Skip to content

იმისათვის, რომ უკეთესი განწყობით იმუშაონ, ხშირად იხედებიან სარკეში და საკუთარ თავს უღიმიან

ეს TAXI 200-200-ის ოფისია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ე.წ. ,,ჩვეულებრივ’’ ადამიანებთან ერთად,უკვე რამდენიმე თვეა,მუშაობენ და თავს შესანიშნავად გრძნობენ. პროექტი 2015 წლის თებერვალში განხორციელდა და მას შემდეგ საკმაოდ აქტუალურ საკითხად იქცა. ამ თემაზე ვრცლად კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ხოფერია გვესაუბრება:

-როდიდან დაიწყეთ შშმ პირების თქვენს კომპანიაში აქტიურად ჩართვა?
-„დიდუბე პლაზაში“მუშაობა თებერვლიდან დავიწყეთ. იქიდან გამომდინარე, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა იყო საჭირო, ჩვენი ოფისი კი ამის საშუალებას არ გვაძლევდა, ფართის ძებნას გასული წლის შემოდგომიდან შევუდექით. სამწუხაროდ, მისი შოვნა ძალიან გაგვიჭირდა.

– ვისი ინიციატივა იყო შშმ პირების თქვენს კომპანიაში დასაქმება?
-ჩემი და ჩემი მეგობრის, ჩვენი მენეჯერის, გივი გვინჩიძის იდეა იყო. სხვა ქვეყნებში ვხედავ ქუჩაში ჩვეულებრივად, ეტლით მოსიარულე ადამიანებს. საქართველოში კი,სამწუხაროდ, ეს იშვიათია. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გარეთ  გამოვიდეს და ამისთვის არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს.

–  ვაკანსიების შესახებ განცხადება სად განათავსეთ  და როგორი სახის იყო?
– განცხადება Jobs.ge-ზე განვათავსეთ და მივუთითეთ, რომ პრიორიტეტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ვანიჭებდით.

– არ გიფიქრიათ, რომ შშმ პირებისთვის უპირატესობის მინიჭება შესაძლოა, ხალხსერთგვარ დისკრიმინაციად აღექვა?
-ჩვენ მათთვის ვიზრუნეთ, ამ პროექტს სწორედ შშმ პირებისთვის ვახორციელებდით. მათ ასწავლიდნენ არაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და იმუშავებდნენ მათთან ერთად, ადაპტირებულ გარემოში. საქართველოში, სამწუხაროდ, სამსახურები ჭირს. მოთხოვნა კი, დიდია. ჩვენ რომ არაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიგვეღო, აღარაფერი გამოვიდოდა.

– განცხადებას რამდენად აქტიურად ეხმაურებოდნენ?
– ძალიან აქტიურად გვეხმაურებოდნენ. ადამიანები სამსახურის საშოვნელად რეგიონებიდან გადმოდიან.  გვირეკავდნენ გორიდან, საგარეჯოდან .  ერთ-ერთი მათგანი აქ დასაქმებისთვის კახეთიდან გადმოვიდა.

– რთული იყო მათი სამუშოდ აყვანის პროცესი? უფრო სუბიექტურებიდა ჰუმანურები ხომ არ იყავით?
– ეს სუფთა ბიზნესია. ბიზნესი ჰუმანურობას ვერ აღიქვამს. შშმ პირების დასაქმება, თითქმის, ყველა სფეროშია შესაძლებელი, 95%-ში. ძირითადად, მათ ყველა საქმის გაკეთება შეუძლიათ. უბრალოდ, თქვენ უნდა მოუძებნოთ მიმართულება, დაავალოთ ის, რასაც უკეთ გააკეთებენ.
ვიღაცის მიმართ მეტად ჰუმანურობას ბიზნესი ვერ აიტანს. აქ არის ჩვეულებრივი მოთხოვნა და სიმკაცრე, ერთადერთი განსხვავებით: ჩვენ მათ ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ.

–  პირობების შექმნასაც თავისი დრო სჭირდება. რამდენ ხანს მიმდინარეობდა ეს პროცესი?
-როგორც აღვნიშნე, ადგილის პოვნას რამდენიმე თვე დასჭირდა.  პირობების შექმნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. საჭიროა კარის ღიობის 15-20 სმ-ით გაფართოება და ხელის მოსაკიდი სველ წერტილში. აი, ეს არის ის ადაპტირებული გარემო, რასაც ჩვენ ვეძახით.

– რა სახის დარღვევები აქვთ თქვენი კომპანიის თანამშრომლებს?
– აქ არიან  ეტლით მოსარგებლეები, სხვადასხვა შეზღუდვებით. Call ცენტრში მუშაობს ადამიანი, რომელსაც  ცერებრალური დამბლა აქვს და გაწელილი საუბრის მანერა. საშუალოდ, საქმეს 5 წამით მეტხანს ანდომებენ, თუმცა ძალიან კარგად ასრულებენ. შესაძლოა, გარკვევით ვერ საუბრობენ, მაგრამ მათ საუბარს ნამდვილად აღიქვამთ.

– ხშირად ამბობენ, რომ შშმ პირები  ,,ჩვეულებრივ’’ ადამიანებზე გაცილებითმოტივირებულები არიან. მართალია?
– დიახ, ისინი ძალიან მოტივირებულნი არიან.

– პროცენტულად რომ გვითხრათ, თქვენს ორგანიზაციაში დასაქმებულთა რა ნაწილიაშეზღუდული შესაძლებელობების მქონე ადამიანი?
– დაახლოებით 25-30%, ანუ 13 ადამიანია.

– რა შეცვალა შშმ პირების დასაქმებამ კომპანიაში?
– მას შემდეგ, ჩვენი სერვისის დონე ეტაპობრივად უმჯობესდება.

– ეს სამსახური მათთვის პირველია, თუ აქვთ რაიმე სახის სამუშაო გამოცდილება?
– ზოგიერთ მათგანს აქამდეც უმუშავია, რამდენიმეს პარალელურად სხვა სამსახურიც აქვს, თუმცა უმეტესობისთვის პირველია.

– სამუშაო რეჟიმში ჩაჯდომას რა დრო დასჭირდა, ხომ არ გაუჭირდათ?
-თავიდან ტრენინგები ჩავუტარეთ. ვინც კარგად აითვისა, ისინი დავტოვეთ.

– როგორ ფიქრობთ, მათი დასაქმება დიდი პასუხისმგებლობაა?
-პასუხისმგებლობა არის ის, გააგებინო დანარჩენ თანამშრომლებს, რომ მათ არანაირი მოფერება არ სჭირდებათ, თუმცა – არც გარიყვა. მთავარია, შშმ პირი გამოიყვანო გარეთ და ინტეგრირება  მოახდინო. ამით მათი ემოციური ფონი მცირდება.

–  მას შემდეგ, რაც თქვენი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ამას ხალხის მხრიდან მოჰყვა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კომენტარები. ზოგიერთი წერდა, რომ ეს იაფასიანი PR-ის ნაწილია – ამაზე რას იტყვით? რა იყო რეალურად თქვენი მიზანი?
-ჩვენ პიარი არ გვჭირდება, საკმაოდ გადატვირთული სამუშაო გვაქვს. აბსოლუტურად ყველა თუ არა, მომხმარებლის 40% უკმაყოფილოა იმით, რომ კარგ მომსახურებას ვერ ვუწევთ, ანუ ვერ ვაწვდით ტაქსებს გადატვირთული რეჟიმის გამო. ვიმეორებ,  რომ ეს არის დამსაქმებლებისთვის. ვაპიარებთ იმიტომ, რომ დამსაქმებლებმა ნახონ და არა მომხმარებლებმა. რაც მეტად გვაკრიტიკებენ, უფრო ფორმაში ვიქნებით და მომსახურების ხარისხსაც გავაუმჯობესებთ. ჩვენ ვვითარდებით, 6 ადამიანით დავიწყეთ თებერვალში და 13-მდე ავედით. თვეში 1 ადამიანის დამატება, ჩემი აზრით, ცუდი შედეგი არ არის.

-თქვენი აზრით, ეს იქნება მოტივაცია სხვა კომპანიებისთვის?
– დიახ, იქნება.როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ამაზე არავინ ფიქრობდა. ყველას ბლეფი და იაფასიანი PR ეგონა. ერთი, ან ორი დამსაქმებელი ხომ მაინც გაიზიარებს იდეას და რამდენიმე ადამიანს დაასაქმებს?! მთავარია, შედეგი დაიდოს. რაც ეს ადამიანები გავიცანი, მივხვდი, რომ არავის სჭირდება დღესასწაულებისთვის გადაცემული საჩუქრები. უმჯობესია, ადამიანს საშუალება მისცე, თავად გამოიმუშავოს საკუთარი ფული. ჩვენთან იყვნენ ადამიანები, რომლებსაც რაღაც კომპანიებში უარი უთხრეს, რადგან, რატომღაც, ეშინოდათ, რომ სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში, დისკრიმინაციაში დასდებდნენ ბრალს.

რაც მეტს ვისაუბრებთ ამის შესახებ, უმჯობესია. შარშან შშმ პირების დასაქმებაზე საუბარი არ მახსენდება და წელს,შესაძლოა, ჩვენი დამსახურებაც არის,რომ უკვე დაიწყო ამაზე საუბარი. კვირეული ჩატარდა, ვაკანსიები გამოცხადდა. ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი შსს აკადემიაში გადაიყვანეს. რაღაც ძვრები არის. მესმის სხვადასხვა მხრიდან, რომ შშმ პირების დასაქმების სურვილი აქვთ. მთავარია, პანდუსებზე დავინახოთ არა ჯიპები, არამედ ეტლებით მოსიარულე ადამიანები. იმედი მაქვს, რომ ბევრი შშმ ადამიანი გამოჩნდება ქუჩაში.

– თქვენ თუ გქონიათ დისკრიმინაციაში ბრალდების შემთხვევასთან საქმე?
– თავიდანვე ყველა გავაფრთხილეთ. მე არ მეშინია ბრძოლის, მომაკერებენ იარლიყს, თუ არა.  გაშვებასთან საქმე არ გვქონია, თუმცა ვინც საქმის ათვისება 1-თვიანი ტრენინგის შემდეგ ვერ შეძლო, დასაქმებაზე უარი ვუთხარით.

– როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან და სხვა თანამშრომლებთან?
– ერთად აღნიშნავენ დაბადების დღეებს. ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს აქ დასაქმებამდეც იცნობდა. ისინი სამსახურის გარეთაც იკრიბებიან. იღებენ მონაწილეობას ისეთ აქტივობებში, როგორიც ჯომარდობა და პარაპლანებით ფრენაა. რაც შეიძლება ხალხმრავალ გარემოში მინდოდა ფართის ქირაობა, იქ, სადაც დადებითი ემოციური ფონია. აქ იმდენი ხალხი არ მოძრაობს, რამდენიც გვინდოდა, თუმცა გახსნილი სივრცეა. ფარდა-ჟალუზები შეგნებულად არ გვაქვს, გვინდა, რომ გარესივრცესთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტი გვქონდეს.

-კრიტიკამ და უარყოფითმა კომენტარებმა თქვენს თანამშრომლებზე უარყოფითად ხომ არ იმოქმედა?
-რასაკვირველია,  რთულია, ადამიანს რაიმეს რომ ვერ აგებინებ. ზოგადად, ქალაქში უარყოფითი ემოციური ფონია, მძიმე ჰაერი. ადამიანები ერთმანეთს არ უღიმიან. მეტი ცოდნა გვჭირდება. ეს საფრთხილო თემაა. შესაძლოა, ადამიანებს გული დაუმსახურებლად დავწყვიტოთ.

-რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ შშმ პირებისთვის?
-მეტად უნდა ისაუბრონ მსგავს თემებზე, ყველა თემა განხილვადია. არანაირი განსხვავება არ უნდა იყოს. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვინ იქნება ყურმილს მიღმა. მთავარია, კარგი სერვისი იყოს.

Taxi Caller-ის შესახებ რას გვეტყვით? როგორც ვიცით, ეს  თქვენი სამომავლო გეგმაა იმ შშმ პირებისთვის, რომლებიც სახლიდან ვერ გადიან.
-Taxi Caller პროგრამაა, რომელიც საშუალებას  გვაძლევს, დავასაქმოთ ის ადამიანები, რომლებიც სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. მაგ.: ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფეხი მოიტეხა და ერთი თვის განმავლობაში სახლიდან ვერ გამოდიოდა. ჩავურთეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მუშაობა სახლიდან განაგრძო. ამ თვალსაზრისით, ჯერჯერობით დიდი ძვრები არ გვაქვს მაგრამ იმედია, გვექნება.

თქვენი სამომავლო გეგმები შესახებ მოგვიყევით…
– ჩვენი სამომავლო გეგმა ხალხის დასაქმების პროცესის გააქტიურებაა.  ეს რთულია, რადგან უშუალოდ სამუშაო პროცესში ჩართვამდე გვჭირდება ადამიანები, რომლებიც პროგრამას სახლში შეასწავლიან. არის რაღაცები, რაც ახსნას საჭიროებს. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ.

2 3 4 5

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა