Skip to content

“მადლობელი ვართ, მისტერ ჩაპლინ!”

“ძვირფასო მისტერ ჩაპლინ,

თუკი ზოგ ვინმეს გაუკვირდება, რატომ შეგვხვდნენ თქვენ აქ ასეთი ამბით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ა იციან რატომ გვიყვარხართ. მათ ალბათ ადამიანის ფასიც არ გაეგებათ ხეირიანად და თავს არ იწუხებენ ახსოვდეთ, რამდენი ბედნიერება მოგინიჭებიათ ჩვენთვის ამ ბოლო 40 წლის განმავლობაში. ვერ გაუგიათ რას გვასწავლიდით თქვენ, ვერ დაუფასებიათ, რა სიხარულით გვივსებდით გულს, რა გრძნობებს აღგვიძრავდით, და არც ამ გრძნობების ჭეშმარიტი ფასი სცოდნიათ. ასეთ ხალხს, თუ მეტი არა, უმადურები უნდა ეწოდოთ.

თქვენ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი ბრძანდებით და უფლება გაქვთ ისევე დიდებით მოიხსენიებოდეთ, როგორც ყველაზე გამოჩენილი ადამიანები.

ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი გენიალობის გამო. სიტყვა “გენიოსს” ჩვენ წარამარა ვახსენებთ ხოლმე, მაგრამ როცა თქვენს მიმართ არის წარმოთქმული, მაშინ მას ჭეშმარიტი აზრი ეძლევა. რადგან თქვენ მხოლოდ ჭეშმარიტი კომიკოსი მსახიობი კი არ ხართ, არამედ ავტორიც, კომპოზიტორიც, რეჟისორიც და, რაც ყველაზე მთავარია, გულმხურვალე და დიდსულოვანი ადამიანი. ამას ემატება უბრალოება, რაც კიდევ უფრო გამაღლებთ თქვენ. სწორედ ეს თვისებები იზიდავენ თქვენსკენ ხალხის გულებს, რომლებიც ისევე იტანჯებიან, როგორც თქვენი საკუთარი გული. რაც მთავარია, თქვენ არავითარ დამატებით ღონისძიებას არ მიმართავთ, რათა ხალხი მიიზიდოთ და შეითვისოთ. მაგრამ მარტო გენიალობა როდი კმარა საერთო პატივისცემისა და სიყვარულის მოსაპოვებლად. სიყვარული ერთადერთი სიტყვაა, რასაც თქვენ ხალხს შთააგონებთ.

ჩვენ ვნახეთ “დიდი ქალაქის ჩირაღდნები” და ბევრი ვიცინეთ. მთელი გულით ვიცინოდით და ვტიროდით კიდეც, ნამდვილი ცრემლებით, თქვენი ცრემლებით. ეს უძვირფასესი ნიჭიც თქვენ გვაჩუქეთ.

ჭეშმარიტ სახელს უზურპატორობით ვერავინ მოიხვეჭს, სახელს მაშინ აქვს აზრი, ფასი და გამძლეობა, როცა სიკეთეს ემსახურება. თქვენი წარმატების საწინდარიც ის არის, რომ ფართო ადამიანური გული გაქვთ, მომხიბლავი უშუალობა… და ეს თვისებები რაიმე წესებიდან და გონებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ თქვენი ტანჯვის, სიხარულის, იმედისა და იმედგაცრუების ნაყოფია. ეს ყველაფერი კარგად ესმით იმათ, ვინც არაადამიანურად იტანჯებიან, თანაგრძნობას მოითხოვენ, ნუგეშს ეძებენ. ცდილობენ ცოტა ხნით მაინც დაივიწყონ თავიანთი გასაჭირი სიცილით, რაც მთლიანად კი ვერ განკურნავს მათ, მაგრამ გულს მაინც გაუხალისებს.

კდიეც რომ არ ვიცოდეთ, ისედაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა ფასად მიაღწიეთ თქვენ ამ შესანიშნავი უნარის გამომუშავებას, რომ ჯერ გულიანად აცინოთ ხალხი და შემდეგ უცებ აატიროთ. კაცი ადვილად მიხვდება, იგრძნობს, რა სატანჯველი გამოგივლიათ თქვენ თვითონ, ასეთი ფაქიზი შტრიხებით, რომ ხატავთ ცხოვრებას და ჩვენც ცოცხლად განგვაცდევინებთ.

თქვენ კარგი მეხსიერება გაქთ და ბავშვობის მოგონებათა ერთგული ხართ. არაფერი არ დაგვიწყნიათ – არც სევდა, არც მძიმე დანაკარგი. თქვენ გადაწყვიტეთ სხვები იხსნათ იმ მწუხარებისგან, რომელიც თქვენ გამოსცადეთ. ყოველ შემთხვევაში, იმედით მაინც გაუნათოთ გული. თქვენ არასდროს გიღალატნიათ თქვენი ნაღვლიანი ბავშვობისთვის და, მიუხედავად ამისა, რომ ასეთი სახლი მოიხვეჭეთ, წარსულს ერთი წუთითაც არ დაშორებიხართ. თუმცა, ასეთი რამეც ხდება ხოლმე!

ადრეული მოგონებებისადმი ერთგულება, ალბათ თქვენი ყველაზე ძვირფასი დამსახურებაა, რისთვისაც ხალხი თაყვანსა გცემთ. მაყურებელიუ ხელადვე იჭერს თქვენი თამაშის ფაქიზ ნიუანსებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უშუალოდ ეხებოდეთ მაყურებელთა გულებს. მართლაც, რა უნდა იყოს უფრო ჰარმონიული, ვიდრე ერთ ადამიანში მსახიობისა და რეჟისორის შერწყმაა.

აი, რატომ არის თქვენი ხელოვნება მუდამ გულუხვი. არც თეორია უშლის მას ხელს და არც ტექნიკა – იგი მუდამ აღსარებას, განდობასა და ლოცვას წარმოადგენს და მაყურებელიც თქვენი თანაზიარი ხდება. იგიც თქვენსავით ფიქრობს და გრძნობს.

დღეს აქ თქვენთან ერთად არიან ფრანგი მწერლები, დრამატურგები, კომპოზიტორები, რეჟისორები.. და მათთვის, ყველასთვის, ისევე როგორც თქვენთვის, კარგად არის ნაცნობი სიამაყე და თავგანწირვა მძიმე შრომაში. მათ ყველას, ისევე როგორც თქვენ ერთი მისწრაფება აქვთ – ხალხი გაართონ, გული გაუხალისონ, ცხოვრების მთელი სიტკბო და სიმწარე აჩვენონ. დაკარგული სიყვარული სევდა გამოხატონ, დაუმსახურებელი მწუხარება ანუგეშონ და სიყვარულის, მშვიდობის, იმედისა და ძმობის სულისკვეთებით კაცობრიობას ჭრილობა დაუამონ.

მადლობელი ვართ მისტერ ჩაპლინ!

როჟე ფერდინანდი (საფრანგეთის დრამატურგთა საზოგადოების პრეზიდენტი); წერილი დაწერილია ჩარლი ჩაპლინის საფრანგეთში სტუმრობის დროს. ჩარლი ჩაპლინის წიგნიდან “ჩემი ბიოგრაფია”