Skip to content

ემოცია, მხოლოდ ნამდვილი სიყვარულისგან !

ამბობენ, ბედნიერებაში სილამაზეა და ღიმილით გამოიხატებაო. მართალია ღიმილი მიყვარს, თბილი და გულიდან წამოსული, როცა ბედნიერებისგან ისე იღიმი, რომ უცბად ხმამაღალ სიცილად წაგსკდება კაცს. ნაოჭები: შუბლზე, თვალებთან დაჭიმული ძარღვები და ბზინვარე კბილები ბედნიერებით აციმციმებული სიხარულისფერი თვალების სხივის ფონზე. ამბობენ ღიმილს დროს უყვარდებათო, რადგან ქალი ყველაზე ლამაზი მაშინაა, როცა იღიმისო…

მაგრამ რას იტყვით  აწითლებულ თვალებზე? ოდნავ შემცბარ სახეზე? მთრთოლვარე სხეულსა და აჩქარებული გულზე? ამოსუნთქვა წამში რამდენჯერმე, ცხვირიც ოდნავ ვარდისფერი, ლამაზი და  პატარა, დიდი გრძნობით დაშვებული ოდნავ  დაუცველი წყლის რგოლები ყვრიმალებზე და ისევ ამოსუნთქვა ზედიზედ რამდენჯერმე, ან  დარდისგან  ან  თითქოს შვების ჟანგბადის უკმარისობის გამო. ღიმილს არ ჩამოუვარდება, რადგან ბევრს ტირილის გამოც უყვარდებაო, არა ნაკლებ ლამაზია ქალი როცა მარგალიტისფრად იღვრება…

ახლა გათენდა, ცაზე ნაოჭებია: ტკივილის, სიხარულის, ბედნიერებისაც ისევე, როგორც მრავალგზაგამოვლილი მოხუცებული ქალის სახეზე. მაგრამ იქვე მზეცაა, რომელშიც მუდამ სიცოცხლეა, მუდამ სიყვარულია, როგორც თვალებში, რაც არ უნდა სევდიანი იყოს ის. წამწამები მზის სხივებივით სითბოს მფრქვეველი…

ბუნება ამით  ბედნიერია,ჩიტები თამამად იჭრებიან მზის შემხედვარე ღრუბლებში. მზე  გველსაც კი უყვარს, ისევე როგორც შაიტანს  მომაჯადოვებელი ღიმილი…

მაგრამ სულ სხვაა როცა წვიმს, როცა ცა ადამიანის ცოდვების ფერია. ხო, ხო,  ნაცრის-ფერია იმ ნაცრის გამწარებული ცეცხლის ბოლოს რომ რჩება და ადამიანები მოვქექავთ ხოლმე, რათა ყველაფერი “ცეცხლისფერი” ისევ თავიდან დავიწყოთ. წვიმა კი არ  წყდება, პირიქით ღრუბელს უფრო ძაბავს, თითქოს აქეზებს ცრემლი გიხდებაო. უფალი ხედავს სხვის ცოდვებს, ხედავს თუ როგორ ტირის ღრუბელი მზის გამო და არც ერთ უსამართლო ცრემლს არ შეარჩენს, რაც არ უნდა შვენოდეს მას ეს ტირილი ლამაზი ქალის მსგავსად!

სოფო ზურაბიანი