Skip to content

მენინიზმის გაუცნობიერებელი ასპექტები

როცა დიდხანს უყურებ ერთმანეთის თანასწორობაზე თვალებანთებული ქალებისა და მამაკაცების დაუსრულებელ კამათს, ერთ რამეს ხვდები-არც ერთი მათგანი არასდროს ყოფილა თანასწორი და თითოეულ მათგანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უწევდა ძალადობრივი მექნიზმი საკუთარ თავზე გამოეცადა.

მენინიზმზე ახლა ნაკლებად საუბრობენ, თუ საუბრობენ ისიც დამახინჯებული და გზას სრულიად აცდენილი მნიშვნელობით. მენინიზმის პრობლემა კიდევ უფრო რთული და ჩახლართულია, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი წამომადგენლები სისუსტეს არასდროს აღიარებენ. არ აღიარებენ, იმიტომ რომ გაიზარდნენ რწმენით, კაცებისათვის შეუფერებელია დამარცხების აღიარება, იმის თქმა, რომ ვიღაც მას ამცირებს, ჩაგრავს, ძალადობს მასზე, აიძულებს აკეთოს ის რაც არ უნდა, აიძულებს გამოჩნდეს ის, ვინც არც არასდრო ყოფილა და ვერც ვერასდროს გახდება. „კაცია და უნდა აიტანოს“ „კაცია მეტი უნდა იმუშაოს შემდეგ თუ ასე არ მოხდა უშველებელი სიტყვებით გალანძრავენ, ცოლი საზღვარგარეთ გაუშვა სამუშაოდ თვითონ სახლში მხარ-თეძოზე წამოგორებული ზისო. რა მოხდა თუკი მისი მეორე ნახევარი მასზე მეტად „ძლიერი“ აღმოჩნდა ამ საქმეში, რატომ უნდა გაიკიცხოს კაცი იმის გამო, რომ სამუშაო არ აქვს, რატომ უნდა დავძრაღოთ იმის გამო, რომ მას ცოლი არჩენს, განა ქალი ნაკლებია რამით მასზე? განა ქალს ნაკლებად შეუძლია მუშაობა?.

მენინიზმზე ახლა ნაკლებად საუბრობენ. თუ საუბრობენ ისიც, გაბრაზებული კაცები, ფემინისტები მათ წინააღმდეგ შეკრებილი, მათი სისუსტეების საჯაროდ გამოსაფენად მომზადებული ქალები რომ ჰგონიათ. მათ ხომ არწმუნებდნენ საკუთარ უპირატესობაში, სიძლიერეში, პასუხისმგებლობებს აკისრებდნენ, მიუხედავად იმისა, უნდოდათ თუ არა მათ ეს, ვალდებულნი იყვნენ გამხდარიყვნენ ასეთები, გამხდარიყვნენ ქალებზე ძლიერი, შემდგარი, წარმატებული ადამიანები, რომ შემდეგ ერჩინათ ცოლი, ოჯახი ზაფხულში დასავენებლად წაეყვანათ, ისე, როგორც მათი მეზობელი წარმატებული კაცი იქცეოდა, როგორც ის კაცები იქცეოდნენ, დედას ბავშვობაში მაგალითად რომ მოჰყავდა. მათი საცოდავი მამებისნაირი კი არ უნდა გამხდარიყვნენ დღეებს უსაქმურობაში რომ ათენებდნენ და აღამებდნენ. შეუმდგარი კაცები არ უნდა ყოფილიყვნენ, თორემ საზოგადოება სასტიკად დასცინებდა, გათელავდა, გაწირავდა მარტოობისათვის. არასდროს ეყოლებოდა გვერდით ლამაზი ქალი, რადგან ლამაზ ქალებს უყვართ ფული და უყვართ წარმატება, სუსტ კაცთან ყოფნა ვის მოუნდება? ვის მოუნდება კაცი, რომელმაც ვერ ისწავლა ცხოვრება, რომელიც ვერ გახდა ის ადამიანი,  ასე ძლიერ რომ ითხოვს საზოგადოება?

ბავშვობაში ვუყურებდით დისნეის ფილმებს პრინცებზე და პრინცესებზე, ვის უნახავს პრინცი უბრალო მუშა ყოფილიყოს? აი, პრინცესები იყვნენ კონკიები, უბრალო გლეხის გოგოები, პრინცები არასდროს! ისინი უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, ვინც უფულო, საწყალ გოგონებს ნამდვილ პრინცესებად აქცევდნენ. კაცი ვალდებული იყო ასეთი ყოფილიყო, თუ არადა ვერც გოგონა გახდებოდა პრინცესა და არც პრინცს ეყოლებოდა უმშვენიერესი არსება გვერდით, შემდეგ თავი რომ მოეწონებინა და ეთქვა-ესეც ჯილდო ყველაფერი იმისათვის, რასაც მივაღწიეო.

მენინიზმზე ახლა ნაკლებად საუბრობენ და თუ საუბრობენ, ისიც ბავშვობაში დამღუპველი  იდეებით შთაგონებული ბიჭები, მათაც რომ ძლიერ აზიანებდა ეს იდეები და იმ გოგოებსაც, შემდეგ მათ გვერდით, რომ იზრდებოდნენ და ცხოვრობდნენ.

მენინიზმზე არავინ ილაპარაკებს, რადგან კაცი ხომ არ იტყვის იმას, დიახ, მე არ მინდა არანაირი უპირატესობა, დიახ, არ მინდა ვიყო ძლიერიო. კაცი ამას თუ იტყვის კაცი როგორღა იქნება?…

ბიჭები გაიზრდებიან მტკივნეულად შეთვისებული სიძლიერის სიყვარულით და შემდეგ სასტიკად გაუსწორდებიან ყველა ქალს, ვინც ოდესმე გაბედავს და მათ შეცდომებზე ხმამაღლა ილაპარაკებს…

ავტორი: მარიამ ქობლიანიძე

მედალს ორი მხარე აქვს – ანუ „გათხოვება“ ქართულად

“ან რა ღირსი არის სიყვარულისა მამაკაცი, ვისაც ეძახიან და ის დაბრკოლებებზე და მიზეზებზე ფიქრობს”