Skip to content

დილის პოზიტივი,როდესაც გული სიყვარულით გაქვს სავსე !

გავიღვიძე.დილის ნიავი შემოიჭრა ფანჯარაში და ისევ ვიგრძენი,როგორი ბედნიერი ვარ რომ შემიძლია ყოველდღე შევხვდე ღიმილიანი სახით  სამყაროს. წამოვდექი.სამზარეულოში გავფრატუნდი და ჩაიდანი ქურაზე დავდგი.გამახსენდა,რომ გუშინ ძალიან გემრიელად მეძინა.თავზე მეფარა ვარსკვლავებით მოჭედილი საბანი და სასიამოვნოდ გრილოდა ეზოში,აივანზე.თავიდან მხოლოდ ერთი ვარსკვლავი კიაფობდა ცაზე,შემდეგ კი აციმციმდნენ დანარჩენი ვარსკვლავები.გამიხარდა.მიხაროდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება და მინდოდა დიდხანს მეყურებინა მისთვის,მაგრამ შემდეგ ჩამეძინა.ტკბილად მეძინა. არც ერთი ხე არ შრიალებდა ჩემს ფიქრებში. არც ერთი მოგონება. მხოლოდ მშვიდი ცურვა.. ტალღები კი  ნაკვალევს ტოვებდნენ ქვიშაზე და მე მივუყვებოდი ნაპირს ფეხით და ვიცოდი,რომ ამისთვის ვიყავი გაჩენილი.იმისთვის,რომ ფეხით მევლო და მეფიქრა,მეოცნება და მეწერა ჩემი ამბები. სხვა არაფერი მინდოდა და მჭირდებოდა – ეს იყო ჩემი დასაწყისი და დასასრული.

ნაპირზე გროვდებოდნენ თოლიები და ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდნენ – რადგან სიზმრებიდან მხოლოდ მე მივდიოდი მათთან. თავზე გადავუსვამდი ხელს და ვეფერებოდი.
მე ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის.ვიცოდი,რომ ცხოვრება გულიდან იწყებოდა.გულში კი უნდა ჩამელაგებინა წიგნები,ყვავილები და ბალახები.აკი ასეც მოვიქეცი კიდეც.გულის ერთ მხარეს სიყვარული მქონდა,მეორე მხარეს ყველაფერი დანარჩენი.ასე ვცხოვრობდი.ასე დავდიოდი დედამიწაზე და რადგან სიყვარული უფრო მეტი მქონდა გულში,არაფრის აღარ მეშინოდა.