ქვემოთ მოყვანილი ტექსტი არის უნგრელი ბლოგერის იაკაბ ანდორის 2011 წლის 27 ივლისის პოსტის თარგმანი. პოსტი ეხება დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს და ფბ პოსტების ბოლო ტრენდმა გამახსენა ეს პოსტი და გამიჩინა მისი თარგმნის სურვილი.
ავტორის კომენტარი: ეს არის 2011 წლის 27 ივლისის ორიგნალური უნგრული პოსტის “Tőlem ezért nem kapsz munkát“ თარგმანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტმა შეაჯანჯღარა უნგრული ბლოგოსფერა და 90 000 ფბ ლაიქი დააგროვა – უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. პირიქით, ახლა (2012 წელი – თარჯიმანის შენიშვნა) გაცილებით უარესადაა საქმე. ყველა საერთაშორისო მკითხველს, აქ ჩვენთან, 760 ევრო ხელფასი უმრავლესობისთვის საოცნებოა. ექიმებიც კი კარიერის დასაწყისში ამ თანხის ნახევარზე ნაკლებს თუ შოულობენ. ფასები კი ისეთივეა როგორც ყველგან.
აი რატომ არ აგიყვანთ სამსახურში.
თქვენ იმუშავებდით ჩემ მომსახურების სფეროში მოქმედ კომპანიაში კარგ ოფისში. ეს არაა ტელემარკეტინგი, ეს არაა თაღლითობა. ეს იქნებოდა სერიოზული სამუშაო, რომელსაც სჭირდება მაღალი კვალიფიკაცია, დღეში 8 საათი, მხოლოდ სამუშაო დღეებში. მე აგიყვანდით სამსახურში შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით, გადავიხდიდი გადასახადებს და სოციალურ უზრუნველყოფას (შეგახსენებთ, ტექსტი უნგერთზეა დაწერილი – თარჯიმნის შენიშვნა). ასეთ პირობებზე 12 ადამიანს ავიყვანდი და მათი ხელზე ასაღები ხელფასი 760 ევრო იქნებოდა, მაგრამ მე ამას არ ვიზამ და ავხსნი რატომ.
მე არ ავიყვან სამუშაოდ ქალს.
მიზეზი ძალიან მარტივია: ქალები მშობიარობენ. მე არ მაქვს უფლება ვკითხო მას აპირებს თუ არა ბავშვის გაჩენას და რომც მქონდეს ეგეთი უფლება, მას შეუძლია განზრახ მომატყუოს ან თუნდაც უბრალოდ გადაიფიქროს შემდგომში.
არასწორედ არ გამიგოთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასთან რომ ქალები მშობიარობენ. მეც ასე დავიბადე და ჩემი შვილებიც. მე არ ავიყვან სამუშაოდ ქალს, იმიტომ რომ როცა ის დაორსულდება მას ეკუთვნის 3 წლიანი დეკრეტული შვებულება, რომლის განმავლობაშიც მე მისი სამსახურიდან გაშვება არ შემიძლია. იმ შემთხვევაში თუ ორი შვილის გაჩენა სურს, დეკრეტული შვებულება 6 წელს გაგრძელდება.
ცხადია სამუშაო მაინც გასაკეთებელია და მე მომიწევს ავიყვანო ვინმე, ვინც მის მაგივრად იმუშავებს ვიდრე დეკრეტული შვებულება გრძელდება. მისი გაშვება არა მარტო დეკრეტულის დროს არ შემიძლია, არამედ მაშინაც როცა ის დაბრუნდება. ასე რომ მე მომიწევს გავუშვა ის ადამიანი ვინც მის ნაცვლად მუშაობდა. როცა ქალი დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნდება კანონი მავალდებულებს მას ხელფასი გავუზარდო მისი თანამდებობის მიმდინარე დონემდე. გარდა ამისა ვალდებული ვარ მივცე მას „დაგროვებული“ შვებულება, ანუ როცა სამსახურში დაბრუნდება შეუძლია დაიწყოს 2-4 თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით.
კიდევ მე არ ავიყვან სამუშაოდ 50 წელს გადაცილებულებს.
ეს იმიტომ კი არა, რომ რაიმე პრობლემა მაქვს ყველაზე გამოცდილ პროფესიონალებთან. მე მათ არ ავიყვან იმიტომ რომ ისინი მალე „დაცულ ასაკს“ მიუახლოვდებიან და მე იგივე მახეში ავღმოჩნდები რაც ქალის სამუშაოდ აყვანისას. „დაცული ასაკის“ თანამშრომლების გაშვება არ შეიძლება და მე მომიწევს გადავუხადო მათ ხელფასი მიუხედავად იმისა როგორ მუშაობენ, მაშინც კი თუ მუშაობენ ცუდად. ასეთ თანამშრომელს ვერ გავუშვებ, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა შეასრულოს მისი გასაკეთებელი საქმე, ასე რომ მომიწევს მის სანაცვლოდ სამუშაოდ ვინმეს აყვანა. პრობლემა არ მაქვს რომ 50-ს გადაცილებული თანამშრომლები დაცულები არიან, უბრალოდ მე ეგეთს სამსახურში არ ავიყვან.
სამუშაოდ ავიყვან მხოლოდ 25-50 წლის მამაკაცებს.
მათი სამუშაოდ აყვანაც სარისკოა, იმიტომ რომ მათი გათავისუფლებაც არ შემეძლება თუ რაიმე მიზეზით (არასაკმარისი შემოსავალი მაქვს ან არ მომწონს როგორ მუშაობენ) მაგის სურვილი გამიჩნდება. დიდი ალბათობით სასამართლოში წავლენ და საქმეს მოიგებენ კიდეც, მაგრამ ამ რისკს გავუმკლავდები.
თქვენ მე 1572 ევრო „დამიჯდებით“.
ეს ცხრილი შედგენილია 2011 წლის მონაცემებით www.nettober.com საიტის ხელფასის კალკულატორის მიხედვით. როგორც ხედავთ თქვენი 760 ევრო ხელფასი მე დამიჯდება 1572 ევრო. ერთადერთი გამოსავალი რომ სახელმწიფოს ორმაგი მოგება ნაკლები იყოს არის თუ ნაკლებს გადაგიხდით. ნაკლებს მე არ გადაგიხდით, იმიტომ რომ ჩემი აზრით 760 ევროზე ნაკლები შემოსავლით თქვენ ღირსეულად ცხოვრებას ვერ შეძლებთ, დაგეწყებათ დეპრესია, გაინადგურებთ ცხოვრებას, ჩემს კომპანიასაც და შეიძლება მეც მიმაყოლოთ. ასე რომ ნაკლებ ხელფასზე თანაშრომლის აყვანა არ მინდა.
მხოლოდ უნგრეთშია ასეთი ვითარება:
ეს გრაფიკი Deloitte-ს კვლევის მიხედვითაა შედგენილი. როგორც ხედავთ, ყველგან სხვაგან სახელმწიფო იღებს შემოსავლის ნახევარზე ნაკლებს. გამაღიზიანებელია, რომ მე თქვენ 1500 ევროზე მეტს გიხდით, მაგრამ თქვენ ამ თანხის მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს ღებულობთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო მომსახურება რომელსაც თქვენ ღებულობთ არაფრით არ ჯობია იმას რასაც ღებულობს მინიმალური პაკეტის მომხმარებელი.
აგრეთვე უნდა გავითვალისწინო, რომ 35 წლის თანამშრომელს ეკუთვნის წელიწადში 25 დღიანი შვებულება. ეს ნიშნავს, რომ 1 თვის განმავლობაში ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს. მე თუ მჭირდება 12 თანამშრომელი, გამოდის რომ 13 უნდა ავიყვანო იმის გათვალისწინებით, რომ დროის ნებისმიერ მომენტში ვიღაცა შვებულებაშია გასული.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მაინც აგიყვანდით სამუშაოდ.
მე გამბედავი ბიზნესმენი ვარ. ბიზნესმენები რისკავენ, ასე რომ მე გავრისკავ და გავყიდი ჩემ ბინას და ნაქირავებში გადავალ. იმედია რომ ბინის გაყიდვიდან მიღებული 90 000 ევრო საკმარისი იქნება. თამამად დავიწყებ ჩემს ბიზნეს და რამე თუ არ აიწყო (რაც სტარტაპებს ხშირად მოსდით) ტირილს არ დავიწყებ.
ჩემი კომპანია მომხმარებლებს ბრწყინვალე სერვისს შესთავაზებს, ისეთს რომელიც შეუძლებელი იქნებოდა შრომის ღირსეული პირობების გარეშე. 13 თანამშრომელს ავიყვან – 12 მუდმივ სამუშაოზე და ერთს შვებულებაში გასულის ჩასანაცვლებლად. ჩემი ჩათვლით 14 ადამიანი იმუშავებს კომფორტულ კარგად მოწყობილ 158 კვ. მ. ოფისში. ეს მე დამიჯდება 10 ევრო 1 კვ.მ პლუს 3.5 ევრო კვადრატულზე კომუნალური გადასახადებისათვის. ჯამში 2133 ევრო თვეში.
ესეც ჩემი ყოველთვიური ხარჯი:
ოფისის ქირა – 2133 ევრო
ხელფასები – 13 X 1572 = 20 436 ევრო
სხვა ხარჯები (ბუღალტერია, მარკეტინგი და ა.შ.) – 3058 ევრო
სულ – 25 627 ევრო
საკმაოდ მძიმეა ყოველთვიურად გადასახდელად, არა? ამდენის გადახდა მომიწვეს ყოველთვიურად, შემოსავლის მიუხედავად, კარგ თვეებშიც და ცუდ თვეებშიც. ზაფხულის მკვდარ სეზონშიც და საშობაო პერიოდშიც როცა სამუშაო გაცილებით ნაკლები იქნება.
დიდი ალბათობით კომპანია ვერ გაყიდის თვეში 1000 საათ მომსახურებაზე მეტს. ანუ იმისათვის, რომ „ნოლზე გავიდე“ ჩემი ფასი უნდა იყოს 25267 / 1000 = 25 ევრო საათში, მაგრამ ეგ საკმარისი არაა, მოგებაც მინდა.
ხარბი არ ვარ, თან ბაზარიც დიდი არაა, ასე რომ 20% მარჟას დავადგენ. ეს ჩემ საათობრივ ფასს აწევს 30 ევრომდე, იკითხება „30 ევრო პლუს დღგ“ – 37.5 ევრო. დავამგრვალებ ქვევით და გამოდის რომ კლიენტებმა უნდა გადაიხადონ 37 ევრო ჩვენი მომსახურების ერთ საათში.
ამ თანხიდან 7 ევროს პირდაპირ იღებს სახელმწიფო, 30 – კომპანიის შემოსავალია. მე ოპტიმისტი ვარ, ჩვენი მარკეტინგი სასწაულებს შვრება, ჩემი გეგმები იდეალურად სრულდება და თვეში 1000 საათს ვყიდით. ბიზნესი მუშაობს და მე კმაყოფილი ვარ ჩემი თანამშრომლებით.
ეს აგენერირებს კომპანიის შემოსავალს 1000 X 30 = 30 000 ევროს ოდენობით.
4373 ევრო არის მოგება. მე შემიძლია საკუთარ თავს გადავუხადო 2446 ევრო ხელფასი, რაც კომპანიას 3144 დაუჯდება. ამ თანხიდან 1521 ევროს მე ხელზე მივიღებ (ჩემ თანამშრომლებზე ორჯერ მეტს), კომპანიის მოგება ასეთ შემთხვევაში შეადგენს 1229 ევროს გადასახადების გადახდამდე. კომპანიის მოგებიდან 122 ევროს გადავიხდი მოგების გადასახადს და ადგილობრივ ბიზნეს გადასახადს 2% რაც შეადგენს 600 ევროს. ბოლოს, კომპანიას თვეში 507 ევრო დარჩება.
მე თვეში 1521 ევრო მექნება, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მე ჩემი 90 000 ევროდ შეფასებული ბინა გავყიდე და ჩავდე ეს თანხა საქმეში. ასე რომ მე მომიწევს ვიქირაო ბინა მინიმუმ 300 ევროდ რომ ქუჩაში არ დავრჩე. მორიდებულად ვიცხოვრებ, ბევრს არ დავხარჯავ, ჩემს მეუღლესაც ექნება შემოსავალი. ფულის სახარჯად არც დრო მექნება, იმიტომ რომ ჩემი თანამშრომლებისგან განსხვავებით ყოველდღე 12 საათს ვიმუშავებ, მათ შორის უქმე დღეებშიც. ამგვარად მე თვეში 900 ევროს დავაგროვებ, ანუ ჩემი 90 000 ევროს დაბანდებას 100 თვეში დავიბრუნებ. 9 წელი დამჭირდება იმისთვის, რომ დაბანდებული ფული დავიბრუნო და შევძლო ისევ ვიყიდო ბინა. ამის მერე ასე ხელმომჭირნედ აღარ ვიქნები, ქირის გადახდა აღარ მომიწევს და არც დაგროვება. ევროპელივით ვიცხოვრებ.
ამ გარემოებების გამო, მგონი საკმაოდ ნათელია, რომ მაინცდამაინც არ მაქვს დიდი სურვილი ბინა გავყიდო და ახალ კომპანიაში ჩავდო ფული.
და აი ის ოთხი მიზეზი რატომაც გადაჭრით უარს ვიტყვი ამ იდეაზე:
- კონკურენტები ყიდიან იგივე სერვისს, არალეგალურად, ბანძ პირობებზე სულ რაღაც 9 ევროდ საათში. ფულს უბრალოდ ჯიბეში იდებენ, ქვითრის გარეშე, დღგ-საც კი არ იხდიან. არ იღებენ არანაირ პასუხისმგებლობას, არ არსებობს არანაირი გარანტია. ოფიციალურად არაფერს აკეთებენ. ოფიციალურად მათ არსებობის რაიმე კვალიც კი არ არსებობს. მათ არ სჭირდებათ არც ოფისის ქირა არც ბუღალტერია, დღეში 5 საათის დახარჯვით მარტივად შოულობენ 1000 ევროს. ისინი არც კი შეაფურთხებენ ჩემ ვაკანსიას 760 ევრო ანაზღაურებით, სადაც მათ სამსახურში დროულად მოსვლა და მაღალი პროფესიული სტანდარტებით კეთილსინდისიერად შრომა მოუწევთ, სადაც არავინ დაუშვებს რომ მათ კლიენტი მოატყუონ ან თუ მოატყუებენ – სამსახურიდან გავუშვებ.
- კონკურენტები მოაწყობენ კამპანიებს ჩემი დისკრედიტაციისთვის. შეიძლება ანტიკაპიტალისტური კამპანიაც მომიწყონ და ხარბ ნაძირალად გამომიყვანონ, რომელიც 37 ევროს ითხოვს იმაში რასაც სხვები 9 ევროდ აკეთებენ. მე გავხდები უნგრეთის მშვენიერი ხალხის მტერი, სანამ სხვები პატიოსნად მუშაობენ ჩემი ფასის მცირე წილისთვის.
- ჩემმა თანამშრომლებმა შეიძლება ჩემთან მუშაობა მხოლოდ იმისთვის დაიწყონ, რომ ჩემი ბიზნეს საიდუმლოება გაიგონ და კლიენტები მომპარონ. ისინი მათ შემოიტყუებენ იმით რომ ვითომ და იგივე ხარისხს და სამუშაოს მოცულობას შესთავაზებენ ნაკლებ ფასად. მას შემდეგ რაც საკმარის კლიენტს მომპარავენ შეიძლება ჩათვალონ რომ მშვენიერი გადაწყვეტილებაა ავნონ კომპანიას, რომ ამის გამო სამსახურიდან გავუშვა. შემდეგ წავლენ სასამართლოში, სადაც მიჩივლებენ იმისთვის რომ უკანონოდ გავუშვი სამსახურიდან და საქმესაც მოიგებენ. ამასთანავე მშვიდად იმუშავებენ ჩემ მოპარულ კლიენტურასთან, რომლის შეკრებაც მე ძვირი დამიჯდა. და რა თქმა უნდა კიდევაც ნაწყენები იქნებიან, ყველანაირ ფორუმზე მოყვებიან რომ ჩემთან მუშაობდნენ და იციან რასაც ლაპარაკობენ და რომ მეძვირე ვარ და ჩემი ხარისხიც ნაგავია.
- ამაზე ჩივილს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველას კიდია.
აი ესაა ის მიზეზი რატომაც არავინ ამყავს სამუშაოდ. მე მგონია, რომ ბევრი სხვა ბიზნესმენიც, ვისაც საქმე დაუწყია იგივე მიზეზების გამო არავის დაასაქმებს. ესაა მიზეზი რატომაც სულ უფრო მეტი ადამიანია უმუშევარი, ნაკლები სერვისი და საქონელი იყიდება, ნაკლები დღგ-ს გადახდა ხდება. ამიტომაა რომ სულ უფრო ნაკლები წესიერი კომპანიაა, რომელსაც ოფიციალურად აყავს თანამშრომლები, რომელიც იხდის გადასახადებს, ნაკლები ფულია სახელმწიფო სოციალური პროგრამებისთვის და ამიტომაა რომ ეს სოციალური დახმარება მალე კონცენტრაციულ ბანაკებს დაემგვანება.
მე დაგასაქმებდით მხოლოდ მაშინ, თუ:
- მე შემეძლება სამსახურიდან გაგიშვათ, მაშინ როცა მინდა
- დღგ დაიწევს 20%-მდე ან უმჯობესია 15%-მდე
- სახელმწიფო აიღებს „სულ რაღაც“ 30% თქვენი ფულისა
- მაღალი შემოსავალი ექსპონენციურად თუ არ დაისჯება
- სახელმწიფო დასჯის კორუპციას და არა წესიერ კომპანიებს.
სანამ ეს არ შეიცვლება, მე არავის დავასაქმებ. სანამ სახელმწიფო არ აღმოფხვრის კორუფციას ყველა შესაძლო ფორმით, მე არ დავიწყებ ბიზნესს და არ დავასაქმებ ადამიანებს.
თარგმანი: მერაბ წიკლაური