Skip to content

გოდერძი ჩოხელი: რატომ ტირის ადამიანი?

– რა გატირებს?
– რაღაც გამახსენდა…
– მაინც?
– აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…
– მერე, რა გატირებს?
-ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო…
– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…
– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
– არ მინდა…
– რატომ?
– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…
– მერე შენ ამის გეშინია?- შენ არ გეშინია?!
– რისი უნდა მეშინოდეს?!
– დასასრულის…
– დასასრული არ არსებობს..
– როგორ თუ არ არსებობს?!
-რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი…
– მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?
-ეშინიათ და იმიტომ…- რისი ეშინიათ?
– დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის…
– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია…
– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!
– მაშ, რატომ?
– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით…
– ეგ რამ გაფიქრებინა?
– ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით…
– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს…
– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?- არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი…-იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა…- მერე აღარ იტირებს?
– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.
– დაწერე რა..
– რა?- მოთხრობა დაწერე ჩემზე…
– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
– არა. იცი, როგორ დაწერე?
– როგორ?
– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს…
– მერე?
– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..
– მერე?
– ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?…..
დავწერე…