Skip to content
ეგონა ყველაფერი ოცნებით იწყებოდა და კინაღამ მეოცნებედ დარჩა, ვიდრე არ მიხვდა, რომ ნაოცნებარს რწმენაც უნდა შემატოს.
ეგონა დასარწმუნებლად ძალა არ ეყოფოდა, ვიდრე გაგულისებულმა არ გადაწყვიტა, რომ შეუძლებელი არაფერია.
ეგონა შესაძლებელს წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა, თუკი გულით მოინდომებდა, მაგრამ მარტო მონდომებითაც რას გააწყობდა, მიზანი თუ არ გააჩნდა.
ეგონა მიზნისკენ სავალ გზაზე ბარიერი არ შეხვდებოდა, მაგრამ ცხოვრება პერიოდულად მწარე გაკვეთილებს ასწავლიდა.
ეგონა შეცდომებზე ვისწავლეო და მაინც ზოგჯერ მოულოდნელობისგან პირდაღებული შესცქეროდა ადამიანთა უტიფრობას.
ეგონა აწი რაღა უნდა გამიკვირდესო და ერთ მშვენიერ დღეს ისეთი საოცარი რამ მოხდა, მივიწყებულ ოცნებაშიც რომ ვერ წარმოედგინა.
თურმე ის, რაც აქამდე საოცნებო ეგონა, შესაძლებლობით დაწყებულ მიზნად ქცეულა და რწმენისგან იმხელა ძალა მისცემია, რომ არ მომხდარიყო, საკვირველი ეგ უფრო იქნებოდა.
მას შემდეგ ამ რეალობით გაძლიერებულს მიზნისკენ სწრაფვა დააქვს გულით და ზუსტად იცის, ასე გაერთგულებულს ვეღარაფერი შეაბრკოლებს.
მზის სხივი დასთამაშებს მხარზე და გზას უნათებს.
ავტორი/მომწოდებელი: მაკო ჯაოშვილი, კომპანია Sevent-ის დირექტორი;