Skip to content

„ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე“… პაოლო იაშვილის წერილი ქალიშვილს

„ცისფერყანწელების“ უბადლო წარმომადგენელი პაოლო იაშვილი არა მარტო ბრწყინვალე ლექსების გამოა სათაყვანებელი, არამედ იმ მამაცობის გამო, როცა ორლულიანი თოფიდან გასროლილი ტყვიით სიცოცხლე მოისწრაფა და ამით პროტესტი გამოხატა იმ საშინელი ყოფის წინააღმდეგ, რომელსაც „საბჭოთა კავშირი“ ერქვა.

„პოეტები საბჭოეთში თავს იკლავენ“- წერდა უცხოური პრესა.

ყველა პოეტი თავისებურად გრძნობს სიკვდილის მოახლოებას და პაოლოც, ალბათ, გამონაკლისი არ იყო. მან თავის მოკვლამდე რამდენიმე დღით ადრე საყვარელ ქალი-შვილს მედიკოს წერილი მიწერა:

“ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.

შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა.

მოამზადა:მარიამ ნებიერიძემ