ დაეცემი დაქანცული და მაინც გრძნობ , რომ უნდა წახვიდე… რადგან შენი ზღაპარი ამად ღირს… იქ უნდა მოხვდე…
მომენატრე და შენთვის გავთოვდი, შორი გზებიდან მოვედი შენთან და შევისვენე შენს წამწამებზე… გთხოვ მაპატიოს ეს სისუტე ვინც შენ გეკუთვნის, ვისაც შენად თვლი, მე ხომ ფიფქი ვარ მალე გავქრები, მხოლოდ წამი მაქვს შენთან ყოფნისთვის და ეს წამია მარადისობა და უფრო მეტიც……..
გამომგზავნი/ავტორი: ნინო დიღმელაშვილი