Skip to content

ლეკვები – შთამაგონებელი ისტორია

მაღაზიის კარზე გარკვევით ეწერა: “იყიდება ლეკვები”. როგორც წესი, ამგვარი წარწერები განსაკუთრებით ბავშვებს იზიდავთ ხოლმე და არც ეს შემთხვევა გახლდათ გამონაკლისი.დილით მაღაზიაში ერთმა პატარა ბიჭმა შეაბიჯა.
“რა ღირს ლეკვები ?” – ჰკითხა მან გამყიდველს. ” “30–იდან 50 ლარამდე” – უპასუხა გამყიდველმა. ბიჭმა უხერხულად მოიქექა შარვლის ჯიბეები და გაბზარული ხმით თქვა: “ახლა მხოლოდ 3 ლარი და 70 თეთრი მაქვს. შეიძლება რამოდენიმე წამით უფრო ახლოდან შევხედო ლეკვებს?”
მაღაზიის გამყიდველს გაეღიმა და ბიჭს დართო ნება ლეკვებთან ახლოს მისულიყო. ლეკვთაგან ერთ–ერთი ძალიან სუსტად და ავადმყოფურად გამოიყურებოდა. “რაიმე სჭირს ამ ლეკვს?” – იკითხა ბიჭმა.
“ზუსტად ვერ გეტყვი, ვეტერინარმა შეამოწმა და თქვა,რომ ფეხის თანდაყოლილი პრობლემა აქვს და მუდამ კოჭლობით ივლის. სამწუხაროა, ძალიან ლამაზი ლეკვია და ძვირად გაიყიდებოდა” – დანანებით უპასუხა გამყიდველმა.
” ეს ლეკვი მინდა ვიყიდო ” – თქვა აღელვებულმა ბიჭმა.
“არა ჩემო კარგო არ გირჩევ” – მიუგო გამყიდველმა. “ნამდვილად რომ ღირდეს გაჩუქებდი კიდეც, მაგრამ ძაღლი აშკარად ავადმყოფია”.
ბიჭი აშკარად გაბრაზებული ჩანდა. მან გამყიდველს თვალი ამაყად გაუსწორა და მკაცრი ხმით უთხრა:
“ეს ძაღლი ზუსტად იმდენივე ღირს რამდენიც დანარჩენი ლეკვები… გასაგებია ?! ახლა 3–ლარსა და 70 თეთრს მოგცემთ და ამდენივეს გადავიხდი ყოველთვიურად, ვიდრე საბოლოოდ არ გავისტუმრებ თქვენს ვალს…”
გამყიდველი შეცბა. “მართლა გსურს იყიდო ეს ძაღლი? ხვდები, რომ ვერასოდეს შეძლებს სირბილს და შენთან ერთად თამაშს? აბა დაფიქრდი, ხომ შეგიძლია უკეთესი არჩევანიც გააკეთო?!”
გამყიდველისდა გასაოცრად ბიჭი ძირს დაიხარა, ლეკვი ხელში აიყვანა, ხოლო მეორე ხელით შარვალი აიწია და გამყიდველს თავისი ფეხი აჩვენა. ბიჭს ფეხი ავარიისაგან საშინლად დასახიჩრებული ჰქონდა – ეტყობოდა აშკარად მძიმე შემთხვევა იყო.
“ძალიან კარგი, ექიმმა თქვა, რომ მეც ვერასოდეს შევძლებ სირბილს… პატარა ლეკვს კი აუცილებლად დასჭირდება ვინმე, ვინც გაუგებს!!!” – მიუგო ცრემლმორეულმა ბიჭმა მაღაზიის გამყიდველს.
ჩვენც, ყველას გვჭირდება ვინმე, ვინც გაგვიგებს და გვითანაგრძნობს…