Skip to content

და სიზმრად ისევ შენს კონტურს ვნახავ…

გვიანია უკვე…
ძილის საათია…
ისე გვიანია ქუჩიდან ძაღლების წკავწკავიც შეწყდა,
უბნის ლოთებმაც მიიძინეს ჩართულ ტელევიზორებთან…
უკვე დამთავრდა ყველა ფერხბურთის მატჩი, აღარც ერთ არხზე გადის კინო…
ცისფერი ეკრანი შავ–თეთრი ციმციმა წერტილებით დაიფარა. მათში ალაგ–ალაგ გამოჩნდება თვალი, ან ყური, ან ასოები დაულაგებელ სიტყვებად…
ძილი არ მოდის…
ფიქრი ფიქრს ედება, ტვინში გროვდება, გულს აწვება, სულს ამძიმებს.
ნეტავ ამაღამ რა დამესიზმრება.
მოხვალ?
აქ მაინც..
არა! შენ არ მოხვალ და მე უაზროდ გავიხსენებ წარსულს…
გავიხსენებ ბაღში აყვავებულ იასამნებს, ბოდიალს თბილისის უსახელო ქუჩებში რომლებსაც თურმე დიდი სახელი და ისტორია აქვთ. ჩვენთვის კი ყოველთვის ქვაფენილიან ვიწრო ქუჩად დარჩება ცხნობისმოყვარე მაცხოვრებლებით…
გავიხსენებ და ისევ აფუსფუსდებიან მოხუცი ქალები როცა ჩვენ ერთმანეთში ჩაწნულები მათ სიახლოვეს გავივლით…
გავიხსენებ და ჩემსკენ მომზირალი თვალების სიმრავლისას ისევ გავწითლდები… “ნუ გრცხვენია ჩემი სიყვარულის”
გავიხსენებ და ისევ გამიხარდება მეტროსთან ჯუზეპეს ცეცხლოვანი თვალების ღიმილი. ისევ ვიმღერებთ ბიტლებს და ჩაწნულები დაველოდებით ბაქანზე მატარებელს… 1:48, 2:17, 3:19 “სულ არ მოვიდეს ნეტავ”…
გავიხსენებ და ერთ საღამოს ისევ დარეკავს ტელეფონი. ტაქსის მძღოლს დაუდევრად ჩავუყრი კალთაში მთელ ჩემს ხელფასს და კიდევ ერთხელ შევეხვეწები რომ კი არ იაროს, იფრინოს გზაზე…
გავიხსენებ და ისევ სწრაფად ავირბენ კიბეს, მაშინ არ დავთვლი საფეხურებს და გავშეშდები პალატის კართან… ცრემლი დაეცემა გაყინულ იატაკს… შენი ღიმილი–სასოწარკვეთილის ბოლოს მომიღებს… ავკანკალდები შენი ჩამქრალი თვალების ხილვისას
“ნუ გეშინია”…
გავიხსენებ და ისე ძლიერ მეტკინება გული, ამოგლეჯას ვინატრებ ისევ…
გავიხსენებ და ატირდებიან ტირიფები ეზოში…
გავიხსენებ და დაშრება ცრემლი ზღვისფერ თვალებში…
გავიხსენებ და მონატრებისგან დავიღრიალებ ისე მძლავრად, ისე ხმამაღლა რომ აღარასდროს დამიბრუნდეს ხმა ჩახლეჩილი… დაცარიელდეს თვალებში მზერა…
გავიხსენებ შენს თვალებს უძიროს, შენს მზერას ამოუცნობს, სითბოს შინაგანს და კიდევ ერთხელ გადავწყვეტ თავის მოკვლას, მონატრებით გაგიჟებულს კიდევ ერთხელ შემეშინდება შენთან განშორება მარადიული და ისევ ფრთხილად გადმოვაბიჯებ რკინის მოაჯირს…
მე ვერასოდეს შევეგუები უშენობით გამოწვეულ სიცარიელეს, ჩვენს მოგონებებს ჩავყრი მასში და ილუზიით სავსეს თან წავიოლებ ყველა ნაბიჯზე…
გაგიხსენებ და ყოველთვის ჰაერში შემოვხაზავ შენი სახის კონტურებს რომლებიც თვალზე მეტად ჩემს თითებს ახსოვთ…
დამესიზმრე, რომ ხვალ უფრო სრულყოფილი დაგხატო..
ჩანახატის გამომგზავნი: Purple-Girl