Skip to content

იფიქრეთ "მწვანედ"

საქართველოს ისტორიული ძეგლებისა თუ უბრალოდ ლამაზი ადგილების მონახულებისას ყოველთვის თან დამაქვს ერთჯერადი ,,პარკები”, რომელიც სპეციალურად ნარჩენებისთვისაა განკუთვნილი. მე და ჩემი მეგობრები ვაგროვებთ მიმოფანტულ ნაგავს: ქაღალდებს, დიდი რაოდენობით პოლიეთილენის ბოთლებს, საკვებს და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ უსარგებლო ნივთს. შემდეგ მოგვაქვს უახლოეს სანაგვე ყუთამდე და ზოგჯერ მთელი გზა თბილისამდეც კი გვიტარებია იმის იმედით, რომ სადმე სანაგვე ყუთს აღმოვაჩენდით.
ვიცი, რომ ეს არ არის გამოსავალი და ყოველთვის ,,მოიძებნებიან” გარემოსა და ბუნებასთან მწყრალად მყოფნი, რომლებიც არას დაგიდევენ და ისევ გააგრძელებენ ნაგვის დაყრას აკრძალულ ადგილებში.
ამასთან დაკავშირებით ბევრი ვიკითხე და სასარგებლო ინფორმაციაც მოვიძიე, რომელიც დამეხმარა ჩემეული სტრატეგიის, დიახ, ბუნების დაცვასთან მიმართებით ხედვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. მინდა თქვენც გაგიზიაროთ, იქნებ საინტერესო აღმოჩნდეს, თქვენ სხვებს გაუზიაროთ და ერთმანეთის სწავლებით გავძლიერდეთ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში.
– დაუზარებლად ვავრცელებ ინფორმაციას, რომელსაც მოვიპოვებ ეკოლოგიისა და მისი დაცვის შესახებ, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალას, რათა გავუფრთხილდეთ ბუნებას, ნუ დავყრით ნაგავს და ნუ შევუქმნით საფრთხეს ეკოსისტემას.
– თუ უხვად მოგვეპოვება პოლიეთილენის ბოთლები და არ ვიცით, სად მოვათავსოთ, შევინახოთ თუ გადავყაროთ, შეგვიძლია მათი გონივრული გამოყენება: ა. გადავჭრათ და ჩავრგოთ ოთახის მცენარეები, ყვავილები, ბ. დავხვრიტოთ და გამოვიყენოთ ბაღში ყვავილების მოსარწყავად, გ. შევკრიბოთ ასეთი ბოთლები და გადავცეთ მათ, ვისაც ისინი ჭირდება შინამეურნეობაში, ამით მათაც გავახარებთ, რადგან მიზნობრივად გამოიყენებენ და ჩვენც შინ ადგილს გავათავისუფლებთ. დ. შეგვიძლია პოლიეთილენის ბოთლები გადავჭრათ და კედელზე მიმაგრებით მასში დახვეული ჟურნალ-გაზეთები მოვათავსოთ.
– ნუ გამოუცხადებთ ბრძოლას პოლიეთილენს და მის ნაწარმს, ებრძოლეთ მათ არაგონივრულ გამოყენებას. მაღაზიაში შესვლისას თან იქონიეთ საკუთარი ნაჭრის ჩანთა, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების იქნება და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ,,პარკს”.
– ეცადეთ გამოიყენოთ ერთ მხარეს შევსებული ფურცლები, დაწერეთ ან დახატეთ მეორე მხარეს, მას შემდეგ რაც ფურცლები ორივე მხარეს შეივსება, შეგიძლიათ მაკულატურაში ჩააბაროთ, რომელიც გადამუშავდება და ისევ სხვა რამ იწარმოება. ამით დაზოგავთ რესურსს.
– გახსოვდეთ, რომ ყველაფრის გამოყენება შესაძლებელია რაციონალურად!
– თქვენც ბუნების შვილი ხართ და მას მოფრთხილება სჭირდება!
– დაზოგეთ ამაზონის ტყეები!
… და ბოლოს, იფიქრეთ ,,მწვანედ”!
გამომგზავნი/ავტორი: ნუციკო