Skip to content

მიმობნეული პოზიტივები

რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე , იმდენივე განცდა და აღქმა არსებობს სამყაროსი, განა შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე ვესაუბრო მკითხველს. თვეების წინ ერთი იდეა დამებადა, ჩემს წარმოსახვაში ამეღო ერთი გამჭირვალე ბურთი და თავი მომეყარა სხვადასხვა ადამიანების პოზიტივებისთვის. ეს ისეთი მსუბუქი და ლამაზი ტვირთია მინდა რომ გაგიზიაროთ .

მსურს, ისეთივე უბრალო ენით გადმოგცეთ რამოდენიმე პოზიტივი ,როგორი უბრალოებიც ვართ ჩვენ ყველანი სინამდვილეში, ყოველგვარი ეფექტებისა და დაძაბულობის გარეშე.

პასუხები კითხვაზე- რა არის თქვენთვის პოზიტივი?

ქეთი, 29 წლის, 2 შვილის დედა, დასაქმებული.
-რა არის ჩემთვის პოზიტივი? ძალიან ბევრი რამ ჩემო კარგო, დილით რომ ვიღვიძებ საყვარელ ადამიანთან ერთად, ბავშვებს რომ ტკბილად სძინავთ, ფანჯარას გამოვაღებ, მზის სხივებს რომ ვუღიმი და ვიწყებ მზადებას ახალი დღისთვის!

ბექა, 40 წლის, 3 შვილის მამა, დასაქმებული
-აი ჩემთვის ძალიან დიდი პოზიტივია, როდესაც დაძაბული დღის მიუხედავად სახლში მისულს თავი ბავშვივით მიჭირავს და ჩემს შვილებთან ერთად ვცელქობ და არ მაღიზიანებს მათი აქტივობები.

დალი, 34 წლის, 2 შვილის დედა, ემიგრანტი
-დიდი ხნის უნახავ მეგობარს ან კარგ ადამიანს რომ ვნახავ, სულ რაღაც ნახევარი საათი რომ გვაქვს სასაუბროდ , სულ ვიღიმი და პოზიტივით ვივსები მაგ დროს.

გიორგი, 34 წლის
-საყვარელი ადამიანის ღიმილი

ნიკა, 12 წლის, მოსწავლე
-როცა დედა სამეცადინოთ არ მეძახის.

ლაშა, 22 წლის, სტუდენტი
-მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე წასვლა.

თემური, 45 წლის, მმართველი
-როცა, ჩემი დასაქმებული საუკეთესო შედეგს მიდებს წინ!

ლია, 35 წლის, უმუშევარი
-როცა შემიძლია მოხუცს დავუთმო ადგილი ტრანსპორტში ან დავეხმარო ადამიანებს რომელთაც უჭირთ!

ნოე, 7 წლის, ლეიკემიით დაავადებული
– თანატოლებთან თამაში და კეთილი ადამიანები!

ლელა, 26 წლის, გაყიდვების მენეჯერი
-როცა ჩემი უფროსი ჩემს შედეგს აფასებს და აღნიშნავს საჯაროდ.

საბა, 27 წლის, მომღერალი
-როცა ვუმღერი ხალხს ეს ყველაზე დიდი პოზიტივია ჩემთვის , ბედნიერებაა როცა მათ ჩემი სიმღერა ესმით.

მარიამი, 67 წლის, პენსიონერი
-როცა ვგრძნობ რომ ყველას მივუტევე ვინაც მაწყენინა და ბოღმა არ მიმყვება ….

გურამი, 49 წლის, ექიმი
-როცა ჩემი გადარჩენილი სიცოცხლე ქუჩაში მხვდება.

თარაში, 30 წლის, ნარკოტიკებზე დამოკიდებული
-იმაზე ფიქრი, რომ ესეც გაივლის, და მეც შემეძლება ვიყო ჯამრთელი ადამიანი.
და კიდევ ვინ მოსთვლის , რამდენი რამის ჩატევა შეგვიძლია თითოეულ მათგანს , ცხოვრება როგორი ხამოკლე და ფასეულია, რამდენი განსაცდელი თან დაგვსდევს და ამასთანავე რამდენი სიკეთე შეგვიძლია ვთესოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს. ჩვენ ყოველდღე გვეძლევა იმის შესაძლებლობა რომ დავმუხტოთ ადამიანები პოზიტივით და სიყვარულით.

მე ბედნიერი ვარ თუკი თქვენს გულამდე მოსვლა შევძელი.

და ბოლოს, ვის გინახავთ აფრიკაში მცხოვრები შავკანიანი ბავშვის თვალები?

-განა ეს სამყაროს ერთ-ერთი დიდი პოზიტივი არ გახლავთ?

თეა, 28 წლის.

ავტორი: თეა კუჭავა