Skip to content

ადამიანთან მოქცევის დიდი საიდუმლო – დეილ კარნეგი

მსოფლიოში მხოლოდ ერთი გზა არსებობს ვინმე რომ რაიმეს გაკეთებაში დაარწმუნო. ოდესმე ამის შესახებ გიფიქრიათ? დიახ, ერთადერთი ხერხი. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს უბიძგო ამ საქმის გაკეთება მოუნდეს.
გახსოვდეთ, სხვა გზა არ არსებობს. რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ ადამიანი აიძულოთ თავისი საათი მოგცეთ, თუკი რევოლვერს მიაბჯენთ. განთავისუფლების მუქარით შეგიძლიათ თქვენს თანამშრომლებს მუშაობა აიძულოთ და ისინი ამას გააკეთებენ, სანამ მათ თვალს არ მოეფარებით. მაგრამ ეს უხეში მეთოდები იწვევენ უაღრესად არასასურველ შედეგებს.
ერთადერთი ხერხი, რომლითაც რაღაცის გასაკეთებლად შემიძლია დაგარწმუნოთ- ესაა იმის შემოთავაზება, რაც თქვენ გსურთ.
ზიგმუნდ ფროიდი აღნიშნავდა, რომ თითოეული ჩვენგანის მოქმედებას აქვს მიზეზი და ეს არის დიდ ადამიანად ყოფნის სურვილი, საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნების სურვილი.
ისტორიამ ბევრი მაგალითი შემოგვინახა, თუ როგორ იბრძოდნენ ცნობილი ადამიანები ამგვარი გაცნობიერების მოსაპოვებლად. თვით ჯორჯ ვაშინგტონსაც კი უნდოდა მისთვის ეწოდებინათ “თქვენო უდიდებულესობა შეერთებული შტატების პრეზიდენტო”, კოლუმბი კი მოითხოვდა მისთვის მიენიჭებინათ “ოკეანის ადმირალისა და ინდოეთის ვიცე მეფის” ტიტული. ეკატერინე დიდი უარს ამბობდა წერილების გახსნაზე, თუ არ მიმართავდნენ :”თქვენო უდიდებულესობა იმპერატორო”. მისის ლინკოლნი, თეთრი სახლის დიასახლისად ყოფნის დროს, ვეფხვივით ეცა მისის გრანტს და წამოიყვირა: “ჩემი თანდასწრებით როგორ ბედავ დაჯდომას, ვიდრე მე არ შემოგთავაზებ!” მისის მაკ-კინლი აიძულებდა თავის მეუღლეს აშშ-ს პრეზიდენტს სახელმწიფო საქმეები გვერდზე გადაედო და მის გვერდით მჯდარიყო როცა იძინებდა ან სტომატოლოგის სავარძელში იჯდა.
საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ გახადა ადამიანი საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნებამ მსოფლიო ვარსკვლავად გახლავთ სტივ მორისი. რამოდენიმე წლის წინათ, როცა პატარა სტივი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, მასწავლებელმა ქალმა სასკოლო ოთახში თაგვის დაჭერაში დახმარება სთხოვა. მან ამით ბავშვში აღიარა იშვიათი ნიჭის არსებობა, რომელსაც კლასში არავინ ფლობდა. მას იშვიათად მახვილი სმენა ჰქონდა, რომელიც სუსტ მხედველობას უკომპენსირებდა. როგორც თავად იხსენებს, სწორედ ეს შემთხვევა დაეხმარა მას ახალი ცხოვრების დაწყებაში. სტივმა თავისი ტალანტი განავითარა, სრულყო და გახდა 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი, სცენური ფსევდონიმით სტივ უანდერი.
თქვენი მოწონება პატიოსნად და გულახდილად გამოთქვით, დაეხმარეთ ადამიანებს საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნებაში. იქნებ სადღაც გენიოსი იმალება.
ავტორი: დეილ კარნეგი; გამომგზავნი: თამუნა თურმანიძე;